სტარტაპების დასაფინანსებლად მთავრობა საფინანსო ინსტიტუტს ქმნის

დამწყები ბიზნესის დასაფინანსებლად ერთ თვეში ახალი საფინანსო ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ამ საფინანსო ინსტიტუტის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.

“მინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ეს გახლავთ ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რაც ეხება საქართველოში სტარტაპის, ანუ დამწყები ბიზნესის  დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის შექმნას. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ ინსტიტუტის მუშაობის ძირითად პრინციპებს, ხოლო დღეიდან ერთი თვის თავზე ეს ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახალი პარკის შენობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა ოქროყანის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, გამომდინარე იქიდან, რომ ის იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ახალმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევ აღნიშნა, რომ  საფინანსო ინსტიტუტის შექმნა მნიშვნელოვანი იქნება ინოვაციური პოტენციალის განვითარების კუთხით. მისივე თქმით, ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ბევრი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

“ამ ინსტიტუტის დაფინანსება ხდება საპარტნიორო ფონდის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით, საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ ეს ბიუჯეტი გაიზრდება 35 მილიონ ლარამდე, რაც იძლევა საშუალებას, რომ ამ წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპი ჩატარდეს ასეთი პროექტების შერჩევის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ პროცესში ამ ინსტიტუტის სტრუქტურირებაში და შემდეგ, მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროფესიონალები, აღიარებული ექსპერტები,”- ამბობს პრემიერ-მინისტრი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი