ახალი ამბები

ადამიანისთვის გენმოდიფიცირებული ღორის თირკმლის გადანერგვა წარმატებით დასრულდა

20 ოქტომბერი, 2021 • 1731
ადამიანისთვის გენმოდიფიცირებული ღორის თირკმლის გადანერგვა წარმატებით დასრულდა

ისტორიაში პირველად, ექიმებმა მოახერხეს ღორის თირკმლის ადამიანისთვის ისე გადანერგვა, რომ ადამიანის ორგანიზმმა უცხო სხეული მიიღო. ეს ოპერაცია შესაძლოა მედიცინაში სერიოზული გარღვევის მანიშნებელი იყოს და ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბაზარზე კრიზისი შეამსუბუქოს.

პროცედურა, რომელიც აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარე კლინიკა NYU Langone Health–ში ჩატარდა, გულისხმობდა ისეთი ღორის თირკმლის გადანერგვას, რომლის გენები ხელოვნურად იყო შეცვლილი. კერძოდ, მის ქსოვილებში აღარ იყო მოლეკულა, რომელიც ადამიანის სხეულში მოხვედრისას დაუყოვნებლივ უარყოფით რეაქციას იწვევს.

მიმღები (ანუ ის, ვისაც თირკმელი გადაუნერგეს) იყო პაციენტი, რომლის გონებაც უკვე გათიშული იყო. მას თირკმლის დისფუნქცია აღენიშნებოდა. პაციენტის ოჯახმა თანხმობა განაცხადა ექსპერიმენტში მის მონაწილეობაზე, სანამ ექიმები ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნიდნენ.

სამი დღის განმავლობაში, ახალი თირკმელი მის სისხლძარღვებთან იყო დაკავშირებული, თუმცა სხეულს გარეთ იყო მოთავსებული, რათა მკვლევრებს მასზე წვდომა ჰქონოდათ.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი რობერტ მონტგომერი ამბობს, ტრანსპლანტაციის შემდეგ თირკმელი „საკმაოდ ნორმალურად“ მუშაობდა. მისი თქმითვე, არ გამოვლენილა ორგანიზმის მიერ თირკმლის მიუღებლობის რაიმე წინასწარი ნიშანი.

ექიმ მონტგომერის თანახმად, მიმღების ორგანიზმში კრეატინინის მაღალი მაჩვენებელი — რაც თირკმლის არაეფექტური ფუნქციონირების ინდიკატორია — ტრანსპლანტაციის შემდეგ დასტაბილურდა.

შეერთებულ შტატებში დაახლოებით 107 000 ადამიანი არის ორგანოთა ტრანსპლანტაციის რიგში, მათ შორის 90 000-მდე ადამიანი თირკმელს ელოდება. მოცდის ვადა დაახლოებით 3-დან 5 წლამდე მერყეობს.

მკვლევრები ათწლეულებია, მუშაობენ ცხოველთა ორგანოების ადამიანისთვის გადანერგვის შესაძლებლობაზე, მაგრამ ჩიხში ექცეოდნენ ადამიანის სხეულის მიერ ცხოველთა ორგანოების მიუღებლობის გამო.

ექიმი მონტგომერის გუნდმა ივარაუდა, რომ ღორის გენის მოდიფიცირების შედეგად აღნიშნული პრობლემა მოგვარდებოდა.

ღორების გენეტიკური მოდიფიცირების პრაქტიკა აშშ-ის თერაპევტთა კორპორაციამ შეიმუშავა, რასაც GalSafe ეწოდება. შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA-მ) GalSafe-ს 2020 წლის დეკემბერში მიანიჭა ავტორიზაცია, თუმცა საკვებად გამოყენების მიზნით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ღორის ხორცზე ალერგია აქვს.

თუმცა სამედიცინო პროდუქტებს, რაც ღორისგან არის დამზადებული, დასჭირდება FDA-ს სპეციალური ავტორიზაცია ადამიანების სამკურნალოდ გამოსაყენებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი