2012.01.20

ეკატერინე ხვედელიძემ არჩევანი ტელეკომპანიასა და პარტიას შორის უნდა გააკეთოს

მედია, ბიძინა ივანიშვილი,
ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს მოუწევს, სამომავლოდ არჩევანი გააკეთოს პოლიტიკური პარტიის ლიდერობასა და ტელეკომპანია ”იგრიკას” მფლობელობას შორის, ამას მას ქართული კანონმდებლობა ავალდებულებს.

ეკატერინე ხვედელიძე

ეკატერინე ხვედელიძე

ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს მოუწევს, სამომავლოდ არჩევანი გააკეთოს პოლიტიკური პარტიის ლიდერობასა და ტელეკომპანია ”იგრიკას” მფლობელობას შორის, ამას მას ქართული კანონმდებლობა ავალდებულებს.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა თამარ კორძაიამ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე,  მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი. როგორც კორძაია ამბობს, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირის ოჯახის წევრებზე.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ დღეს, 20 იანვარს, დაადასტურა, რომ შპს ,,იგრიკა“, რომელსაც აქვს საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა. პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს ხანში დაგეგმილია ახალი სატელიტური ტელემაუწყებლობის ამოქმედება.

მანამდე კი ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე არ მოხდება მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება, მაშინ პოლიტიკურ პარტიას სწორედ ეკატერინე ხვედელიძე შექმნის და პარტიის ლიდერიც ის იქნება.