ჩვენ

Posted by on July 13, 2015

Netgazeti.ge არის ქართულენოვანი ახალი ამბების ვებ გვერდი, რომელიც 2010 წელს დაარსა გაზეთმა “ბათუმელებმა”.

რადაგანაც “ბათუმელები” ქართულენოვანი ყოველკვირეული ბეჭდური გამოცემაა, რომელიც ძირითადად ვრცელდება აჭარაში, მისი მიზანი იყო გაევრცელებინა მისი მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი და ღირებულებები მთლიანად საქართველოში ინტერნეტ გამოცემის საშუალებით.

Netgazeti.ge-ს მისიაა გააშუქოს საქართველოში მიმდინარე მოვლენები [შეძლებისდაგვარადა საერთაშორისო ამბებიც] და გაზარდოს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ქართულენოვანი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის. ნეტგაზეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაიცვას მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი მოვლენების გაშუქებისას. გაშუქებისას ნეტგაზეთისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის უფლებების, მოწყვლადი, დაუცველი ჯგუფების, უმცირესობების პრობლემების გაშუქება.

ახალი მედიის პლატფორმების გამოყენებით ნეტგაზეთი აუდიტორიას აწვდის ვიდეო, აუდიო, ფოტო კონტენტს და აშუქებს საგანგებო ამბებს live blogging -ის პლატფორმების გამოყენებით. netgazeti.ge იყო პირველი ქართულენოვანი ახალი ამბების ვებ გვერდი, რომელმაც დაიწყო პირდაპირი ვიდეომაუწყებლობა ვებ გვერდზე Livestream-ის გამოყენებით, თუმცა მოგვიანებით ის შეწყვიტა ფინანსური პრობლემების გამო.

ამჟამად ნეტგაზეთი ინფორმაციის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა ინტერნეტში. Freedom House-ის 2012-14 წლის ანგარიშებით “დამოუკიდებელი ნეტგაზეთი ცნობილია მოვლენების დაბალანსებული გაშუქებით”.

მფლობელების გამჭვირვალობა

ნეტგაზეთის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი აქ მომუშავე ჟურნალისტების გარდა მისი მფლობელიცაა. ვებ გვერდის გამომცემელია შპს “გაზეთი ბათუმელები”, რომელიც 2001 წელს დაარსეს ბათუმში მომუშავე ჟურნალისტებმა. დღემდე გაზეთის მფლობელები არ შეცვლილან. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, მზია ამაღლობელი, ამჟამად კომპანიის დირექტორია, ხოლო მეორე მფლობელი ეთერ თურაძე “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი. “ბათუმელები” MDLF -ის ერთადერთი კლიენტია საქართველოში. ნეტგაზეთი სწორედ ამ ორგანიზაციის კონსულტაციის შედეგად შექმნა.


დაფინანსების წყაროები

ნეტგაზეთს დაფინანსების ორი წყარო აქვს: გრანტები და სარეკლამო შემოსავლები. ამ უკანასკნელის წილი ბიუჯეტში მცირეა, თუმცა ყოველწლიურად იზრდება და ვებ გვერდის მიზანია საკუთარი შემოსავლებით ეტაპობრივად ჩაანაცვლოს გრანტები.

netgazeti-ს 5 წლის განმავლობაში უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა Sourcefabric-ი. ეს მხარდაჭერა გულისხმობდა უფასო CMS-ს, ვებ გვერდის დამზადებას და რედიზაინს, ასევე ჰოსტინგით უზრუნველყოფას.

დაარსების დღიდან დღემდე ვებ გვერდის ერთ-ერთი მთავარი დონორია ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მედიის მხარდამჭერი პროგრამა, რომელმაც არაერთხელ გასცა გრანტი ნეტგაზეთის საქამიანობისთვის. თუმცა ეს მხარდაჭერა არ გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, ისევე როგორც ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული მასალები და მოსაზრებები არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.

ნეტგაზეთის ერთ-ერთი მხარდამჭერია ასევე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო, რომლის დახმარებით ვებ გვერდმა 2013 წელს დაიწყო სამხრეთ კავკასიის ამბების გაშუქება. ამ შემთხვევაშიც ეს დახმარება არ გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობასა და კონტენტის წარმოებაში ჩარევას.

2012 წელს ნეტგაზეთს ფინანსურად დაეხმარა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელმაც კრიზისულ სიტუაციაში მყოფ გამოცემის დასახმარებლად ქროუდფანდინგის კამპანია დაიწყო.

ჯილდოები

2011: საქართველოს ომბუდსმენთან არსებულმა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საბჭომ ნეტგაზეთი დაასახელა, როგორც ყველაზე ტოლერანტული გამოცემა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში.

2013: ნეტგაზეთმა მიიღო ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, ნომინაცია: ყველაზე ინფორმატიული სააგენტო, ან ონლაინ გაზეთი საქართველოში.

სტატისტიკა

google analytics-ის მიხედვით ნეტგაზეთს 2014 წელს ჰყავდა 1,106,873 უნიკალური ვიზიტორი. ამჟამად ვებ გვერდს თვეში საშუალოდ 165 ათასი უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს.

გაზეთ ბათუმელების მფლობელები

გაზეთ ბათუმელების მფლობელები

რეესტრის ამონაწერში დასახელებული პირები წარმოადგენენ მფლობელების, მზია ამაღლობელისა და ეთერ თურაძის ოჯახის წევრებს. რეგისტრაციის დროის არსებული კანონმდებლობით ორგანიზაციის დამაარსებელი პირების რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. ნეტგაზეთი არ წარმოადგენს სამართლებრივ სუბიექტს, ის “გაზეთ ბათუმელების” ერთ-ერთი პროდუქტია.