2012.03.20

სტუდენტური დასაქმების საიტი შეფერხებით მუშაობს

დღეს სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა საიტზე summerjob.ge შესვლა ვერ ხერხდება და საიტი ხელმიუწვდომელია. რამდენიმე მცდელობის შემდეგ თუ მოახერხებთ საიტზე შესვლას, უკვე დარეგისტრირების ეტაპებზე ვაწყდებით პრობლემებს. მესამე ეტაპის გავლა, სადაც სამუშაო ადგილს ირჩევს სტუდენტი, ვერ ხერხდება.

დღეს სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა საიტზე summerjob.ge შესვლა ვერ ხერხდება და საიტი ხელმიუწვდომელია. მსურველები რამდენიმე მცდელობის შემდეგ ახერხებენ საიტზე შესვლას, თუმცა შემდეგ, დარეგისტრირების ეტაპებზე აწყდებიან პრობლემებს. სტუდენტები მესამე ეტაპის გავლას, სადაც სამუშაო ადგილი უნდა აირჩიონ, ვერ ახერხებენ.

როგორც "ნეტგაზეთს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესამსახურის უფროსმა ნეტგაზეთს განუცხადა, ბევრი მსურველის გამო სერვერი გადაიტვირთა და აღნიშნული პრობლემა სწორედ ამიტომ წარმოიშვა.  ნინო პოტრჟებსკაიას განცხადებით, პრობლემა ნახევარ საათში აღმოიფხვრება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრაცია 3 000-მა სტუდენტმა გაიარა, ხოლო რეგისტრაციას 11 000 სტუდენტი გადის.

გარდა ამისა, შეფერხებით მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტიც, პოტრჟებსკაია ამ შეფერხებასაც სტუდენტურ სამუშაოზე რეგისტრაციის დაწყებას უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ბაკალავრიატის იმ სტუდენტებს, ვისაც სურვილი ექნებათ, 2012 წლის ზაფხულის არდადეგებზე სტუდენტური დასაქმების ერთთვიან პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ, 20 მარტის დილის 10 საათიდან, დასწრების პრინციპით, ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge უნდა დარეგისტრირდნენ.

დაახლოებით 90 ათასი სტუდენტიდან დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ 25 ათასი მოასწრებს.

დარეგისტირების ვადები ოფიციალურად 20 მარტიდან 20 აპრილამდე განისაზღვრა.