2010.02.20

პროკურატურა ჟურნალისტის საქმით დაინტერესდა

მედია,
“გაზეთ ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის მიმართ, გასული წლის 25 ნოემბერს, ქართული სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე, აჭარის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 2010 წლის 18 თებერვალს აღძრა. საქმეს აჭარის პროკურატურის გამომძიებელი გელა მახარაძე იძიებს.

“გაზეთ ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის მიმართ, გასული წლის 25 ნოემბერს, ქართული სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე, აჭარის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 2010 წლის 18 თებერვალს აღძრა. საქმეს აჭარის პროკურატურის გამომძიებელი გელა მახარაძე იძიებს.

გამომძიებლის თქმით, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის 333-ე, ანუ სახელმწიფო მოხელის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

გუშინ გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა “გაზეთ ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი და მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე. ასევე მოწმის სახით დაკითხავენ _ თედო ჯორბენაძესაც, რომელმაც გამოძიების დაწყების თხოვნით აჭარის პროკურატურას 2009 წლის 30 ნოემბერს მიმართა.

ამ მიმართვაზე აჭარის პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია, რის შემდეგაც თედო ჯორბენაძემ ანალოგიური თხოვნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს. 10 თებერვალს, “გაზეთ ბათუმელებს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, რომ თედო ჯორბენაძის განცხადებაზე რეაგირება ისევ აჭარის პროკურატურას დაევალა.

თედო ჯორბენაძის დაშანტაჟება, პირადი ცხოვრების ხელყოფით, სპეცსამსახურებმა 2009 წლის 25 ნოემბერს სცადეს: საღამოს საათებში, რედაქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, თედო ჯორბენაძეს დახვდა ორი ადამიანი, წარუდგენენ როგორც “ორგანოს თანამშრომლები” და ძალის გამოყენებით სცადეს მისი ავტომანქანაში ჩასმა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ისინი დასთანხმდნენ ჟურნალისტის წინადადებას, რომ თვითონ მივიდოდა მათთან.

აჭარის უშიშროების ყოფილ შენობაში მისულ თედო ჯორბენაძეს, ეთერ თურაძესა და მზია ამაღლობელს შეხვდა ვინმე “ბატონი დავითი” (ასე გაეცნო ის ჟურნალისტებს). მან თედო ჯორბენაძეს აჩვენეს პრინტერზე ამობეჭდილი შიშველი მამაკაცების შავ-თეთრი ფოტოები და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი თვითონ იყო.

როგორც თედო ჯორბენაძემ განაცხადა, “ბატონმა დავითმა” მას უთხრა: “თქვენი რედაქციით დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და თქვენ, როგორც რედაქციაში გადაწყვეტილების მიმღებმა ერთ-ერთმა პირმა, ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთ”.

ამ შეთავაზებაზე უარის მიღების შემდეგ “ბატონი დავით” და მისი თანამშრომელი _ “ბატონი ზაზა” გადავიდნენ შაურაცყოფასა და მუქარაზე (თავისი გვარის გამხელაზე ამ უკანასკნელმაც უარი განაცხადა). მათ ჟურნალისტს უთხრეს, რომ ის არის “უნამუსო”, “მამათმავალი” და მისი სექსუალური ორიენტაციის ამსახველ ფოტოებს ყველგან გაავრცელებენ.

“გაზეთმა ბათუმელებმა” თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებული შანტაჟი და მუქარა შეაფასა, როგორც სპეცსამსახურების მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეში მცდელობა.

გასული წლის 26 ნოემბერს, "ბათუმელების" თანამსრომლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. გაზეთის გამომცემელმა კი დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

 თედო ჯორბენაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.