ეკონომიკა

რიკოთის გვირაბში გადაადგილება ფასიანი ხდება

23 იანვარი, 2012 • 4183
რიკოთის გვირაბში გადაადგილება ფასიანი ხდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საქართველოს მთავრობამ საფასური დააწესა. ამის შესახებ შესაბამისი დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს ხელს, ძალაში 2012 წლის 18 იანვარს შევიდა.

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად,  რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო გადასახდელია.  დადგენილების თანახმად, საფასურის გადამხდელად  საავტომობილო გვირაბით მოსარგებლე თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი(მძღოლი) განისაზღვრა.

საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ოდენობას  საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრავს.  საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ადმინისტრირების წესი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, აგრეთვე, საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებისა და პირობების განსაზღვრა  საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  საავტომობილო გვირაბით სარგებლობის საფასურის ადმინისტრირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად  შემოსავლების სამსახურს შესაბამისი მიწის ნაკვეთი უსასყიდლო სარგებლობაში უნდა გადასცეს.

როგორც „ნეტგაზეთს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ოდენობა, მთავრობის დადგენილებით, უახლოეს მომავალში განისაზღვრება. რაც შეეხება გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ადმინისტრირებას, ეს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციამდე გვირაბში გადაადგილების საფასური 1 ლარით იყო განსაზღვრული.

რიკოთის განახლებული გვირაბი პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2011 წლის  21 ნოემბერს გახსნა. საუღელტეხილო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩინურმა კომპანია “სინოჰიდრომ” განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით 54 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გვირაბის სიგრძე 1750 მეტრია. მის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, შეიცვალა ჰიდროიზოლაციის სისტემა, განახლდა სავენტილაციო, ხანძარსაწინააღმდეგო და საკანალიზაციო სისტემები, დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათებისა და ელექტროუზრუნველყოფის სისტემები. დამონტაჟებული ვიდეოკამერების საშუალებით გვირაბის გაკონტროლება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სისტემები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი