ეკონომიკა

როგორ შეძლებენ მომავალი თაობის პენსიონრები საკუთარი პენსიის დაგროვებას

17 მარტი, 2016 • 2377
როგორ შეძლებენ მომავალი თაობის პენსიონრები საკუთარი პენსიის დაგროვებას

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოთარ ძიძიკაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა დაგეგმილ საპენსიო რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს როგორც მომავალი თაობის პენსიონრების, ასევე არსებული პენსიონრების კუთხითაც.

კერძოდ, შემოდის კერძო დაგროვებითი მოდელი, როდესაც მოქალაქე საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, დამსაქმებელი და სახელმწიფო კი ვალდებულები იქნებიან დამატებით კიდევ 2-2% გადაურიცხონ. მოქალაქეები ამ თანხის გამოყენებას საპენსიო ასაკის შემდეგ შეძლებენ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

რაც შეეხება არსებული პენსიონერების ვითარებას, ოთარ ძიძიკაშვილის თქმით, მათი პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს:

“აღიშნული რეფორმა შედგება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან. ერთი ეხება არსებულ პენსიონერებს. ჩვენი მიზანია, რომ არსებული პენსიონერების სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ამიტომაც შემოგვაქვს მექნიზმი, რომელიც გაამყარებს სოციალურ პენსიის ფუნქციას, რაც მდგომარეობს სიღარიბესთან ბრძოლაში. ანუ, ჩვენი საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ მოიმატებს ინფლაციის დონესთან ერთად. ანუ, დღევანდელი სისტემის თანახმად, პრაქტიკულად პენსიონერი დაუცველია ინფლაციური მოვლენებისგან და არ არსებობს რეალურად ის მეთოდები, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება”.

მანვე განმარტა, რომ პენსიის მინიმალური ზრდა უნდა შეესაბამებოდეს ინფლაციის მაჩვენებელს, თუმცა ზრდა ხანდახან შეიძლება კოეფიციენტის შემუშავების მეშვეობითაც მოხდეს.

“მინიმუმ ინფლაციასთან იქნება ინდექსაცია. ეს იმას გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაცია იქნება მაღალი ქვეყანაში, იმ წელს ინფლაციაზე გაცილებით მეტი მიეცემა პენსიონერს, [ეკონომიკური] ზრდის თვალსაზრისით, პროცენტულად. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა იქნება მოკრძალებული ეკონომიკური ზრდა, მაშინ მინიმუმ ინფლაციის დონით გაიზრდება პენსია,”- ამბობს ოთარ ძიძიკაშვილი.

ძიძიკაშვილმა ასევე ისაუბრა კერძო, დაგროვებით პენსიის მოდელზეც:
“[რეფორმის] მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეხება მომავალი თაობის პენსიონერებს. რაც მდგომარეობს კერძო დაგროვებითი მოდელის დანერგვაში. ეს არის აპრობირებული მოდელი და ვფიქრობ საქართველოც უკვე იმყოფება განვითარების იმ ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანია მსგავსი სისტემის არსებობა იმისათვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ უფრო მაღალი საპენსიო შემოსავალი და   მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადახდილ სოციალურ პენსიაზე დამოკიდებული არ იყვნენ. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად უზრუნველი საპენსიო ცხოვრების დაგეგმვის შესაძლებლობა – ზუსტად ამას სთავაზობს ჩვენი მოდელი”, – ამბობს ძიძიკაშვილი და დაგროვებითი პენსიის მოდელის დეტალებზეც საუბრობს:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოდელი ამოქმედდება 2017 წლის ოქტომბრიდან. თანამონაწილეობის პრინციპი იქნება შემდეგნაირი: მოქალაქე განახორციელებს 2%-იან შენატანს საპენსიო ფონდში და ამის წახალისების მიზნით, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული იქნებიან დამატებით 2-2% გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე. ანუ, მთლიანი შენატანი იქნება 6%. ეს თანხა არ დაიბეგრება, შემდეგ მოხდება ამ თანხების ინვესტირება ეკონომიკაში, დაერიცხება აღნიშნულ თანხას მოგება, გაიზრდება ყოველთვიურად, ყოველწლიურად მთლიანი დანაზოგები და შესაბამისად, ხელმისაწვდომობა მოქალაქეს ექნება, როდესაც მიაღწევს საპენსიო ასაკს.

კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საპენსიო ასაკამდე. ამჟამად არსებული პენსიონერები კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ უკვე  მიაღწიეს საპენსიო ასაკს.  თუმცა, როდესაც მოქალაქე მოაღწევს საპენსიო ასაკს, მაგალითად, მთელი წელი ახორციელებდა შენატანს, მას შეუძლია გააგრძელოს და გარკვეული პერიოდი გააგრძელოს შენატანების განხორციელება.

მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში ეს თანხა ასივე პროცენტით გადაეცემა მემკვიდრეს, იმიტომ, რომ ეს არის თქვენი თანხა, თქვენი ფული. დაახლოებით ისეთი, რომ წარმოიდგინოთ, რომ საბანკო ანგარიშზე გაქვთ შეტანილი თანხა, თუმცა ხელმისაწვდომობა მაშინვე არ გაქვთ. ასევე, იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რა შემთხვევაში შეიძლება, რომ მოქალაქემ საპენსიო ასაკის გასვლამდე გამოიტანოს ეს თანხა – რაც გულისხმობს სხვადასხვა მძიმე დაავადებებს და ა.შ.”.

საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, ეს დაცული მექანიზმი იქნება, ვინაიდან ფონდს კერძო სექტორი მართავს, რისკ-პარამეტრებს კი სახელმწიფო დაუდგენს:

“ამ ფონდის მართვას განახორციელებს კერძო სექტორი. მთავრობა ამ ფონდის მართვაში არ და ვერ ჩაერევა. მეორე მხრივ, ამ ფონდის მართვას და საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს სახელმწიფო.  რისკ-პარამეტრებს სახელმწიფო და მარეგულირებელი დაუდგენს, მოახდენს ინვესტირების პროცესის მონიტორინგს, იმისათვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს გაწერილი კრიტერიუმებით და გაიდლაინებით. იგივე პრინციპები ვრცელდება, როგორც მაგალითად, დღევანდელ საბანკო სექტორშია – როდესაც მარეგულირებელი აკონტროლებს და ეს სისტემა არის საკმაოდ დაცული – გაკოტრების, ან თანხის დაკარგვის რისკი არ არის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი