ეკონომიკა

თბილისში სასტუმრო “მოქსის” მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება

18 აპრილი, 2016 • 2362
თბილისში სასტუმრო “მოქსის” მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება

თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი სასტუმროს, “მოქსის” მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. მისი სამუშაოები დღეიდან დაიწყება. სასტუმროს გახსნა 2017 წელს, დავით აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის დასრულებასთან ერთად იგეგმება.

“მოქსი” მარიოტის ქსელის ახალი ბრენდია, რომელიც ეკონომსეგმენტისთვის შეიქმნა. სასტუმროს 130 ნომერი ექნება; ასევე, საოფისე, სავაჭრო სივრცეები და რესტორნები.

პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მლნ დოლარია. სასტუმროს მშენებლობას ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის მთავრობის სააგენტო “საზღვარგარეთ კერძო ინვესტიციების კორპორაცია” (OPIC) უწევს, რომელიც “ჯი-ემ-თი ჯგუფის” სტრატეგიული პარტნიორია.

მშენებლობის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა “ჯი-ემ-თი ჯგუფის” წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა მიიღო.

სასტუმრო "მოქსის" მშენებლობის გახსნა. 18.04.16 ფოტო: ნეტგაზეთი

სასტუმრო “მოქსის” მშენებლობის გახსნა. 18.04.16 ფოტო: ნეტგაზეთი

„სასიხარულოა, რომ ეს სასტუმრო განთავსდება იმ უბანში, სადაც თბილისის მერიასთან ერთად წამოვიწყეთ პროექტი, რომელსაც ჰქვია „ახალი ტფილისი“, რომელიც ამ უმშვენიერესი უბნის მთლიან რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად, სადაც გაჩნდება ახალი მწვანე სივრცე, აღდგება მე-19, მე-20 საუკუნეების მიჯნაზე არსებული ბაღების მთელი ქსელი და ფეხით სასიარულო სივრცე.

ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი ტენდენცია ტურისტების და ვიზიტორების რიცხვის ზრდის კუთხით. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ქვეყანაა და კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი საქართველოსადმი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორ “ჯი-ემ-თი ჯგუფში” აცხადებენ, რომ “მოქსის” პირველი სასტუმრო 2015 წელს მილანში გახსნა; თბილისის სასტუმრო კი ბრენდის პირველი პროექტი იქნება აღმოსავლეთ ევროპაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი