2012.01.13

მონიტორინგი ციხეებში საჯაროობის აკრძალვით

ადამიანის უფლებები,
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტრომ ციხეების მონიტორინგში ჩართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ქცევის კოდექსის პროექტი შეიმუშავა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციებს ციხეებში აღმოჩენილი დარღვევების საჯაროდ გაცხადებას უკრძალავს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტრომ ციხეების მონიტორინგში ჩართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ქცევის კოდექსის პროექტი შეიმუშავა, რომელიც აღნიშნულ ორგანიზაციებს ციხეებში აღმოჩენილი დარღვევების საჯაროდ გაცხადებას უკრძალავს.

აღნიშნული ქცევის კოდექსის სამუშაო ვერსია სასჯელაღსრულების სამინისტრომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე 2011 წლის დეკემბრის დასაწყისში წარმოადგინა. სამინისიტრომ სამუშაო ჯგუფში შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციებს შენიშვნების წარმოდგენა ერთკვირიან ვადაში სთხოვა, რაც არასამთავრობოებმა შეასრულეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯერჯერობით არ იციან, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაითვალისწინა თუ არა მათი შენიშვნები ქცევის კოდექსთან დაკავშირებით და საერთოდ, რა ეტაპზეა კოდექსის მიღების საკითხი.

აღნიშნული საკითხების გასარკვევად ”ნეტგაზეთმა” მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, თეა სუხიშვილს, რომელსაც კითხვები ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნეთ და პასუხს ველოდებით.

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვს როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", ისე "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" სისხლის სამართლის კომიტეტის წევრ გიორგი თევზაძეს, რომელიც პატიმართა უფლებების დაცვაზე წლებია მუშაობს.

ეთიკის კოდექსის პროექტი სულ 8 მუხლისგან შედგება, რომელთაგან მინიმუმ სამი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა იურისტებმა დაიწუნეს და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს მათი შეცვლის რეკომენდაციით მიმართეს.

მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის მესამე მუხლის მეორე პუნქტში წერია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენელი ვალდებულია, თავი შეიკავოს დაწესებულების შიდა პოლიტიკაში ჩარევისგან.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი გიორგი თევზაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფორმულირება ზოგადი და არაგანჭვრეტადია, რაც დაწესებულების ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, თვითნებურად განმარტოს მისი შინაარსი. ვინაიდან არ არის დაზუსტებული, რა ქცევა იგულისხმება ჩარევად, სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს შეეძლება, სურვილის შემთხვვეაში, ამ ნორმის გამოყენებით  დაწესებულებაში საერთოდ აუკრძალოს მუშაობა ორგანიზაციას.

ეთიკის კოდექსის მეშვიდე მუხლი, ასევე, სადავო პირველი პუნქტი ამგვარად არის ფორმულირებული: ”ორგანიზაციის წარმომადგენელი ვალდებულია, არ გაახმაუროს დაწესებულებაში წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემა და აღნიშნული მოაგვაროს დაწესებულების ადმინისტრაციასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან და სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე. ”

”ჩვენ მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული ვალდებულება ბუნდოვანია. გამოდის, რომ არც ერთ პრობლემაზე საუბარი არ შეეძლება იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც იმყოფება ციხეში. ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული ფორმულირება, რომელიც გულისხმობს, რომ დაწესებულებაში პრობლემის შექმნის შემთხვევაში, პრობლემის გასაჯაროვებამდე ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა შეეცადოს მის მოგვარებას შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციასთან. ასეთი ერთპიროვნული აკრძალვა, რომ შენ არ გაასაჯაროვო პრობლემა, ძალიან ცუდად იყო ჩამოყალიბებული,” - განუცხადა ”ნეტგაზეთს” "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმმა ნინო გობრონიძემ.

ადვოკატი გიორგი თევზაძე ამბობს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის რეკომენდაციაა, რომ აღნიშნული რეგულირება ეთიკის კოდექსიდან საერთოდ უნდა ამოიღონ, რადგან მონიტორინგის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ციხეში არსებული დარღვევების გამჟღავნება და მათი მსჯელობის საგნად ქცევა წარმოადგენს.

გიორგი თევზაძე, ასევე, მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ციხეში არსებული დარღვევების არგამჟღავნების დავალდებულება ამ ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევას ნიშნავს, რაც დაუშვებელია.

ნინო გობრონიძის თქმით, საია-მ ეთიკის კოდექსის მერვე მუხლის შეცვლის რეკომენდაციითაც მიმართა კალმახელიძის უწყებას. აღნიშნული მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი დაარღვევს ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სამინისტრო უფლებამოსილია, შეწყვიტოს მასთან ურთიერთობა და აუკრძალოს დაწესებულებებში შესვლა. ნინო გობრონიძის თქმით, ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნაა.

”კოდექსის სამუშაო ვერსიაში გაუგებარია, იმ ადამიანს ეკრძალება ციხეში შესვლა, ვინც კოდექსი დაარღვია, თუ ორგანიზაციას. შესაბამისად, რადგან დავინახეთ, რომ შესაძლოა, ძალიან მკაცრად იქნას ეს ნორმა გამოყენებული, სამინსიტროს შევთავაზეთ სხვანაირი ფორმულირება, რაც გულისხმობს არა ციხეში შესვლის აკრძალვას, არამედ – გაფრთხილებას.  განმეორების შემთხვევაში კი, დაწესებულებაში შესვლის შეზღუდვად. ჩვენ, ასევე, შევთავაზეთ, დაკონკრეტდეს, ვინ რა ფორმით და როგორ მოახდენს კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე ზედამხედველობას,” - ამბობს საია–ს იურისტი ნინო გობრონიძე.

ადვოკატი გიორგი თევზაძე აცხადებს, რომ თუ საქართველოს პენიტენციალური სისტემა მზად არის ღიაობისა და საჯაროობისათვის და კარს უღებს არასამთავრობო სექტორს პენიტენციალური სისტემის მართვაში მონაწილეობის მისაღებად, არ არის საჭირო ზედმეტი შეზღუდვების დაწესება ამ ორგანიზაციებისათვის. ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუ ქცევის კოდექსი არ შეიცვალა და პირვანდელი სახით დამტკიცდა, ეს ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში სასჯელაღსრულების სისტემა არ არის მზად ღიაობისა და საჯაროობისათვის.

საია–ს წარმომადგენელი ნინო გობრონიძე დასძენს, რომ ”პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის” მიღება არ გულისხმობს მონიტორინგის ახალი მექანიზმის შექმნას. კოდქსი მხოლოდ ამჟამად არსებულ ვითარებას დაარეგულირებს და შეზღუდვებს დაუწესებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს მონიტორინგს უწევენ.