2012.03.05

ბრიტანელი ტრენერების რეკომენდაციები კულტურის სამინისტროს

“ქვეყანას უნდა გააჩნდეს ზუსტი სტატისტიკა, თუ რა სახის საზოგადოებას რა აინტერესებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდეს მარკეტინგული გეგმების დასახვა"-ქეით სანდერსონი.

დღეიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბრიტანეთის საბჭომ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის სპეციალური ორდღიანი ვორქშოფი დაიწყო.

ორგანიზატორების განცხადებით, ვორქშოფის ჩატარება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების უმეტესობას არ აქვს ნასწავლი კულტურის მენეჯმენტი, რომლის სწავლებაც საქართველოში მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყო.

სამუშაო შეხვედრა ძირითადად მაყურებელთან მუშაობას და თანხების სხვა გზებით მოზიდვას შეეხება. შეხვედრას ბრიტანელი ტრენერები უძღვებიან.

დღესვე, შეხვედრის მიმდინარეობისას, უკვე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც კულტურის სფეროში არსებობს, მათ შორის საავტორო უფლებების, პროდუქტის საზღვარგარეთ გატანის, სპონსორების მოძიების საკითხები, თუმცა საერთო პრობლემა მომხმარებლის მოზიდვა აღმოჩნდა.

ბრიტანელმა ტრენერებმა წარმოადგინეს კვლევა, რომელსაც ბრიტანეთში სახელმწიფო ატარებს იმისათვის, რომ შემდგომში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვაში დაეხმაროს. კვლევა, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა ფენების ინტერესებია წარმოდგენილი, შეიცავს რეკომენდაციებს კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი კვლევა საქართველოს არ გააჩნია.

ორგანიზაცია Audience London–ის წარმომადგენელი და ვორქშოფის ერთ–ერთი ტრენერი ქეით სანდერსონი აღნიშნავს, რომ გარკვეული პრობლემები და განსხვავებები უკვე გამოიკვეთა და კარგი იქნება, თუკი რეკომენდაციებს სამინისტრო გაითვალისწინებს:

“ჩვენ მხოლოდ დღეს დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ უკვე ვხვდებით, რომ ეს სემინარი გამოსადეგი იქნება ორივე მხარისთვის– როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კულტურის სფეროს უშუალო წარმომადგენლებისთვის. უნდა ჩატარდეს უფრო მეტი კვლევა, ეს უნდა მოხდეს სამინისტროშიც და ერთობლივი ძალებითაც. არ ვიცი, მომავალში თუ გაითვალისწინებენ, მაგრამ ეს იქნებოდა ჩვენი რეკომენდაცია”, – განაცხადა ქეით სანდერსონმა.

მისივე თქმით, გამოიკვეთა განსხვავებები საქართველოსა და ბრიტანეთს შორის - მაგალითად ის, რომ ბრიტანეთში კვლევის თანახმად უფროსი თაობა მეტადაა დაინტერესებული თეატრებში, მუზეუმებში და სხვა კულტურულ დაწესებულებებში სიარულით, საქართველოში კი, სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ახალგაზრდები მეტ ინტერესს იჩენენ, – “სწორედ ამიტომ ქვეყანას უნდა გააჩნდეს ზუსტი სტატისტიკა, თუ რა სახის საზოგადოებას რა აინტერესებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდეს მარკეტინგული გეგმების დასახვა. თუმცა, კვლევით თუ მის გარეშე, საბოლოო მიზანი კულტურის სფეროთი აუდიტორიის დაინტერესებაა და ორი დღის მანძილზე სწორედ ამ კუთხით განვაგრძობთ საუბარს”, – აღნიშნა ქეით სანდერსონმა.

როგორც რუსთაველის თეატრის მმართველი, ზაალ ჩიქობავა აცხადებს, საქართველოში ერთ–ერთ პრობლემას სწორედ მსგავსი კვლევების არქონა წარმოადგენს:

“არის მთავარი რგოლი, ხელმძღვანელი ორგანო, ჩვენს შემთხვევაში კულტურის სამინისტრო, რომლისგანაც უნდა მოდიოდეს მიმართულება, თუ კონკრეტულად რა პრობლემები არსებობს,  რომ შემდეგ ამ კუთხით ვიმუშაოთ. კვლევა ჩასატარებელია მთლიანად სახელოვნებო სფეროში, საიდანაც ჩვენ დავინახავთ, სად შეიძლება მარკეტინგული გათვლის და პიარის მხრივ მოქმედება, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ და მოვიზიდოთ მომხმარებელი. ხელოვნება მთლიანობაში მაინც ერთ გარკვეულ აუდიტორიას მოიცავს და საერთო მუშაობაა საჭირო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ვორქშოფს ჩვენ გარდა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ”, – განაცხადა ზაალ ჩიქობავამ.

სამინისტროს მხრიდან სემინარს მხოლოდ წიგნის და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი ირინა ჭოღოშვილი ესწრება. მისი თქმით, კულტურის სამინისტრო სწორედ იმიტომაა პროექტის მხარდამჭერი, რომ ის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რაც გამოიკვეთება. დაგეგმილია კვლევების ჩატარებაც, თუმცა ეს სკმაოდ რთული პროცესია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული:

“ღირებულია არა მხოლოდ ის, რომ ხელოვანები პროდუქტს ქმნიდნენ, არამედ ისიც, რომ ხდებოდეს ამ პროდუქტის რეალიზაცია. სწორედ ამის გამო, რა რეკომენდაციაც იქნება, შევეცდებით სამინისტროს დახმარებით დავნერგოთ და მომავალში ისე დაიგეგმოს პოლიტიკა, რომ ყველაფერი გავითვალისწინოთ. როგორც ვიცი, უკვე იგეგმება რამდენიმე კვლევის ჩატარება, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ ხალხი ბიბლიოთეკებში, მწერალთა სახლში და ა.შ.”, – ამბობს ირინა ჭოღოშვილი.