ეკონომიკა

ვერა ქობალიას ანგარიში მედიას

23 დეკემბერი, 2011 • 1419
ვერა ქობალიას ანგარიში  მედიას

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მედიას სამინისტროს საქმიანობის 2011 წლის ანგარიში და 2012 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ვერა ქობალიას შეფასებით, 2011 წელი სამინისტროსთვის წარმატებული აღმოჩნდა:

“ეს წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ტურიზმის განვითრების თვალსაზრისით. ეს სექტორი არის  ერთერთი ყველაზე ეფექტური, რადგან სწრაფად ვითარდება. დარგის პარალელურად ვითარდება სოფლის მეურნეობაც. სულ უფრო მეტი ტუროპერატორი ჩამოდის საქართველოში,”– ამბობს ვერა ქობალია.   
საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს 2011 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში 2 541 223 ვიზიტორი იმყოფებოდა, თუმცა  წლის ბოლომდე მინისტრი ვიზიტორთა რიცხვის 2 მილიონ 700 ათასამდე ზრდას ვარაუდობს.

ვერა ქობალიას განცხადებით, წლის დასაწყისში ნავარაუდევი იყო 3 მილიონი ტურისტის ჩამოსვლა, თუმცა სასტუმროების მომსახურების კუთხით პრობლემები შეიქმნა.

“ამ დროისთვის ყველა სასტუმრო 90-95%-ანი დატვირთით მუშაობს და უბრალოდ, 3 მილიონი ტურისტის დასახვედრად საკმარისი საწოლები არ აღმოგვაჩნდა. თუმცა შენდება საოჯახო და სხვადასხვა ტიპის სასტუმროები და ვიმედოვნებთ, მომავალ წელს გაცილებით მეტ ტურისტს ვუმასპინძლებთ”,- განაცხადა ვერა ქობალიამ.

სტატისტიკის თანახმად,  2011 წლის 11 თვეში, 2010 წლის 11 თვესთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა.
ვერა ქობალიას განცხადებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი (60% ) თბილისს ესტუმრა.  მეორე ადგილზეა  ბათუმი – 43%-ით , ხოლო მესამეზე მცხეთა – 8%–ით .

2011 წლის 11 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოვიდა. მეოთხე ადგილზეა რუსეთი, შემდეგ -ირანი და უკრაინა. საქართველოში ტურისტების ვიზიტის კუთხით ათეულში მოხვნენ: ისრაელი, აშშ, გერმანია და ყაზახეთი.

ვერა ქობალიას ცნობით, ტურიზმის მიმართულებით 2011 წელს რამდენიმე პროექტი განხორციელდა.

“საქართველო მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში, პრეს და გაცნობით ტურებში. ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა პირდაპირი რეკლამა შიდა და საერთაშორისო ბაზარზე; შეიქმნა ახალი ტურისტული პროდუქტები და მოხდა მათი პოპულარიზაცია.”

ეკონომიკური განვითრების მინისტრი ქვეყნის მთავარ მიღწევად  2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს ასახელებს. 2011 წლის მონაცემებით, საქართველო მშპ-ს ზრდის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, პირველ ადგილზეა თურქეთი, ხოლო მეორეზე – ესტონეთი.  
საქართველოში მშპს ზრდამ 6,5 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური გაერთიანების სამინისტრომ 2011 წლის საპროვატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. ვერა ქობალიას მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს სამინისტრომ 1267 ობიექტი გაყიდა,  რაც 2010 წლის მაჩვენებელს  381,7 %–ით აღემატება. ამ წელს პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 190 463 609 ლარი შევიდა, რაც დაგეგმილს 20 463 609 ლარით აღემატება.

მინისტრის თქმით, 2012 წელს სამინისტრო მსხვილი პროექტების განხორციელებას აპირებს:

“მნიშვნელოვანია, განვაგრძოთ რეფორმები ტრანსპორტის მიმართულებით. ქვეყანაში სამოქალაქო ავიაცია უნდა  განვითარდეს. უფრო მეტი ბიზნესმენი და ტურისტი უნდა ჩამოვიყვანოთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მეზღვაურების სერთიფიცირების პრობლემის გადაწყვეტა  და საზღვაო რეფორმის ბოლომდე დასრულება,”  – ამბობს ვერა ქობალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი