2011.12.05

არაპოლიტკორექტული პოლიტიკა

პოლიტიკა, ჯანდაცვა, ბიძინა ივანიშვილი,
გასულ კვირას დეპუტატმა გია თორთლაძემ საჯარო გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილს ფსიქიკურად არაჯანმრთელი და ავადმყოფი უწოდა.  რას ამბობენ ფსიქოლოგები ასეთ გამონათქვამებზე?

გასულ კვირას დეპუტატმა გია თორთლაძემ საჯარო გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილს ფსიქიკურად არაჯანმრთელი და ავადმყოფი უწოდა.  რას ამბობენ ფსიქოლოგები ასეთ გამონათქვამებზე?

”ფაქტობრივად, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის ინტერვიუ მოვისმინე. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, იმიტომ რომ მეგონა, საქმე სერიოზულ ოპონენტთან მქონდა და მის ოპონირებას ვაპირებდი, მაგრამ მომავალში ეს ძალიან გამიჭირდება, რადგან ის დალაგებული ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ისეთი რაღაცეები მოვისმინე, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ამაზე არ ილაპარაკებდა. არ ვიცი, მას რა მკურნალობა უშველის, მაგრამ ფაქტია, რომ ავადმყოფი ადამიანია” - ასეთ შეფასებას აკეთებს პარლამენტის წევრი გია თორთლაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ, რომელი ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერით შედგა.
ფსიქილოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანისგან დაუშვებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის  სალანძღავ კატეგორიად  გამოყენება:

”ეს ნიშნავს, რომ ბატონი გია ამ ფრაზებს იყენებს სალანძღავად,, როდესაც ადამიანები ფსიქიკურ ჯანმრთელობას სალანძღავ კატეგორიად იყენებენ,  პრაქტიკულად მათ სტიგმატიზაციას ახდენენ”.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქყვეყნებულ “10 ფაქტში” ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ წერია, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრები მიმართ შემაკავებელი ფაქტორია მათი მხრიდან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, რათა სტიგმატიზაციის პროცესს თავი  აარიდონ.

ჟურნალი “Lancet”, რომელიც სამედიცინო სტატიებზე მუშაობს და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არაერთი კვლევის ავტორია, ერთ-ერთ პუბლიკაციაში “ სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობა” წერს:

“სტიგმა, საზოგადოებასა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მუშაკებსაც კი აფიქრებინებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ზრუნვაში ჩადებული რესურსი ფუჭი და ამაოა, რაც ამცირებს ზრუნვას”.

იმისათვის, რომ სტიგმის გამო ადამიანური რესურსი არ დაიკარგოს, 2011 წელს მენტალური ჯანმრთელობის ფონდმა სტრატეგია შეიმუშავა - “არავითარი  ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე” . სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მენტალური პრობლემების მქონე პირთა ინკლუზიას, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, განათლებისა და ზრუნვის მიღებას უკავშირდება.

ჯანა ჯავახიშვილი ფონდ “ გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი” პროექტების მენეჯერია და “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს სტრატეგია საქართველოშიც ინერგება:

“რაც უფრო ინტეგრირებული და ჩართული იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მით უფრო ჰუმანისტურ საზოგადოებას მივიღებთ”

ქალბატონი ჯანას აზრით, პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი სიტყვების გამოყენება, რომლებიც უფრო ხილვადი და მოსმენადია სხვადასხვა მედიასაშუალებებით, აფერხებს ჰუმანისტური საზოგადოების ფორმირებას.

ფსიქოლოგს  ასევე გაუმართლებლად მიაჩნია ფსიქიკური ჯანმრთელობის სალანძღავ კატეგორიად გამოყენება იმ მასშტაბების გამო, რაც ფსიქიკურ ჯანმრთელობას გააჩნია.

“მსოფლიოს მასშტაბით 450 მილიონი ადამიანი იტანჯება ფსიქიკური აშლილობით, და კიდევ ბევრია ჩვენთვის უცნობი”- წერს WHO. საქართველოში კი, ოფიციალური მონაცემებით, 2007 წელს აღრიცხული იყო  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 72,588 პირი, დღეისთვის ეს ციფრი 100 000-მდე გაიზრდა.

ოფიციალურ სტატისტიკას თავი რომ დავანებოთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIMH) მონაცემებით, ყოველ მეოთხე ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა უფიქსირდება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სხვადასხვა ინტენსივობით.

მაგალითად,  WHO-ს ინფორმაციით, დეპრესია ხასიათდება მდგრადი მწუხარებით და ინტერესის დაკარგვით, მათ შორის ფსიქიკური, ფიზიკური და ქცევითი სიმპტომებით. NIMH-ის მონაცემებით კი, ყოველწლიურად დეპრესია  8 მილიონ ადამიანს უფიქსირდება.

გია თორთლაძე არ არის არც პირველი და არც ერთადერთი პოლიტიკოსი,  ვინც   ფსიქიკური ჯანმრთელობის  პრობლემების მქონე ადამიანებს  სალანძღავ კატეგორიად იყენებს.

2009 წელს ფონდმა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში- თბილისი” ანალიტიკური ანგარიში ”ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული პუბლიკაციების მედიამონიტორინგი” გამოაქვეყნა. ანგარიშის ერთი თავი სხვადასხვა მედიასაშუალებებით არასწორად გამოყენებულ ტერმინებს ეთმობა, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან

”მან კარგად იცის, რომ მას ერთი ცხოვრებისეული პრინციპი აქვს, გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ცნებასა”, ”ისე, რაზე უნდა ელაპარაკო, ფსიქიატრიულში ”არ”-ებს რომ უწერენ იმაზე” ,” თუ ეს გიჟი დარჩა, მაშინ უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს” ”დღეს გიჟის გარდა ხელისუფლებასთან საქმეს არავინ დაიჭერს” ”ცოცხალი, მაგრამ დაღუპული, გაბოროტებული, ბოღმიანი, გიჟი, კუდიანი, ცოდვილი”- ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფრაზებისა, რომელთაც პოლიტიკოსები სხვადასხვა მოვლენის შეფასებისას იყნებენ მედიასაშუალებებით.

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი პოლიტიკოსების მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ არასენსიტიურ დამოკიდებულებას საკითხისადმი მთლიანად საზოგადოების ნაკლებმგრძნობელობას უკავშირებს.

“ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკოსების პრობლემაა, მთელ საზოგადოებას ჭირდება ცნობიერების ამაღლება, როგორ შეიძლება ამ საკითხზე იმსჯელო ისე, რომ არ დააზიანო ის, ვისაც საკითხი ეხება და ასევე საზოგადოება არ გახადო არაჰუმანური”.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს გრძელვადიანი საინფორმაციო მუშაობის შედეგად მოხდება და საზოგადოებაში სტიგმის გადალახვა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს.

ამ ეტაპზე საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა რეფორმის ეტაპზეა. ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”-ს მიერ განხორციელებული ინიციატივა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის სტრატეგია 2011-2012 წლისთვის” მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების უფლებების დავცას, მათ სრულფასოვან ცხოვრებას და აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ინიციატივის ძირითადი მიზანია: პირთა სოციალური ინტეგრაცია, განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, ინსტიტუციონალიზაციის  და თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარების ხელშეწყობა და  სოციალური თანსაწორობის ადვოკატირება.