2012.04.05

“არჩევანის თავისუფლებისთვის” მურმან დუმბაძისაგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისთვის” წევრებმა დღეს განცხადება გაავრცელეს მედიის საშუალებით სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავდა ქსენოფობიას, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშნებს.

‘’მივმართავ საქართველოში მოქმედ როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიცურ პარტიებს, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ლიდერებს, არანაირი მიზანი, მათ შორის არც ხელისუფლებაში დარჩენის ან მოსვლის სურვილი,  არ ამართლებს საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად  აღნიშნული თემებით მანიპულირებას. დაუშვებელია, ოპონენტის ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება იქცეს პოლიტიკური დებატების დროს საკუთარი პოზიციის არგუმენტად.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საჯაროდ მოვახდენთ რეაგირებას ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, პოლიტიკური ლიდერის ან საზოგადო მოღვაწის ქმედებასა თუ განცხადებაზე, რომელიც იქნება მცდელობა, საარჩევნო კამპანიაში დაამკვიდროს პოლიტიკური ბრძოლის ასეთი მეთოდები, სტანდარტები და წესები’’-   ეს  ამონარიდია განცხადებიდან, რომელსაც ხელს აწერენ  კოალიციის წევრები: ირაკლი მელაშვილი, ზვიად ქორიძე, კოტე კანდელაკი, უჩა ნანუაშვილი, ია მამლაძე, გოგი ხუჩიშვილი, დავით ნარმანია, მაგდა პოლიაშვილი, დავით ლოსაბერიძე, მურმან პატარაია, არნოლდ სტეპანიანი თამარ ჩუგოშვილი, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია, მამუკა ყუფარაძე და ია ანთაძე.

5 აპრილს ‘’მრავალეროვანო საქართველოს’’ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადების ავტორებმა  უშუალოდ მურმან დუმბაძისაგან მოითხოვეს საჯაროდ ბოდიშის მოხდა.

4 აპრილს კოალიცია ‘’ქართულმა ოცენებამ’’, რომლის წევრიც არის მურმან დუმბაძე, გაავრცელა ბოდიშის მოხდის განცხადება, თუმცა უშუალოდ მურმან დუმბაძეს ბოდიში არ მოუხდია.

‘’ საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად იზრდება ქსენოფობური განცახდებები. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო დაუბრუნდეს 20 წლის წინადელ პოლიტიკურ ცხოვრებას, როცა ასეთი განცხადებებით პოლიტიკოსები მანიპულირებდნენ’’ – განაცხადა პრესკონფერენციაზე ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილმა.

‘’ უდიდესია მედიის როლი ამ საკითხში. მედიამ არ უნდა მოახდინოს ქსენოფობიის ტირაჟირება’’, – ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

‘’მრავალაეროვანი საქართველოს’’  წარმომადგენლის, არნოლდ სტეპანიანის თქმით, ბოლო პერიოდში გაზრდილია ქსენოფობური განცხადებების რიცხვი, სწორედ ამიტომ სამოქალაქო სექტორის უკეთ ინფორმირებისათვის ‘’მრავალაეროვანი საქართველო’’ აგვისტოს თვიდან რეგიონებში მოსახლეობასთან საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს გეგმავს.