ეკონომიკა

ოქრო ისევ ძვირდება

22 თებერვალი, 2012 • 1382
ოქრო ისევ ძვირდება

ნიუ–იორკის ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად ერთი უნცია ოქრო 1,9 პროცენტით გაძვირდა და ფასმა 1758,50 დოლარი შეადგინა. პლატინა 3,1 პროცენტით გაძვირდა და  უნციაზე 1684,90 დოლარი შეადგინა.

ექსპერტები ოქროს ფასის ცვლილებას საბერძნეთის კრიზისს და ევროზონის ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებენ.

სამშაბათს გადაწყდა, რომ ევროზონა საბერძნეთის დასახმარებლად 130 მილიონ ევროს გაიღებს, რითაც საბერძნეთის ვალის, 206 მილიარდი ევროს –53,5 პროცენტის, ჩამოწერა მოხდება.

„ოქრო იქცეოდა ისე, როგორც რისკის შემცველი აქტივი,“ – ასე  აფასებს ნიუ–იორკის ბირჟაზე ოქროს ფასის დინამიკას ცნობილი ბროკერი ფრენკ ლეში.

ოქროს ფასი 2011 წელს 10 პროცენტით გაიზარდა. იანვარში ფასის ზრდამ კი თითქმის 11 პროცენტი შეადგინა. ბოლო თერთმეტი წლის მანძილზე ოქროს ფასი განუხრელად იზრდება, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, 2012 წელს ძვირფასი მეტელის გაძვირების ტემპი უფრო მაღალია და 1920 წლის დინამიკას უახლოვდება.

ექსპერტების აზრით, ოქროს გაძვირების ძირითადი ფაქტორი ევროზონის კრიზისი და რიგ ქვეყნებში ინფლაციის ზრდაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი