ეკონომიკა

ბანკების საკრედიტო რეიტინგმა ქვეყნისას გაუსწრო

26 იანვარი, 2012 • 2472
ბანკების საკრედიტო რეიტინგმა  ქვეყნისას  გაუსწრო

საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ამაღლების შემდეგ (საქართველოს საკრედიტო რეიტინგი არის “BB-“) წამყვანმა სარეიტინგო კომპანია Fitch–მა ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი 19 ბანკიდან სამის საკრედიტო რეიტინგი გაზარდა.

“პროკრედიტ ბანკ საქართველოსა” და “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” BB რეიტინგი დაუდგინდათ,”საქართველოს ბანკს” კი – “BB-“.

„საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო ბალავაძემ „ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ „საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც  რეიტინგი სამმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ მიანიჭა. თითოეულ სარეიტინგო სააგენტოს, იქნება ეს Moody`s,  Standard & Poor`s თუ Fitch Ratings, ფინანსური მდგომარეობის შეფასების თავისი კრიტერიუმები აქვთ. „საქართველოს ბანკს“  Standard & Poor`s–მა  BB რეიტინგი განუსაზღვრა, Moody’s– მა B1, ხოლო  Fitch Ratings–მა “BB-“.

სოფო ბალავაძის განმარტებით, Fitch–ის შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვანია ბანკისთვის: „ხდება კომპანიის ფინანასური მდგომარეობის შეფასება, რაც აუცილებელი პირობაა უცხოეთიდან ფინანასური რესურსის მოსაზიდად და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან შეტყობინებას წარმოადგენს. ამ რეიტინგით ინვესტორები კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების შეასძლებლობას აფასებენ.“

Fitch–მა „საქართველოს ბანკს“ სპეციალური წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ბანკის რეიტინგის ზრდის მიზეზი  ბანკის ძლიერი საბაზო პოზიციები, მაღალი კაპიტალიზაცია, ლიკვიდობის და მომგებიანობის მაჩვენებლები, ასევე, კორპორატიული მართვის მაღალი სტანდარტები და მმართველი გუნდის სიძლიერეა.

„ვითიბი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბარკალაია „ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ BB არის  ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, რომელიც საქართველოში ფინანსურ ინსტიტუტს მიენიჭა.

„Fitch–ის რეიტინგი განსაზღვრავს ბანკის სტაბილურობას და სიძლიერეს. ჩვენ საერთაშორისო საბანკო ჯგუფის წევრი ვართ. Fitch–მა ჩათავლა, რომ ყველაზე ძლიერი და  სტაბილური ბანკი ვართ“, – ამბობს ბარკალაია.

“პროკრედიტ ბანკის” დირექტორი საშა ტერნესი ამბობს, რომ Fitch–ის მიერ ბანკისთვის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება მოსალოდნელი იყო:

“2011 წლის მარტის შემდეგ, როცა ჩვენი რეიტინგის პერსპექტივა “პოზიტიურით” განისაზღვრა, რეიტინგის შესაძლო გაუმჯობესებისადმი ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი. ასე რომ, სასიხარულოა, რომ “Fitch Ratings”-მა დაადასტურა ქვეყნის პოზიტიური განვითარება და “პროკრედიტ ბანკი საქართველოს” რეიტინგი გააუმჯობესა ქვეყნის ზღვრული რეიტინგის გაუმჯობესების კვალდაკვალ.”

“პროკრედიტ ბანკი საქართველოს” მდგრადობის რეიტინგი უცვლელი დარჩა. თუმცა, როგორც „ნეტგაზეთს“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თინათინ ნადირაძემ განუმარტა, “Fitch Ratings” ხაზს უსვამს ბანკის მძლავრ კრედიტუნარიანობის მაჩვენებელს. „პროკრედიტ ბანკ საქართველოს“ ტოპმენეჯმენტში არ გამორიცხავენ, რომ ბანკის მდგრადობის რეიტინგი 2012 წელს უფრო გაუმჯობესდეს.

საკრედიტო რეიტინგის გაზრდას ელოდებიან “თიბისი ბანკში“ და „ბაზისბანკში“. როგორც „ნეტგაზეთს“ განუმარტეს,  ქვეყნისთვის და ბანკებისთვის რეიტინგის მინიჭება პარალელურ რეჟიმში ხდება და კომერციული ბანკების რეიტინგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყანის რეიტინგზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბაზარზე მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან 2011 წელი მოგებით თხუთმეტმა ბანკმა დაასრულა. საბანკო სექტორის მოგების ჯამურმა მოცულობამ 343,6 მლნ ლარი შეადგინა. 2010 წელს მოგებაზე ცამეტი ბანკი გავიდა. შესაბამისად, მოგებამ 231,7 მლნ ლარი შეადგინა.

2011 წელს ზარალიანი ბანკების რეიტინგიდან მომგებიანში „ვითიბი ბანკ ჯორჯიამ” გადაინაცვლა, რომლის ზარალიც 2010 წელს 21,8 მლნ ლარს შეადგენდა. ზარალიდან მოგებაზე გავიდა  „პრივატბანკი” და „ბითიეი ბანკი საქართველო”.

ბაზარზე მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან თხუთმეტის  საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს. ბაზარზე ქართული კაპიტალით შექმნილი მხოლოდ ორი ბანკი– “ქართუ” და “პროგრეს ბანკი” –ოპერირებს. ბაზარზე ერთი თურქული და ერთი აზერბაიჯანული ბანკის ფილიალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი