ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ გასხვისების ფარული საფრთხეები

22 მაისი, 2012 • 2489
„საქართველოს რკინიგზის“ გასხვისების ფარული საფრთხეები

“ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის” ექსპერტი შოთა მუღულია შიშობს, რომ აქციების ლონდონის ბირჟაზე გატანით სტრატეგიული ობიექტის შეფარვით გაყიდვის პროცესი იწყება:

„აქციების ლონდონის ბირჟაზე გატანა  ნელ–ნელა, შეფარვით გაყიდვას ჰგავს. მთავრობაში დიდ ნაწილს მიჩნია, რომ სტრატეგიული ობიექტი მოძველებული ფრაზაა და ყველაფრის გაყიდვა შეიძლება. ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტის ცნება უნდა არსებობდეს, რადგან კონფლიქტი გვაქვს მეზობელ სახელმწიფოსთან და  „საქართველოს რკინიგზის“  შესყიდვით რუსეთია დაინტერესებული“.

მურღულიას შეფასებით,  ლონდონის ბირჟაზე „საქართველოს რკინიგზის“  აქციების გაყიდვის პროცესი ვერ გაკონტროლდება:

„აქციების გაყიდვა ნიშნავს  საკუთრების უფლების გადაცემას  სუბიექტზე. ვინ იქნება მყიდველი, ამას ვერ  გავაკონტროლებთ. კომპანიის აქციები შესაძლოა ერთი ფინანსური ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში აქციების 51 პროცენტი დარჩება, ინვესტორი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.“

მურღულიას შეფასებით, სტრატეგიული ობიექტის აქციების გასხვისება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება:

„მთავრობა ცდილობს, საარჩევნოდ დამატებითი სახსრები მოიზიდოს.“

„ჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაითის“  დირექტორი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ   25 –პროცენტიანი წილის გასხვისების მიზეზი „თბილისის შემოვლითი რკინიგზის “ პროექტია:

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკმა” უარი თქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე, რის გამოც კომპანიამ დამატებით 100 მილიონი დოლარი უნდა მოიზიდოს. ამ საჭიროების მიუხედავად, რკინიგზის 100 პროცენტის გასხვისება დაუშვებელია, რადგან არსებობს ინტერესები რუსეთის მხრიდან. საკონტროლო პაკეტის დასაკუთრების შემთხვევაში, შესაძლოა, ტარიფების გაზრდით ან სხვა ტიპის ქმედებებით მოხდეს  გადაზიდვების პარალიზება.“

“ლეიბორისტული პარტიის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი “საქართველოს რკინიგზის” 25 პროცენტის ლონდონის ბირჟაზე გატანას ხელისუფლების ბიზნეს-ინტერესებს უკავშირებს. მისი თქმით,  სტრატეგიული ობიექტის დაპატრონება პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას სურს:

“ალასანია ამ დრომდე არაფორმალურად კურირებდა რკინიგზას. ამ აფიორის განხორციელებას აპირებენ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით.”.

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ “საქართველოს რკინიგზას” თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს:

“რუსეთმა უკვე ჩაიგდო ხელში სომხეთის რკინიგზა და აკონტორლებს “საქართველოს რკინიგზის” აფხაზეთის მონაკვეთს.”

„რუსეთის სარკინიგზო კომპანია“ საქართველოს რკინიგზის შეძენით 2006 წელს დაინტერესდა. ეს ინფორმაცია „ნეზავისიმაია გაზეტამ“ გაავრცელა. საქართველოს მთავრობა რუსულ მხარესთან  ამ საკითხზე  ფარული მოლაპარაკებების არსებობას დღემდე უარყოფს.

საქართველოს რკინიგზა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც უმოკლესი გზით ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. რკინიგზის მშენებლობა 1887 წელს დაიწყო და 1944 წელს დასრულდა. საქართველოს რკინიგზის საერთო სიგრძე 2344, 2 კილომეტრია. 2012 წლის 12 აპრილს შპს ”საქართველოს რკინიგზა” სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.

“საქართველოს რკინიგზის“  25 პროცენტიანი წილის შემცველი აქციების ლონდონის ბირჟაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია “როიტერმა”  16 მაისს გაავრცელა. როიტერის ცნობით, ლონდონის ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” გასაყიდი აქციების წილის ღირებულება 200-დან 250 მილიონ აშშ დოლარამდეა. გარიგება ლონდობის საფონდო ბირჟაზე 24 მაისს დაიწყება.

“საქართველოს რკინიგზა“ „როიტერის“ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. კომპანიის პესსამსახური ირმა სტეფნაძე ამბობს, რომ ინფორმაციის მოძიების პროცესშია.

კომპანიის სამთვალყურეო საბჭოში აცხადებენ, რომ „რკინიგზის“ აქციების  25 პროცენტის ლონდონის ბირჟაზე განთავსებით კომპანიის სააქციო კაპიტალში დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვა ხდება:

„კომპანიის დაფინანსება შეიძლება მოხდეს, როგორც სასესხო, ისე წილობრივი კაპიტალით. „საქართველოს რკინიგზის“ აქციების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომპანიის მფლობელი,“ – აცხადებენ სამეთვალყურეო საბჭოში.  

შპს „საქართველოს რკინიგზის“  100 პროცენტი ამ დრომდე სახელმწიფო მფლობელობაშია.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო რჩება. ლონდონის ბირჟაზე აქციების 25 პროცენტის გატანით   რკინიგზის მართვის საკითხში არსებითად არაფერი შეიცვლება.

„ჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაითის“  დირექტორი ირაკლი ლექვინაძე მთავრობას სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებს:

„ინგლისსა და ესტონეთში რკინიგზით მგზავრობა 100 პროცენტის გასხვისების შემდეგ გაძვირდა. ამ ქვეყნების მთავრობები აღიარებენ, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა სტრატეგიული ობიექტის 100 პროცენტი გაყიდა. გერმანიაში კი რკინიგზის გასხვისების შესახებ მთავრობა 50 წელია მსჯელობს და გადაწყვეტილება ვერ მიუღია, რაც ამ ობიექტის მნიშვნელობაზე მიუთითებს.”

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რმა ნი­კა გი­ლა­უ­რმა გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე გას­ხ­ვის­დე­ბა მხო­ლოდ მი­ნო­ტა­რუ­ლი პა­კე­ტე­ბი. არც ერ­თი კომ­პა­ნი­ის მე­ნეჯ­მენ­ტი არ გა­და­ე­ცე­მა სხვას და აქ­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც სა­ხელ­მ­წი­ფო მფლო­ბე­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე უკ­ვე ორი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დი ბრუ­ნავს – “სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის” აქ­ცი­ე­ბი და  „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის” 250 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ხუთ­წ­ლი­ა­ნი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი.

ლონდონის ბირჟაზეა განთავსებული სა­ქარ­თ­ვე­ლოს სახელმწიფოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მთავრობამ 2008 წელს გა­მო­უშ­ვა.

„საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +”-ის დამფუძნებელი, დავით ასლანიშვილი  ამბობს, რომ, “რაც უფრო მეტი ქართული კომპანიის აქციები იქნება ტრანსფარენტული საფონდო ბირჟაზე, შესაძლებელი იქნება აქციების განთავსებით კომპანიების რეალური საბაზრო ღირებულების დადგენა. რკინიგზის 25 პროცენტის გაყიდვა მისასალმებელია, თუ ადეკვატური ფასი იქნება შეთავაზებული. საქართველოს რკინიგზა იქნება საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე საერთაშორისო კომპანია. მთავარია, მისი საკონტროლო პაკეტი არ გაიყიდოს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი