ახალი ამბები

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი მარტივდება

8 აგვისტო, 2011 • 1028
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი მარტივდება

 დოკუმენტს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული წესით მიიღებენ ევროპის ქვეყნებში გასამგზავრებელ ვიზებს, ხელი შესაძლოა  მიმდინარე წლის ინვისში მოეწეროს.

 ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა ბრიუსელში ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ჰერმან ვან რომპოისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 “ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს თვეებში შეეძლებათ, ევროკავშირის ქვეყნებში წასასვლელად ვიზა ბევრად უფრო გამარტივებული პროცედურებით აიღონ”, – აცხადებს  პრემიერი. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას  ვიზის აღება საერთოდ არ დასჭირდება. ამ კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნონ სპორტსმენები, კულტურის მოღვაწეები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოიმ ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ”სწრაფად ძლიერდება”.

მისი თქმით, საქართველო ერთადერთი სამხრეთ კავკასიური ქვეყანაა, რომელმაც წარმატებით აწარმოა მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივების და განახლების შესახებ შეთანხმებებზე.

”იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ ხელმოწერის თარიღის დადგენას, შესაძლოა ეს იყოს ივნისის დასაწყისი,” – აღნიშნა მან. 

”საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაძლიერება სტიმულია საქართველოსთვის განახორციელოს შემდგომი დემოკრატიული რეფორმები,” – განაცხადა ჰერმან ვან რომპოიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაისის ადგილობრივ არჩევნებზე ევროკავშირი არ აგზავნის დამკვირვებლებს”,– ის ყურადღებით მიადევნებს თვალს” ამ არჩევნებს.

ადგილობრივ არჩევნებს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისის (ODIHR) წარმომადგენლები დააკვირდებიან.

ჰერმან ვან რომპოიმ  დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ევროკავშირი ”მოელის რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას”.

”ევროკავშირს განზრახული აქვს აქტიურად იყოს ჩართული ნდობის აღდგენის ღონისძიებებში და კონფლიქტის მოგვარებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაამტკიცა, რომ სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ეს ასე იქნება მომავალშიც,” – განაცხადა მან.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი