სამართალი

ვანო მერაბიშვილი: ვამაყობ, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა

7 ოქტომბერი, 2010 • • 1680
ვანო მერაბიშვილი: ვამაყობ, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა

ინტერვიუ გამოქვეყნდა რია ნოვოსტის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე ,ჟურნალისტი დიმიტრი ვინოგრადოვი

 

ჟურნალისტი დიმიტრი ვინოგრადოვი ვანო მერაბიშვილთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ინტერვიუს საქართველოში ევროკავშირის დროშებზე საუბრით იწყებს, ის ამბობს, რომ  საქართველოში ყველა ფეხის ნაბიჯზე ევროკავშირის დროშებია, კავშირის, რომლის წევრივ საქართველო არ არის, მაგრამ ძალიან სურს რომ იყოს. ასეთივე დროშები კიდია ყველა დაწესებულებაში, სახელმწიფო დროშების გვერდით,- ამბობს ის.

ვანო მერაბიშვილი: საზოგადოება გრძნობს, რომ მისი გადარჩენა ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ქცევას უკავშირდება. სიმართლე გითხრათ, ბევრი ქართველისთვის ძალიან რთულია ევროპელად ქცევა. მნიშვნელოვან როლს ნათესაური კავშირები და აღმოსავლური თვისებები თამაშობს. ეს სწორედ ის არის, რისგან განთავისუფლებაც ჩვენ გვსურს, ჩვენი რეფორმებით. და ასევე საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა- კანონიერი ქურდები, საგზაო ინსპექტორების კორუფცია.

დ.ვ.– მეც მომეჩვენა, რომ თქვენი პოლიციელები, განსაკუთრებით აკადემიის სტუდენტები, არიან ევროპელები, ჯერ არაევროპულ საქართველოში.

ვ.მ.- მართლა? გამოდის, რომ ტყუილად არ გვიმუშავია.

არც ერთი მათგანი არ ჩამოფრენილა სხვა ქვეყნიდან, ისინი ჩვეულებრივი ქართველები არიან. მათგან 99%-ს პოლიციელად არ უმუშვია. ჩემი მოადგილეებისა და დეპარტამენტების უფროსების 90% ჯერ კიდევ 5-7 წლის წინათ არ იყვნენ პოლიციელები.

მთავარი ის არის, რომ  ჩვენთან რეფორმები ერთდროულად ყველა სფეროში დაიწყო. შედით ნებისმიერ სამინისტროში და ნახავთ, თუ რანდენად შეცვლილია ყველაფერი.

იუსტიციის სამინისტროში არის სპეციალური ორგანო, სამოქალაქო რეესტრი, ის პასპორტებს გასცემს. სისტემა იქ ისეთივე გამჭვირვალეა, როგორც შსს-ში მართვის მოწმობის გაცემის პროცესი.

ჩვენთან ქონების რეგისტრაციის სისტემა მსოფლიოში საუკეთესოა. ყველა ქონებას, რომელიც საჯარო რეესტრშია დარეგისტრირებული, ნებისმიერი კომპიუტერიდან ნახავთ. გაიგებთ, თუ ვინ არის მისი მფლობელი.  ნებისმიერი, ოფისი იქნება თუ სახლი, რამდენიმე წუთში შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ. ეს სისტემა ეხება კომპანიების რეგისტრაციასაც.

ცვლილებებია ფინანსურ სფეროში, პენიტენციალურ სისტემასა და განათლების სფეროში. საქართველოს ბიუჯეტი 7 წლის მანძილზე 25 –ჯერ გაიზარდა.

შეუძლებელია ერთ სისტემაში გაატარო რეფორმები და სხვა სისტემებს ხელი არ ახლო. კორუმპირებული სფეროები შსს-ზე მაინც მოახდენს გავლებას. როგორც ადამიანი, რომელმაც მთელ ორგანიზმს უნდა უმკურნალოს.

დ.ვ –  როგორ გაჩნდა იდეა, რომ უარი გეთქვათ საი-ზე (სახელმწიფო ავტო ინსპექცია) და გადასულიყავით პატრულის სამსახურზე? და რამდენად გაამართლა ამ იდეამ?

ვ.მ. – ჩემი აზრით, სისტემა ამერიკაში ისეთივეა, როგორც ჩვენთან, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ საის სახელი გადაარქვა და პატრული უწოდო. არც ის არის მთავარი, რომ მილიცია პოლიციად აქციო.  ყველაზე ძველი საის თანამშრომლები სახლში გავუშვით. იმიტომ, რომ ახალ სისტემას უფრო ადვილად შექმნი, ვიდრე დაცემულ სისტემას უშველი. მათ ნაცვლად ჩვენ  სრულიად ახალი ადამიანების რეკრუტირება მოვახდინეთ, რომლებმაც დაიჯერეს, რომ ისინი კარგი პოლიციელები იქნებოდნენ და საზოგადოებას ეს დაუმტკიცეს კიდეც. დღეს საქართველოს მოსახლეობის 82%-ს პოლიციისადმი ნდობა აქვს. 

ადრე ჩვენთან პოლიციელებს ძაღლებს ეძახდნენ, როგორც თქვენთან «легавого ან «мента». ახლა უკვე დიდი ხანია აღარ მსმენია ეს სიტყვა. ჩვენ დამნაშავეების ტელეფონებს ვისმენთ და ისინიც კი აღარ ამბობენ ამ სიტყვებს.

დ.ვ. – საშიში ხომ არ იყო სრულიად ახალ ადამიანებზე დაყრდნობა? რას იტყვით პროფესიონალიზმსა და კანონების ცოდნაზე? თქვენთან პოლიციის აკადემიაში, სტუდენტები 7-8 კვირის მანძილზე სწავლობენ, 4 წლის ნაცვლად – ამ დროის მანძილზე შეიძლება მხოლოდ საფუძვლის სწავლა.

ვ.მ – ვინც არ რისკავს, ის არც შამპანურს სვამს. შეცდომების არ უნდა გეშინოდეს. თუ შენ პატიოსანი ზრახვები გაქვს, მაშინ ყოველთვის შეგიძლია შეცდომები გამოასწორო.

რაც შეეხება პროფესიონალიზს, ეს მითია, იმიტომ, რომ არ არის პროფესიონალიზმი იქ, სადაც კორუმპირებული სისტემაა. 99% იქიდან, რასაც პოლიცია აკეთებს არის არა გამოძიება, არამედ ჩვეულებრივი, მიმდინარე საქმეები. თუ ადამიანს, პირველ რიგში, პირადი ინტერესები აქვს, და თუ ის ფიქრობს, როგორ გამოკვებოს ოჯახი და როგორ გადაუხადოს უფროსს, მისი პროფესიონალიზმის ფასი ნულია.

საგზაო მოძრაობის დარეგულირება ნებისმიერ მანქანას შეუძლია, ეს ეხება კონტრდაზვერვასაც. მე თავდაცვის მინისტრი ვიყავი. ჩვენ სუკის (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) თანამშრომლები სახლში გავუშვით, დასასვენებლად. და მოვიყვანეთ სრულიად ახალი ადამიანები, ბევრი მათგანი სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ჟურნალისტები და სხვ. ისინი თავის საქმეს ათჯერ უკეთესად ართმევენ თავს, ვიდრე ძველი პროფესიონალები.

გული უნდა გქონდეს. საჭიროა განათლება, ინტელექტი. როდესაც გაქვს საშუალება, რომ აარჩიო ორმოცდაათიდან, ირჩევ განათლებულს და ნიჭიერს. და ეფექტი ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე კარგად მომზადებული არამზედების შემთხვევაში.

დ.ვ. – რამდენია თქვენთან პოლიციელების საშუალო ასაკი?

ვ.მ.– 23-24 წელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელების – 31-32 წელი.

დ.მ.- თქვენი უფროსი შვილი ათი წლისაა, მალე ამ ასაკს მიაღწევს, აიყვანთ სამუშაოდ?

ვ.მ.- სანამ ის გაიზრდება, მე უკვე წავალ, მე ხომ თქვენი ნურგალიევი არ ვარ, რომ მარადიულად ვიჯდე. მაგრამ სანამ მინისტრი ვიქნები, ის შსს-ში არ წავა. არც ერთი ჩემი ნათესავი შსს-ში არ მუშაობს. ეს არის ჩვენი მთავრობის საერთო წესი.

პირიქით, ჩვენ გვინდა დავარღვიოთ ეს კლანურობის წესი. გავათავისუფლოთ ჩვენი საზოგადოება ძველი ტრადიციებისგან, როდესაც ხალხს მათი მეგობრები და ნათესავები მიყავდათ სამსახურში და ერთად წყვეტდნენ თავიანთ პრობლემებს.

ახალახანს დავნერგეთ წესი, რომელიც  პოლიციელისთვის პირადობის მოწმობის ჩვენებას კრძალავს, თუ ის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებს. არც ერთმა პოლიციელმა არ უნდა იგრძნოს თავი კანონისგან ”დაცულად”.

დ.ვ. – თუ თქვენ დაგიჯერებთ, ქართულ პოლიციაში იდილია სუფევს. როგორ უნდა მოიქცეთ ისე, რომ იდილიამ დეგრადაცია არ განიცადოს? გენერალური ინსპექცია აკონტროლებს ამას?

ვ.მ.-ამისათვის შეუქცევადი ცვლილებებია საჭირო. თუ გაკონტროლების სურვილი არსებობს, მარტივია. ჩვენთან 25 ათას პოლიციელზე 47 გენინსპექტორი მოდის. და მე არ მახსოვს მომხდარიყოს კანონდარღვევა, რომელიც გენინსპექტორებს არ სცოდნოდათ.

მოდით, სიმართლე ვთქვათ, ისეთ დიდ ქალაქშიც კი, როგორიც მოსკოვია, ყველამ ყველაფერი იცის, არ არის რთული გაიგო, ვინ აიღო ქრთამი, თუ სურვილი გაქვს.

შემიძლია დიდხანს გესაუბროთ, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ამისათვის. მთავარი ის კი არ არის, რომ მხოლოდ აკონტროლო, მთავარი ნდობაც არის. როდესაც ადამიანს ენდობი, როდესაც შენ მას გადაწყვეტილებების მიღების უფლებას ანიჭებ და ის ამაზე პასუხს აგებს, მას პასუხისმგებლობის შეგრძნება ეზრდება.

როდესაც ყველაზე დაბალი რანგის ხელმძღვანელებს თავად სჯერათ ჩვენი იდეების, როდესაც უფროსი მისი დაქვემდებარებულისგან ფულს არ ითხოვს. დამიჯერეთ, არც ერთი დაქვემდებარებული არ აიღებს ქრთამს. და თუ აიღებს, უფროსი ამას ძალიან ადვილად გაიგებს.

გენერალური ინსპექტორი აქ  მთავარი არ არის. მთავარია, რომ პოლიციელს აქვს ღირსება და სიამაყე. სანამ ის ქრთამს აიღებს, ათჯერ დაფიქრდება. მისთვის ქრთამის აღება სტრესია, “ლომკა”. როდესაც შენ ქრთამს იღებ, შეურაცხყოფილი ხარ. როდესაც შენ ქრთამს გაძლევენ, ზემოდან გიყურებენ, მოგიგდებენ, როგორც ძაღლს– ძვალს.

დ.ვ. – ამ 25 ათასი ადამიანიდან რამდენი გაუშვით სამსახურიდან დარღვევებისათვის?

.. – მინიმუმ 2 -3 ათასი ან გავუშვით, ან თავისით წავიდნენ. 300 პოლიციელი დაპატიმრებულია სხვადასხვა დანაშაულისთვის, მხოლოდ ამ წელს მარტო 35 ადამიანი.

არ გადის კვირა, რომ გენერალურმა ინსპექციამ ვინმე არ დააკავოს. ჩვენ ამას ფართოდ ვაშუქებთ და ყველამ იცის, რა ხდება.

დღეს საქართველოში ასეთი ვითარებაა, როდესაც პოლიციელი კანონს არღვევს, გენინსპექცია ფაქტს ძალიან მარტივად იგებს. იმიტომ, რომ ეს ისეთი იშვიათი შემთხვევაა, როცა ყველა ერთმანეთს უყვება. ადრე საქართველოში, როდესაც მილიციელს ქრთამს აძლევდნენ, ორი წუთის შემდეგ ამას ყველა ივიწყებდა. დღეს თუ ასეთი რამ მოხდება, ადამიანები ერთი კვირის მანძილზე ისაუბრებენ ამ თემაზე. თუ გყავს ინფორმატორები, რომლებსაც ინფორმაციისთვის პრემიას უხდი, ინფორმაცია შენამდე ძალიან მალე მოვა.

დ.ვ.– გენინსპექციაში თუ იჭერენ ვინმეს?

..- გავუშვით ერთი თუ ორი გენინსპექტორი, მათ მიმართ იყო გარკვეული ეჭვები. გამომდინარე იქიდან, რომ მთელ დანარჩენ შსს-ს არ უყვარს გენინსპექტორები, მათ ნებისმიერ დარღვევას ჩვენ ძალიან ადვიალად ვიგებთ.

დ.ვ.- გამოდის, რომ თქვენ თუ არ გინდათ, ქრთამს ვერავინ ვერ აიღებს და როგორ უნდა გაკეთდეს ისე, რომ მინისტმა არ აიღოს ქრთამი?

ვ.მ.– როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ჩვენ საქმიანობას პარლამენტი ზედამხედველობს. არსებობს საზოგადოებრივი აზრი და თავისუფალი პრესა.

როდესაც ასეთ სისტემას ქმნი, სადაც არავინ იღებს ქრთამს, ეს გაძლევს იმის გარანტიას, რომ ხელმძღვანელებმაც ვერ აიღონ იგი. იმიტომ, რომ მინისტრს არ შეუძლია ქრთამის აღება, თავად სამინისტროს დახმარების გარეშე.

დ.ვ. – მე შევხდი საპარლამენტო ოპოზიციას, ქრისტიან დემოკრატებს. ისინი ამბობენ, რომ საქართველო ნელ–ნელა პოლიციური სახელმწიფო ხდება,  ციხეები გავსებულია…

..-მე მზად ვარ კონკრეტულ ბრალდებებს ვუპასუხო და არა ზოგად სიტყვებს. ჩაატარეთ გამოკითხვა ქუჩაში, რა გვარის არის თბილისის პოლიციის უფროსი? მისი გვარი ფაქტიურად არავინ იცის. არადა, ადრე ყველამ იცოდა, თუ ვინ იყო უფროსი.

დ.ვ.– რევოლუციის შემდეგ ხუთჯერ გაიზარდა პატიმრების რაოდენობა, 6 ათასიდან 30 ათასამდე.

ვ.მ.– და ხუთჯერ თუ შვიდჯერ შემცირდა დანაშაულის რაოდენობა. ჰკითხეთ ნებისმიერ გამვლელს, ბოლოს როდის გაძარცვეს, როდის მოპარეს მანქანა, წაართვეს ტყავის ქურთუკი ან მობილური ტელეფონი? გააჩერეთ ათასი ადამიანი და ჰკითხეთ, ის ან მისი ნაცნობები გაქურდეს ბოლო ერთი წლის მანძილზე? საქართველოში არ არსებობს ცნება რეკეტი. არ არის ორგანიზებული დანაშაული. საქართველოში არ იტაცებენ ადამიანებს, არ იპარავენ მანქანებს.

ბოლო სამი-ოთხი წლის მანძილზე, არ ყოფილა არც ერთი შეკვეთილი მკვლელობა. თუ ამას ჰქვია პოლიციური სახელმწიფო, მაშინ მე ვამაყობ, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა.  საზოგადოების ყველაზე კარგ ნაწილს სურს, რომ გახდეს პოლიციელი, დიდი კონკურსია. 100 ადამიანიდან მხოლოდ ერთს ვიღებთ. შემდეგ ის აღარ იღებს ქრთამს – თუ ეს ითვლება პოლიციურ სახელმწიფოდ, მაშინ ჩვენ ვამაყობთ, რომ პოლიციური სახელმწიფო ვართ.

დ.ვ. -ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შსს-ში სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული თანამშრომლები გყავთ,რ ომლებიც ოპოციზიის წარმომადგენლებს სცემენ.

ვ.მ. –უფრო მეტიც, ისინი იტაცებენ ხალხს, ნაწილს ჭამენ(იცინის), ნაწილს წვავენ, ნაწილს ახრჩობენ. მაგრამ ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავთ, არავინ არ იცის მათი გვარები. ოპოზიციამაც კი.

დ.ვ.-: ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, აი, მაგალითად ვახტანგ მაისაიას საქმე, სამხედრო ექსპერტის და ოპოზიციონერი პოლიტოლოგის. ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, რომელსაც მე შევხვდი, მთავრობისთვის მიუღებელი ადამიანისთვის საქმის შეთითხვნის ერთ–ერთ მაგალითად მაისაის საქმე მომიყვანა.

ვ.მ.-არა მგონია, რომ რომელიმე სერიოზულ ოპოზიციონერს, მათ გარდა, ვისაც რუსეთი აფინანსებს, ეს ეთქვა. პირველ რიგში, მაისაიამ თავად აღიარა, რომ რუსეთზე მუშაობდა. მეორე რიგში, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანი რუსი კოლეგებისგან ფულს იღებდა. ყველა სახელმწიფოში ეს ისჯება.

დ.ვ. კიდევ რა მიმართულებით აპირებს განვითარებს ქართული პოლიცია?

     

ვ.მ.- რეფორმა, ეს არ არის უბრალოდ ერთი ნაბიჯი. ეს არის დაუსრულებელი გაუმჯობესების პროცესი. ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რას აკეთებდა ჩვენი გუნდი რეფორმების პირველ ეტაპზე, ბოლო 5-6 წლის მანძილზე. ახალი იდეები მოდის არა ზემოდან, არამედ ქვემოდან. ახლა რიგითმა პოლიციელებმა უკეთ იციან, რა არის შესაცვლელი.

პოლიციელების განვითარების პროცესი უწყვეტია.  კვალიფიკაციის ამაღლება ნახევარ წელიწადში ერთხელ, ენებისა და კომპიუტერის შესწავლა.

მომდევნო წელს ჩვენ ვგეგმავთ, გავაუქმოთ მართვის მოწმობის ტარების ვალდებულება. პატრული მძღოლს სახელს და გვარს ჰკითხავს და კომპიუტერში ნახავს ფოტოს, არის თუ არა მძღოლი რეალურად ის ადამიანი, ვისაც მართვის მოწმობა აქვს. ეს არის  სახელმწიფოში ბიუროკტარიის შემცირების კიდევ ერთი ნაბიჯი. იმიტომ, რომ რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფო ადამიანის პირად ცხოვრებაში, მით უკეთესია თავად საზოგადოებისთვის.

ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რომ შსს-ს ეკრძალება ნებისმიერი დოკუმენტის გაგზავნა ხელნაწერის სახით. სამინისტროს შიგნით ინფორმაციის გაცვლა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.

ვ.მ- არ გეშინიათ, რომ თქვენ ქსელებს რუსი ჰაკერები დაეუფლებიან და გატეხავენ?

დ.ვ.- ინფორმაციის დამალვის საუკეთესო საშუალებაა ყველა ინფორმაციის გახსნა. იმიტომ, რომ მილიონი ინფორმაციიდან რთულია იპოვნო ის, რაც ინფორმაციის მაძიებელს სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი