ახალი ამბები

მოსკოვის აფეთქების შესახებ ბოლო მონაცემები

25 იანვარი, 2011 • • 1363
მოსკოვის აფეთქების შესახებ ბოლო მონაცემები

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, არსებობს წინასწარი მონაცემი, რომ გუშინდელი ტერაქტის დროს მოსკოვის „დომოდედოვის“ აეროპორტში ორი ტერორისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ორივე აფეთქების დროს დაიღუპა.

„აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც ტერორისტმა ქალმა ჩანთა გახსნა. მას თან მამაკაციც ახლდა, რომელსაც აფეთქების შედეგად თავი მოეკვეთა.

გამორიცხული არ არის, რომ ტერორისტებს დარბაზშივე უნდოდათ ასაფეთქბელი მოწყობილობის დატოვება და აფეთქება მოულოდნელად მოხდა“,–ამბობს რია ნოვოსტისთან საუბარში ინფორმაციის წყარო.  

არსებობს ასევე მონაცემები, რომ ტერორისტები აეროპორტში მათმა თანამოაზრემ მიიყვანა, რომელიც ავტოსადგომებთან იცდიდა. ამ წუთებისთვის სამართალდამცავები პარკირების სრულ დოკუმენტაციას და ვიდეო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ.  

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, მოსკოვის დროით 16:32 წუთზე,  „დომოდედოვის“აეროპორტში აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, რომელთაგან 25–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

სამართალდამცავებმა და საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეფასეს. არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტი ჩრდილოეთ კავკასიის რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის დაგეგმილია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი