ეკონომიკა

ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

5 დეკემბერი, 2011 • 1234
ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირი საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 5 დეკემბერს, გახდა ცნობილი. ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, კარელ დე გუხტის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს უფრო კონკურეტუნარიანი და შეძლოს ევროკავშირის შიდა ბაზრით სარგებლობა.

„აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან კომპონენტს. მოლაპარაკებები წარიმართება ვაჭრობისა და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრზე, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციას,“– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროკავშირის გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე განპირობებულია აღნიშნული პროცესის დასაწყებად საჭირო შესაბამისი რეფორმებისა და პირობების განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეული სათანადო პროგრესით,“ – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ  1 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირი–საქართველოს მე–12 შეხვედრა უძღვოდა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესწრებოდა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე  ევროკომისარმა გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სტეფან ფულემ განაცხადა, რომ სავაჭრო პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები და ევროკომისია საბოლოო შეფასებას გააკეთებენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყების თარიღთან დაკავშირებით“.

ევროკავშირის წინაშე  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების გახსნის ფარგლებში ვალდებულებებისაქართველომ  2010 წელს აიღო: ქვეყნის მთავრობამ უნდა მოაწესრიგოს ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, განავითაროს სურსათის უვნებლობის სექტორი, განახორციელოს სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლი, მოახდინოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და დანერგოს ლიცენზირებული პროდუქციის გამოყენება. უნდა შემუშავდეს კონკურენციის შესახებ ახალი კანონპროექტი.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მიღწევას პოსტსაბჭოთა სივრცეში ექვსი ქვეყანა: აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და  უკრაინა ცდილობს.  ევროკავშირს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები“  ამ დრომდე მხოლოდ უკარინასთან ჰქონდა  დაწყებული. მოლაპარაკების დაწყების წინ უკრაინამ აღებული ვალდებულებების ეტაპობრივად შესრულების პირობა დადო. ევროკავშირთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან უკრაინამ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი