Kung Fu Junkie & DJ Tomma ქალების მხარდასაჭერად
ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული საქველმოქმედო კონცერტი ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილი რკინიგზელთა კულტურის სახლი) გუშინ, 21:00 საათზე, დაიწყო და გვიან ღამით დასრულდა.
როგორც Kung Fu Junkie-ს ერთ-ერთი წევრი, თაზო ლიპარტელიანი (გრინჩი) ამბობს, კონცერტის გამართვა ჯგუფის წევრების და “ქალთა ფონდის საქართველოში” ერთობლივი შეთანხმება იყო:
“დღევანდელი დღის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კონცერტი ამ დღეს დავამთხვიეთ. გვინდა, რომ შემოსული თანხა ლგბტ წარმომადგენლებზე ძალადობის წინააღმდეგ მუშაობას მოხმარდეს”.
ჯგუფის წევრი ზურა ჯიშკარიანი (ზომბი) თვლის, რომ საქართველოში ქალებს მხარდაჭერა სჭირდებათ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია:
“ასეთი ქალები, ჩემი აზრით, უმცირესობის კიდევ უფრო უმცირესობა არიან და ბევრად უფრო ცუდ სიტუაციაში იმყოფებიან. ჩვენი მიზანია, რომ როგორც შეგვიძლია, მათ მხარი დავუჭიროთ. ეს ღია მანიფესტაციაა ჩვენი მხრიდან, რომ გამოითქვას პროტესტი ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ. ფონდები ცალკე მუდმივად მუშაობენ ამაზე, მაგრამ მედიამდე და ხალხამდე ეს ინფორმაცია ძნელად აღწევს. ამიტომ შევეცადეთ, ამის ხმამაღალი მანიფესტაცია მოგვეხდინა.”
კონცერტის ერთ-ერთი დამსწრე ლიკა ზაკაშვილი თვლის, რომ მსგავსი ღონისძიებები საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს:
“ქართველი ქალები დღემდე არიან ძალადობის მსხვერპლნი და ეროვნული შეგნება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დაბალია. ეს ერთგვარი ტრადიციაა, რომ ქალი ოჯახში არის კაცზე უფრო დაბლა და ხშირად არის ძალადობის მსხვერპლი. ასეთი ღონისძიებები ყველაზე კარგი საშუალებაა საზოგადოების ინფორმირებისთვის. Kung Fu Junkie ამ თაობაში საკმაოდ პოპულარული ჯგუფია. დღეს მე რომ აქ ვარ, ვიცი, რომ ეს არის ქალების მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღე და ეს ყველა აქ მყოფმა იცის, იმიტომ, რომ ეს კონცერტი ასე დაანონსდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლებისთვის”.
კონცერტს ასოციაცია ლგბტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი დავით-მიხეილ შუბლაძეც ესწრებოდა:
“სოლიდარობას ვუცხადებთ დისკრიმინირებულ ჯგუფებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და კარგია, რომ საჯაროდ ხდება ამდენი ადამიანის შეკრება. მეც ჩავთვალე თავი მოვალედ, რომ მოვიდე და დავდგე მათ გვერდზე. საქართველოში ამ მხრივ საკმაოდ ცუდი პერიოდი გვქონდა. სხვადასხვა მიზეზების გამო ასეთი ივენთების ჩატარება არ ხდებოდა ხოლმე, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი უკან არის და იმედია, რომ ასეთ ღონისძიებებს კიდევ ბევრჯერ ვნახავთ.”
კონცერტის ერთ-ერთი დამსწრე ოთო მახარაძე თვლის, რომ საქართველოში ნებისმიერ უმცირესობას ბევრად მეტი მხარდაჭერა ჭირდება, ვიდრე – სხვა ქვეყანაში:
“საქართველოში ხალხის უმეტესობას არ ესმის პრობლემები, რომლებიც ადამიანებს ექმნებათ საკუთარი ორიენტაციის ან უბრალოდ იმის გამო, რომ განსხვავებულნი არიან, განსხვავებული მასისთვის ცუდთან ასოცირდება. ჩვენ შევეცდებით, რომ მათ საზოგადოებისგან გარიყულად არ იგრძნონ თავი”.
შეკრებილი საზოგადოების ინფორმირებისთვის “ქალთა ფონდმა საქართველოში” 2010 წლის წლიური ანგარიში და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგა, Kung Fu Junkie-მ კი მსმენელს ძველი ტრეკები და რამდენიმე ძველი ტრეკის ახალი ვერსია შესთავაზა. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, 2011 წელს ეს მათი ბოლო კონცერტი იყო, რადგან Kung Fu Junkie პირველ ალბომზე იწყებს მუშაობას.

კომენტარი