ეკონომიკა

მოგების გადასახადი შესაძლოა 2017 წლიდან გაუქმდეს

13 აპრილი, 2016 • 1717
მოგების გადასახადი შესაძლოა 2017 წლიდან გაუქმდეს

თუკი პარლამენტმა მთავრობის მიერ ინცირებული კანონპროექტს მხარი დაუჭირა,  2017 წლიდან საქართველოში მოგების გადასახადი გაუქმდება.

ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებაზე განაცხადი მთავრობამ იანვარში გააკეთა. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა  საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავს.

ცვლილება, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2017 წლის 1 იანვარს შევა. პროექტის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან და მოგება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში დაიბეგრება.

ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, მისი ავტორი კი ფინანსთა სამინისტროა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეფორმა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე დადებით გავლენას მოახდენს:

დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში;

პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით;

ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებით, ეს შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს;

რეფორმის შედეგად, ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა;

გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;

გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;

შემცირდება  გარე ფინანსური შეზღუდვები;

ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;

ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად, გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა;

გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;

გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, დაახლოებით რამდენით შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ შემოსავლების მოცულობას ბიზნესის წარმომადგენლების მოგების გადასახადისგან გაუქმება, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოგების გადასახადის ამოქმედების ვადამ ბიზნესთან შეთანხმებით გადაიწია 2017 წლის 1 იანვრამდე, მთავრობა აგრძელებს მუშაობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ოპტიმიზაციის მიმართულებით, რათა აღნიშნული რეფორმის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტული პროექტების სათანადო დაფინანსება და, ამავდროულად, მოხდეს ბიუჯეტის დეფიციტის კონტროლი”.

საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი “ნეტგაზეთთან” “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ შეაფასა. იგი ცვლილებების პაკეტს ემხრობა და აცხადებს, რომ ის რეინვესტირებას, ფულის მეტ დაგროვებასა და ბიზნესში ჩაბრუნებას, ასევე დასაქმებისა და პროდუქციის გამოშვების ზრდას ხელს შეუწყობს. მისივე თქმით, კოდექსში შესატანი ცვლილებები სახელმწიფოს ეკონიმიკის სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს.

ნამჩავაძე რეფორმის მეორე, შედარებით რთულ მხარეზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს წლიური შემოსავალი, დაახლოებით 500 მილიონი ლარი დააკლდება.

“მთლიანობაში ეკონომიკა უარყოფით შედეგებამდე ვერ მივა, მაგრამ ვინც მოყვება ამ ხარჯების შემცირებაში, მისთვის რეფორმები უარყოფითი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ბიუროკრატიის შემცირება მოხდება და ვიღაცას სახელმწიფო სამსახურიდან დაითხოვენ, მისთვის ჯობდა, რომ ძველი ვარიანტი დარჩენილიყო. რეფორმები მყისიერად ყველასთვის დადებითი ეფექტის მომტანი ვერ იქნება – ქვეყნის ეკონომიკა წლების განმავლობაში უფრო სწრაფად განვითარდება და შემდეგ ამ სიკეთეს მეტ-ნაკლებად ყველა იგრძნობს” – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი