კულტურის სამინისტროს მონოპოლისტური გარემოს ხელშეწყობაში ადანაშაულებენ

კულტურის სფეროში მომუშავე კერძო კომპანიები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არაკონკურენტული გარემოს ხელშეყობაში ადანაშაულებენ.

ამ თემაზე სხვადასხვა კომერციული ღონისძიების ორგანიზატორებმა დღეს, 9 მაისს, ჟურნალისტებთან ისაუბრეს. Bravo Records-ის წარმომადგენელ ზაზა შენგელიას თქმით, რამდენიმე დღის წინ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული კვლევა სამინისტროში კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმის ფაქტებს ნათლად ასახავს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან და მის მოადგილეებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული 10 კომპანია/ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც კულტურის სფეროში საქმიანობენ და რეგულარულად იღებენ შეკვეთებს/დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მათ შორის, კულტურის სამინისტროდან ან მის დაქვემდებარებში მყოფი სსიპ-ებიდან.

ფესტივალის Open Air/Alter vision წარმომადგენლის, დავით ცინცაძის თქმით, კონკრეტული ღონისძებების სახელწმიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსება ბაზარზე ფასების გაზრდას იწვევს, რაც დამღუპველი იქნება კომერციული ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის.

“როდესაც შენს უკან გიდგას დიდი ინსტიტუტი და დიდი ფული, არ ხარ კომერციული და გაქვს განუსაზღვრელი ფინანსური შესაძლებლობები, შეგიძლია რაც შეიძლება დიდი თანხა გადაიხადო ამა თუ იმ არტისტში, რათა მოლაპარაკება მაქსიმალურად სწრაფად შედგეს”, – ამბობს ცინცაძე.

კლუბ Bassiani-ს წარმომადგენელ ტატო გეტიას თქმით, ამგვარი მიდგომა ბაზარზე ფასების გაზრდას იწვევს:

“ჩვენ  ვიცით ჰონორარები და ზედმეტ ფულს არავის ვუხდით, მაგრამ როცა შენი კონკურენტი ორგანიზაცია იმავე არტისტს გასამმაგებულ ჰონორარს უხდის, სამომავლოდ ეს არტისტი შენგანაც გაზრდილ თანხას მოითხოვს. ეს ორგანიზაციები ბიუჯეტზე არსებობენ და გვირთულებენ საქმეს, რის შედეგადაც გვეზრდება ხარჯები და ბაზარიც ფუჭდება”.

დათო ცინცაძის თქმით, მეთოდი, რომელსაც კულტურის სამინისტრო ახორციელებს, მსოფლიოში პირველი არაა. ამ სქემამ არ გაამართლა რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ცუდი შედეგებიც გამოიღო.

“როცა სახელმწიფო კონკურენციაში უდგება კერძო ბიზნესს, კერძო ბიზნესი ცალსახად განწირულია იმიტომ, რომ კერძო ბიზნესს არ შეუძლია კონკურენციაში ჩაუდგეს იმ უწყვეტ ფულის ნაკადს, რომლის წამოღებაც მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეუძლიათ”.

Bravo Records-ის დამფუძნებელ ზაზა შენგელიას თქმით, თბილისის საკონცერტო დარბაზში, რომელსაც ის კომპანია ფლობს, რომელიც მიხეილ გიორგაძის საკუთრება იყო კულტურის მინისტრად დანიშვნამდე, ღონისძიების გამართვა ოფიციალურ ფასზე ორჯერ და კიდევ უფრო ძვირი უჯდებათ.

“როცა ოფიციალურად ივენთ ჰოლის დაქირავება 15 000 ლარს შეადგენს, რაღაც დაფარული ხარჯების გამო დაახლოებით 40 000-მდე გვიჯდება, ეს ბიზნესი კი რეაულურად ამხელა თანხას არ გიტოვებს” – ამბობს შენგელია.

შენგელიას თქმით, თბილისის ფილარმონიას 49-წლიანი იჯარით მიხეილ გიორგაძის კომპანია მართავს, რომელიც ქირის სახით ყოველთვიურად 12 500 ლარს იხდის. Bravo Records-ის დაფუძნებლის თქმით, ამ თანხით კომპანია 15 000 კვ.მ-ს ქირაობს და 1კვმ-ში სახელმწიფოს თვეში 83 თეთრს უხდის, რაც ძალიან დაბალი ფასია.

შენგელია ამბობს, რომ 2007 წელს, როდესაც თბილისის საკონცერტო დარბაზი იჯარით გადასცეს, ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია იღებდა მონაწილეობას.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ელექტრონული ბილეთების გაყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ეს ინფორმაცია Biletebi.ge-ს დაუმალეს, ამბობს კომპანიის Biletebi.ge დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი.

“ეკონომიკის სამინისტრომ ჩვენი დეზინფორმირება მოახდინა ტენდერის შესახებ. ტენდერის ჩატარებამდე დაახლოებით 3 დღით ადრე ჩვენს ოფიციალურ კითხვაზე, აპირებდნენ თუ არა რამე ტენდერის გამოცხადებას, მივიღეთ პასუხი, რომ არაფერი არაა დაგეგმილი. რეალურად, ამ ტენდერის შესახებ ჩვენ ბოლო დღეს გავიგეთ”, – ამბობს ჩხიკვიშვილი.

გიორგი ჩხიკვიშვილის თქმით, პრობლემა აქ არ დამთვრებულა. სატენდერო დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული, ვის ჩამოყვანას გეგმავდნენ პროექტის ფარგლებში, სად გაიმართებოდა ღონისძიებები, რა რაოდენობის ბილეთებზე იყო საუბარი.

“თუ შენ დამატებით ინფორმაცია აქ გაქვს, მიუხედავად ჩვენი ბევრი კითხვისა, შენ იქ ვერანაირად წარადგენ წინადადებას, თუ რა პროცენტით მოემსახურები ამ ღონისძიებას”.

Biletebi.ge-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ მათ მხოლოდ გასაყიდი ბილეთების თანხა გაანდეს: “გვითხრეს, რომ თანხით უნდა მივმხვდარიყავით ყველაფერ დანარჩენს. საბოლოო ჯამში, მენაბდის ფონდი ატარებს ტენდერს და მენაბდის სიძის მეჯვარის კომპანია იმარჯვებს”.

ზაზა შენგელიას თქმით, ამგვარი ტენდენცია იმის მანიშნებელია, რომ ერთი კონკრეტული ორგანიზაცია ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებას ცდილობს და ამისთვის საბიუჯეტო სახსრებს იყენებს.

“სახეზეა, ერთ ბიზნესჯგუფს აქვს დარბაზი, თანამდებობები, გარანტირებული  სახელმწიფო დაკვეთები, იქნება ეს 26 მაისის თუ საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებები და ონლაინ გაყიდვების სისტემა. შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ერთ გველეშაპზეა ყველაფერი და არავინ იცის, როგორ მოხდება მისგან “წყლის” დაბრუნება” – ამბობს Bravo Records-ის დამაარსებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.