ეკონომიკა

მთავრობის ცნობით, EBRD “რუსთავის აზოტს” 155 მილიონი დოლარს გამოუყოფს

20 ივლისი, 2016 • 1766
მთავრობის ცნობით, EBRD “რუსთავის აზოტს” 155 მილიონი დოლარს გამოუყოფს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კომპანია “რუსთავის აზოტს” 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანზაქციაა კერძო სექტორის მიმართულებით და გაზის მონეტიზაციის ძალიან მსხვილ პროექტს ითვალისწინებს.

“საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენელთან ერთად დაფინანსებული უპრეცენდენტოდ დიდი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელშეკრულება, რომელსაც EBRD-ის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ და ბიზნესმენმა, Loyal capital Group S.A. – ს დამფუძნებელმა და “რუსთავის აზოტის” მფლობელმა რომან ფიფიამ მოაწერეს ხელი.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ექსპორტზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც მყარი ეროვნული ვალუტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ პროექტს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აქვს და ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. ჩართულია „საპარტნიორო ფონდი“ და, ვფიქრობ, ეს არ იქნება ერთადერთი პროექტი, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ევრობანკთან ერთად კიდევ დავაფინანსებთ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გახლავთ ყველაზე მსხვილი კრედიტორი და კაპიტალში მონაწილე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა და EBRD-ის დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერას, საქართველოს რეალურ სექტორსა და საფინანსო ინსტიტუტებში დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ 155 მილიონ დოლარში ასევე მონაწილეობს „საქართველოს ბანკი“, რომელიც ასევე პროექტის ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორი იქნება.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ახალი, მისასალმებელი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილებიდან ერთი ფაქტი გაიხსენა.

„2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც იყო გაგანია საბრძოლო მოქმედებები, ევრობანკმა საქართველოსთვის მხარდაჭერის ნიშნად შეავსო საპარტნიორო ანგარიში ერთ-ერთ პროგრამაში, ერთ-ერთ ბანკში, რომელშიც მე მაშინ ვმუშაობდი და ეს იყო EBRD-ის მიერ საქართველოს საბანკო სექტორისა და საქართველოსადმი მხარდაჭერის ძალიან მკაფიო გამოხატულება და რწმენა, რომ საქართველო შეუქცევადად ადგას განვითარების სწორ ვექტორს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მართლაც ძალიან დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს რეალურ სექტორსა და ევრობანკს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ცნობით, დაფინანსება გამოყენებული იქნება ამიაკის წარმოების ხაზის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, რაც ენერგოეფექტური ღონისძიებების გამოყენებით განხორციელდება.

“შედეგად, ენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება. ახალი, ენერგოეფექტური ამიაკის ხაზი შესაბამისობაში იქნება უმაღლეს გარემოსდაცვით სტანდარტებთან, რაც მის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-მა ხელშეკრულების ხელმოწერით წელს რეკორდი მოხსნა, რადგან ივლისის მდგომარეობით, საქართველოში განახორციელა 325 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც 2015 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას სამჯერ აღემატება”, – ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.

“შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს იმ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განუცხადა, რომლის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კომპანია “რუსთავის აზოტს” 155 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის „საპარტნიორო ფონდს“ თადარიგი უკვე დაჭერილი აქვს.
პრემიერის განცხადებით,  EBRD-ისგან მიღებულ დაფინანსებას „რუსთავის აზოტი“ ამიაკის წარმოებაში ახალი კომპონენტის ჩართვისთვის გამოიყენებს. “ამასთანავე, ხდება „რუსთავის აზოტის“ მრავალი წლის წინ აშენებული ქარხნის სრული მოდერნიზაცია და აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანა”.
პრემიერის შეფასებით, ეს არის კომპლექსური პროექტი, რომელიც იწყება 155 მილიონით, თუმცა მისი მასშტაბი გაცილებით დიდია.


„ეს არის უპრეცედენტოდ დიდი ტრანზაქცია კერძო სექტორში. კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, უკვე წელს, ივლისამდე ინვესტირებული თანხები სამჯერ აღემატება მთლიანად 2015 წელს ევრობანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს. ეს არის განვითარებისა და საერთაშორისო საფინანსო სექტორის ჩართულობის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, იზრდება ქვეყნის ექსპორტის პოტენციალი და ეროვნული ვალუტისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გარემოს დაცვის ყველა სტანდარტთან შესაბამისია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი