ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

24 აგვისტო, 2011 • 2806
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ თურქეთთან 805 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტზე 131 მილიონზე მეტი მოდის, ხოლო იმპორტზე – 673 მილიონზე მეტი; აზერბაიჯანთან – 525 მლნ აშშ დოლარი (ექსპორტი – 188 მილიონზე მეტი, იმპორტი – 336 მილიონზე მეტი), უკრაინასთან კი –  482 მლნ აშშ დოლარი (აქედან ექსპორტზე მოდის დაახლოებით 68 მილიონი, ხოლო იმპორტზე – 413 მილიონზე მეტი).

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი და სომხეთი.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი (მთლიანი ექსპორტის 23%) მსუბუქ ავტომობილებს უკავია, მეორე ადგილი (მთლიანი ექსპორტის 12%) – ფეროშენადნობებს, მესამე ადგილზე (მთლიანი ექსპორტის 8%) შავი ლითონების ჯართის ჯგუფი დაფიქსირდა, მინერალურ წყლებს კი მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 2,5% უკავია.

საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან საექსპორტო პროდუქციის სახეობები ასე გამოიყურება: აზერბაიჯანში, ძირითადად, ხორციელდება მსუბუქი ავტომობილების, ე.წ. „არმატურისა“ და ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი; უკრაინაში – ფეროშენადნობების, მინერალური და მტკნარი წყლებისა და ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი; თურქეთში – შავი ლითონების ჯართის, ფეროშენადნობებისა და ელექტროენერგიის.

საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველ ადგილზეა (მთლიანი იმპორტის 13%) ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მეორეზე – მსუბუქი ავტომობილები (მთლიანი იმპორტის 6%) და მესამეზე – ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფი (მთლიანი იმპორტის 4%).

2011 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4832 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1187 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 3645 მლნ აშშ დოლარი.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ქვეყნების ათეულში არიან, ასევე: ჩინეთი (284 მლნ აშშ დოლარი), გერმანია (252 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (200 მლნ აშშ დოლარი), აშშ (200 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (172 მლნ აშშ დოლარი), არაბთა გაერთიანებული ემირატები (157 მლნ აშშ დოლარი) და სომხეთი (153 მლნ აშშ დოლარი).

მასალების გადაბეჭდვის წესი