ეკონომიკა

კეზერაშვილი: კომპანია „გალფის“ ერთ–ერთი მფლობელი ვარ

19 დეკემბერი, 2011 • 3978
კეზერაშვილი:   კომპანია „გალფის“ ერთ–ერთი მფლობელი ვარ

კეზერაშვილი
კეზერაშვილი

საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ  კარგა ხანია ჩამოშორდა პოლიტიკას და ამ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესშია ჩართული: „ ბიზნესმენი ვარ და ვარ რამოდენიმე ბიზნესში ვარ ჩართული. ბიზნეს-საქმიანობას მას შემდეგ  ვახორციელებ, რაც  პოლიტიკიდან წამოვედი. ვარ  ნავთობკომპანია  „გალფის“ ერთ–ერთი მფლობელი“.

ნავთობკომპანია  „გალფი“ ბაზარზე 2011 წლის გაზაფხულზე შემოვიდა,  რომელსაც საქართველოში 2010 წელს  დაფუძნებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ წარმოადგენს. „სან პეტროლიუმ ჯორჯია“  საქართველოში სამი კომპანიის- „სენტას“, „მაგნატის“ და „ეკოს“- ქსელს ფლობს.

„სან პეტროლიუმ ჯორჯიას“  დამფუძნებელი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი აშშ–ი რეგისტრირებული კომპანია Energy Investiments Venture–ა .  კომპანიას  მთლიანობაში 126 ბენზინგასამართი სადგური აქვს,  აქედან დაახლოებით 60 „გალფის“ ბრენდის ქვეშ მუშაობს.

ის, რომ  ამ კომპანიის უკან ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო, აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა დადასტურებული არ ყოფილა.  კეზერაშვილის ინტერესები საწვავის ბაზარზე კომპანია „უნი გრუპს“ უკავშირდება, რომელიც „ლუკოილის“ საწვავის დისტრიბუციას ახორციელებდა და კეზერაშვილი მისი თანადამფუძნებელი იყო.

საცალო ბაზარზე საწვავზე ყველაზე დაბალი ფასი კომპანია „გალფის“ აქვს. კომპანია აზერბაიჯანულ ბენზინს „სოკარისგან“ ყიდულობს. კომპანია „გალფის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თევზაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, „საწვავის იმპორტს ძირითადად ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან ვახორციელებთ, ფასების  საკმაოდ ფართო დიაპაზონი გვაქვს  – 2 ლარი და 7 თეთრიდან 2 ლარი და 27 თეთრამდე.  აზერბაიჯანულ საწვავს  ‘‘სოკარისგან“ ვყიდულობთ. რეგულარის მარკის  საწვავის  ფასი ჩვენთან 2 ლარი და 7 თეთრია, „სოკარის“ ქსელში კი 2 ლარი 5 თეთრი.”

დავით კეზერაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში  „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ და სხვა ბიზნესებთან კავშირს უარყოფს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ კვლევის ავტორი  მათიას ჰუთერი ამბობს, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს ყოფილი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ კვლევის თანახმად, 2009 წელს თბილისის მერიამ  აუქციონის წესით ორი  ნებართვა გასცა, რომელიც გარერეკლამის განთავსებას 12 წლით ითვალისწინებს.  მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აბრები „აუთდორ.ჯი “–ს გადაეცა, მარცხენა სანაპიროზე კი  ლიცენზია „მაგი სტილი მედიამ“ მიიღო.  ამ კომპანიას კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობს. 2011 წლის დასაწყისში  „მაგი სტილი მედია “  „სმოდ ედვერთაისინგმა“  ჩაანაცვლა,  რომელიც 2011 წლის იანვარში შეიქმნა.  კომპანიას  „სმოდ  ექუიზი კორპი“ ფლობს და პანამაში  დარეგისტრირებუული ჰოლდინგური კომპანიაა.  მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში  ალექსანდრე გოგოხიაა, რომელიც „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია  და 2008 წელს „აუთდორ ჯი“–ს  მთავარ ფინანასურ დირექტორად მუშაობდა.

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70 პროცენტს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი  „საქართველოს ფოსტა “  მართავს,  30 პროცენტს კი – „ლექსორ კეფიტალ კორპი“,  რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.   საქართველოში კომპანიის წარმომადგენელი  დიმიტრი ჩიქოვანია, რომელიც  დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა  და 2011 წლის სექტემბრამდე „აუთდორ.ჯი“–ს გენერალურ დირექტორად მუშაობდა.

ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი დღეს თბილისის ოპერის მეგობართა საბჭოს ერთ–ერთი დამფუძნებელია. 2006 წლის 11 ნოემბრიდან 2008 წლის 5 დეკემბრამდე ის საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. მან ამ თანამდებობაზე ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა. დავით კეზერაშვილი ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობს. ის საქრთველოს და ისრაელის მოქალაქეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი