ეკონომიკა

სახელმწიფო შესყიდვები სამთავრობო ბიზნესიდან

22 აგვისტო, 2011 • 2239
სახელმწიფო შესყიდვები სამთავრობო ბიზნესიდან

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ბათუმში, რომლის რეკონტრუქციაც პარლამენტარის ფირმამ განახორციელა
ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ბათუმში, რომლის რეკონტრუქციაც პარლამენტარის ფირმამ განახორციელა

ბათუმის მერიიდან სახელმწიფო შეკვეთებს ის კომპანიები იღებენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატებს ეკუთვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

ბათუმის მერიამ მიმდინარე წელს შპს “ხინო”-სგან, ჯამში, 5 227 035,84 ლარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა ერთ პირთან მოლაპარაკებისა და გამარტივებული ტენდერების გზით.

სახელმწიფო შესყიდვის საგანი: ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ფარნავაზ მეფის ქ. #25-ში მდებარე კოშკზე დამატებითი სამუშაოები…

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს “ხინოს” (რომელიც 2010 წლის 27 აპრილს დაფუძნდა) 100%-ანი წილის მფლობელი ედნარ თავდგირიძეა, საქართველოს პარლამენტის წევრის, ასლან თავდგირიძის ძმა. სწორედ ეს უკანასკნელი განაგებს, ფაქტობრივად, ამ ფირმის საქმიანობას. კომპანია “ხინოს” იურიდიული მისამართია – ბათუმი, დუმბაძის ქუჩა #8, სადაც ასლან თავდგირიძის საცხოვრებელი სახლია რეგისტრირებული.

ასლან თავდგირიძე საქართველოს პარლამენტში 2008 წელს შევიდა, როგორც ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი. მანამდე სამშენებლო კომპანია “ბანას” ედგა სათავეში, რომლის 100%-ანი წილის მფლობელი, ასევე, მისი ძმა ედნარ თავდგირიძეა.

ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ასლან თავდგირიძემ 2011 წლის 13 მაისს შეავსო, გასულ წელს მისი შემოსავალი 43 500 ლარი იყო, რაც მისი, როგორც პარლამენტის წევრის, წლიური სახელფასო ანაზღაურებაა. სხვა შემოსავალი მის დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა “ბათუმელებთან” არ უარყოფს, რომ პირდაპირი კავშირი აქვს სამშენებლო კომპანია “ხინოსთან”, რომელიც არა ერთ შეკვეთას იღებს ბათუმის მერიისგან.

პარლამენტის წევრი მერიის ნდობას კომპანიაში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმით ხსნის:

“კომპანია კარგად მუშაობს, თქვენ თვითონ ნახეთ, ეროვნული ბანკის შენობის კოშკის მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორ დავრბოდი მთელი დღე და ღამე, წვიმაშიც კი ვმუშაობდით”, – აცხადებს ასლან თავდგირიძე.

მართალია, ასლან თავდგირიძე დეკლარაციაში არ უთითებს, რომ აქვს შემოსავალი ბიზნესსაქმიანობიდანაც, მაგრამ მასში კარგად ჩანს, თუ როგორ იზრდება მისი ოჯახის ქონება ეტაპობრივად.

მაგალითად, მიმდინარე წელს მისი ქალიშვილი, ნანა თავდგირიძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის ბიუროში მუშაობს, 160 ათას ლარად იძენს ბინასა და არასაცხოვრებელ ფართს ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩაზე. მაშინ, როცა ნანა თავდგირიძის წლიური შემოსავალი, დეკლარაციის მიხედვით, მხოლოდ 5000 ლარია. ამავე დეკლარაციის შესაბამისად, თავდგირიძის მეუღლე, რომელიც საბავშვო ბაღის აღმზრდელია და მისი წლიური შემოსავალი 2200 ლარს შეადგენს, საბანკო ანგარიშებზე 2180 ლარისა და 4000 აშშ დოლარის დაგროვებას ახერხებს.

2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, ასლან თავდგირიძისა და მისი ოჯახის ქონება ასე გამოიყურება:

საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქ. #8-ში, არასაცხოვრებელი ფართები, ასევე, ბათუმში – 26 მაისისა და აბაშიძის ქუჩებზე, მიწის ნაკვეთები – ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე და ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, ამავე სოფელში – აგარაკი, საცხოვრებელი ბინა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე და ბინა და არასაცხოვრებელი ფართი ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩაზე.

ამას გარდა, დეკლარაციის მიხედვით, ასლან თავდგირიძე ფლობს ფულად თანხას – 48 000 ლარისა და 15 000 დოლარის ოდენობით, საბანკო ანგარიშზე – 2500 ლარს, ანაბარზე – 18 000 ლარსა და საკრედიტოზე – 100 000 აშშ დოლარს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის ინფორმაციით, 2010 წლის 9 ივლისს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარა-გურიის სამმართველოში 2007-2010 წლებში შპს “აჭარგანათების” ტენდერებში მონაწილეობისა და გამარჯვების ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებული იქნა წინასწარი გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

“როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წინასწარი ძიება ამ ეტაპზე არ დასრულებულა და ის ჯერ კიდევ მიმდინარეობს”, – ამბობს საია-ს წარმომადგენელი გიორგი ხიმშიაშვილი. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია “აჭარგანათებისთვის”, რომ ისევ მოეპოვებინა სახელმწიფო შეკვეთები ბათუმის მერიისგან.

შპს “აჭარგანათებამ”  5 531 990,41  ლარის ღირებულების დაკვეთა მიიღო ბათუმის მერიისგან მიმდინარე წელს, ელექტრონული ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით.

სახელმწიფო შესყიდვის საგანი: სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ქალაქის გაფორმება, საახალწლო აქსესუარების შეძენა, ქანდაკებების, ბიუსტებისა და პიედისტალების დადგმა, გარე განათების ბოძების შეძენა, გარე განათების წერტილების, შუქნიშნების, საგზაო ნიშნების მოვლა-ექსპლოატაცია, გამსახურდიას ქუჩა #10-სა და #34-ში მდებარე შენობების ფასადების განათების სამუშაოები.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს “აჭარგანათებას”, რომელიც 2005 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, თამაზ თოფურიძის შვილი – ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობს. საკრებულოს წევრის საკუთრებაშია კომპანიის წილის 52%-იც.

თამაზ თოფურიძე ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიით შევიდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად. მანამდე ის თავად ხელმძღვანელობდა შპს “აჭარგანათებას”.

იმ ფაქტს, რომ შპს “აჭარგანათება” ბათუმის მერიისგან უპრობლემოდ და ჭარბად იღებს სახელმწიფო შეკვეთებს, თოფურიძე კომპანიის სიძლიერით ხსნის: “ბევრი ტენდერი წაგვიგია კიდეც, რადგან შემსყიდველი ყოველთვის თანხაზე აკეთებს აქცენტებს. ჩვენ კი ხარისხზე ვართ ორიენტირებულები”, – ამბობს თამაზ თოფურიძე.

ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე დეპუტატია, რომელთა სახელებსაც უკავშირდება ის ფირმები, რომლებიც, ასევე, უხვად იღებენ სახელმწიფო დაკვეთებს ქალაქის მერიიდან, მათ შორის არიან გიორგი გაბაიძე და თამაზ გორგილაძე.

გიორგი გაბაიძე, გარდა იმისა, რომ ბათუმის საკრებულოს წევრია, აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეცაა. 2008 წლიდან კი კომპანია “ნიუ ენერჯის” ბათუმის ფილიალის კონსულტანტის თანამდებობა ეჭირა.

შპს “ნიუ ენერჯი”, რომელიც 2004 წლის 8 აპრილსაა რეგისტრირებული თბილისში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის ერთ-ერთი ფავორიტი ფირმაა. იგი ყოველწლიურად მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო შეკვეთებს იღებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის 70%-ანი წილის მფლობელი ლუხუმ კაპანაძეა, 30%-ანი წილისა კი – ნიკოლოზ შაქარიშვილი, რომელიც იმავდროულად კომპანიის დირექტორიცაა.

“ნიუ ენერჯიმ” მიმდინარე წელს ბათუმის მერიისგანაც მიიღო სახელმწიფო დაკვეთა ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვის გზით, მთლიანობაში, 8 046 807,41 ლარის ღირებულების.

სახელმწიფო შესყიდვის საგანი: სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები გოგებაშვილიდან ბარათაშვილის ქუჩამდე, ძველი ბათუმის ქუჩების სავალი ნაწილის საფუძვლების მომზადების სამუშაოები.

ფარნავაზ მეფის ქუჩის რეკონსტრუქციისთვის, ბათუმის მერიამ 598 930 ლარის ღირებულების სამუშაო შეისყიდა კომპანია “ფიროსმანისგან” ერთ პირთან მოლაპარაკებისა და გამარტივებული შესყიდვის გზით.

შპს “ფიროსმანს” საკრებულოში შესვლამდე თამაზ გორგილაძე ხელმძღვანელობდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი თამაზ გორგილაძე 33,94%-ან წილს ფლობს აღნიშნულ კომპანიაში, ხოლო 33,06%-ან წილს – რევაზ არძენაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ქედის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. დეპუტატობამდე არძენაძე შპს “ბაზ-პლასტიკის” დირექტორი იყო, რომელიც 2011 წლიდან შპს “ფიროსმანს” შეერწყა.

ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით, რომელიც რევაზ არძენაძემ 2011 წლის 5 იანვარს შეავსო, შპს “ბაზ-პლასტიკისა” და “ფიროსმანისაგან”, გასულ წელს, მან 228 000 ლარის შემოსავალი მიიღო. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ის ხელფასსაც იღებს ბიუჯეტიდან: გასულ წელს მისმა შრომითმა ანაზღაურებამ 31 200 ლარი შეადგინა.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ კოშკზე დამატებითი სამუშაოები აჭარის უმარლესი საბჭოს წევრის კომპანიამ შეასრულა
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ კოშკზე დამატებითი სამუშაოები აჭარის უმარლესი საბჭოს წევრის კომპანიამ შეასრულა

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – ზაზა გოგოტიშვილი.  სამშენებლო კომპანია “ანაგი” მან რამდენიმე წლის წინ დააფუძნა, თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი მისი მეუღლე – ნანა აროშიძეა.

მიმდინარე წელს ბათუმის მერიამ შპს “ანაგისგან” 997 040,36 ლარის ღირებულების სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვა განახორციელა – გასართობი ატრაქციონის ფუნდამენტის მოწყობისა და ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ კოშკზე დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად.

ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით, რომელიც გოგოტიშვილმა 2011 წლის 5 იანვარს შეავსო, მისმა მეუღლემ, ნანა აროშიძემ, გასულ წელს შპს “ანაგისგან” 72 027 ლარის შემოსავალი მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, აროშიძე კიდევ შვიდი კომპანიის მფლობელი ან თანამფლობელია, თავად ზაზა გოგოტიშვილი კი – ოთხის.

როგორც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა, გოგოტიშვილმა გასულ წელს 33 600 ლარი გამოიმუშავა.

ბათუმის მერიას სხვა ფავორიტი ფირმებიც ჰყავს, თუმცა მათ შორის ყველა “მსუყე შეკვეთა” შპს “ზიმო-7”-ს, შპს “ზიმო”-სა და შპს “გზა”-ს აქვს მიღებული.

“ზიმო-7”-მა წელს ბათუმის მერიის დაკვეთით 5 299 900 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. ეს კომპანია ბათუმშია რეგისტრირებული და მისი 73%-ანი წილის მფლობელი ბეგლარ აბუსერიძეა, 25%-ს კი შპს “ზიმო” ფლობს, რომელმაც, თავის მხრივ, 21 799 026,33 ლარის ღირებულების სახელმწიფო შეკვეთა მიიღო წელს ბათუმის მერიიდან.

“ზიმო”-ცა და “ზიმო-7”-იც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ფონდის სტაბილური შემწირველები არიან. მაგალითად, 2010 წლის არჩევნებისთვის “ზიმო” 50 ათასი, “ზიმო-7” კი – 30 ათასი ლარით შეეწია მმართველ პარტიას.

რაც შეეხება შპს “გზა”-ს, მან ერთ პირთან მოლაპარაკების, ელექტრონული ტენდერის, გამარტივებული შესყიდვის გზით, ბათუმის მერიიდან წელს, ჯამში, 7 348 029,98 ლარის შეკვეთა მოიპოვა. შესყიდვის საგანი: ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედის სავალი ბილიკების სამშენებლო სამუშაოები, ასფალტირებული ქუჩების სარემონტო სამუშაოები, ადლიის საბაჟო ტერმინალთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და სხვა.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, კომპანიას აჭარის ა/რ თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ძმა – ირაკლი ვარშალომიძე აკონტროლებს. ბათუმის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერების მონიტორინგს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალი აწარმოებს.

“სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, სატენდერო კომისიის წევრი ვალდებულია, გამარჯვებულის გამოვლენის დროს წარმოადგინოს წერილობითი სახის დასკვნა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის გარემოება, რის საფუძველზეც მიანიჭა უპირატესობა მოცემულ პრეტენდენტს. ჩვენ მიერ შესწავლილ არც ერთ სატენდერო შესყიდვაში მსგავსის სახის წერილობითი  დასკვნა კომისიის წევრებს არ წარმოუდგენიათ და გადაწყვეტილების მიღების დროს შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ ზეპირი შეფასებით და გადაწყვეტილების სხდომის ოქმში დაფიქსირებით, რაც კანონის უხეში დარღვევაა”, – ამბობს ფილიალის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

საია-ს ინფორმაციით, ბათუმის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერების უმრავლეს შემთხვევაში ადგილი აქვს მხოლოდ ერთი კომპანიის (შპს “აჭარგანათება”, შპს “გზა”, შპს “ფიროსმანი”, შპს “ზიმო”)  დომინირებულ მდგომარეობას, რაც, ძირითადად, მაღალი ადმინისტრაციული ბარიერის არსებობითაა გამოწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი