ახალი ამბები

პრეზიდენტის საპნის ოპერა

4 თებერვალი, 2010 • 12789
პრეზიდენტის საპნის ოპერა

ბათუმის ოპერის თეატრი, რომლის საძირკვლის ჩაყრაც საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წელს პომპეზურად აღნიშნა, აღარ აშენდება. მის ადგილზე ახალი საგამოფენო დარბაზი უნდა გაკეთდეს. ახალ პროექტზეც ესპანელ არქიტექტორთა ის ჯგუფი მუშაობს, რომელიც ოპერის თეატრის მაკეტს ამზადებდა. ამ პროექტის მომზადებაში მერია 940 ათას ევროს იხდის.

საოპერო თეატრი
“ყველამ დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე. ჩვენ ვიწყებთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე თანამედროვე ოპერის თეატრის მშენებლობას, რომელიც საუკეთესო იქნება მთელ შავიზღვისპირეთში და რომელიც გაიხსნება 2010 წლის ზაფხულში. ჩვენ ამით ვიამაყებთ”, _ ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა გასული წლის 11 მაისს წარმოსთქვა, როცა ბათუმის ზღვისპირა პარკის შესასვლელში საოპერო თეატრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ბათუმის ბულვარში, დამწვარი საზაფხულო თეატრის ადგილზე, პრეზიდენტმა წარმოადგინა შვიდსართულიანი ოპერის თეატრის ესკიზი, ფასადზე წმინდა გიორგის გამოსახულებით.
თუმცა პრეზენტაციის დღეს არ შეიძლებოდა მზად ყოფილიყო ის პროექტი, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, რადგან ზუსტად 11 მაისს დაუკვეთა ბათუმის მერიამ ესპანურ კომპანიას _ “cmd domingo y lazaro ingeneros,sl”–ს “ბათუმში ახალი ოპერის თეატრის პროექტის მომზადება.

მაშ, რა პროექტი წარმოადგინა პრეზიდენტმა 11 მაისს? _ მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების განყოფილების უფროსი _ მამუკა მიქელაძე ამბობს, რომ ამ კითხვას მერიის პრესსამსახურში უპასუხებენ. “ეს არ იყო დასრულებული პროექტი, კომპიუტერული ესკიზი იყო წარმოდგენილი”, _ ამბობს ირინა შერვაშიძე, პრესსამსახურის უფროსი.
 
ბათუმის მერიასა და ესპანურ ფირმას შორის 11 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში (¹137) წერია, რომ საოპერო თეატრის პროექტის მომზადება 2009 წლის 1 ნოემბრისთვის უნდა დასრულებულიყო. “მომწოდებელმა აიღო ვალდებულება მომსახურების შესრულებაზე თანხით 940 ათასი ევრო… 940 ათასი ევროდან არ ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გამოქვითვა”, _ წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს ბათუმის ვიცე-მერი, დავით სამნიძე აწერს.

ხელშეკრულების მიხედვით, მერიას დასახელებული თანხის 40 პროცენტი _ 376 ათასი ევრო, შპს “cmd domingo y lazaro ingeneros,sl”-სთვის მომსახურების პირველი ნაწილის მიღების შემდეგ უნდა გადაერიცხა (ხელშეკრულებაში არ წერია, როდის უნდა დამთავრებულიყო პირველი ნაწილი), 282 ათასი ევრო _ მომსახურების მეორე ნაწილის შემდეგ, 282 ათასი ევრო კი პროექტის სრულად მიღებიდან სამ დღეში უნდა გადაერიცხა.

თუმცა მერიამ 2009 წლის 7 ოქტომბერს, ანუ საოპერო თეატრის პროექტის მოსამზადებელი ვადის ამოწურვამდე (პროექტის მომზადება 1 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო) 23 დღით ადრე, ხელშეკრულება ¹137-ის ერთი მუხლი, მერიიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ასე შეცვალა: “შპს” cmd domingo y lazaro ingeneros,sl”-მა ბათუმში ახალი ოპერის თეატრის მშენებლობის პროექტის ნაცვლად უნდა წარმოადგინოს ახალი საგამოფენო დარბაზის პროექტი”.

ამ პროექტთან დაკავშირებით მერიიდან “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში კიდევ ერთი საყურადღებო დეტალია: “რაც შეეხება საგამოფენო დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, 2010 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში აღნიშნული ხარჯები გათვალისწინებული არ არის”.

და რას ნიშნავს “ნაცვლად”, მაშინ, როცა ესპანური კომპანიის ვებ-გვერდზე დღემდე დევს 11 მაისს წარმოდგენილი პროექტის მაკეტის ფოტო წარწერით: ბათუმის მერიის დაკვეთა. პროექტის საერთო ღირებულება _ 25 მილიონი ევრო.

მერიის ფინანსური განყოფილების უფროსი, ჯემალ ანანიძე: “ახალი საგამოფენო დარბაზის პროექტის წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 31 იანვარი, მაგრამ 1 მარტამდე გაუგრძელდათ. მთლიანობაში მათ 940 ათასი ევრო უნდა გადავუხადოთ. ჯერჯერობით, კომპანიას 705 ათასი ლარი გადავურიცხეთ”.

გამოდის, რომ ჯგუფმა ოპერის თეატრის მაკეტზე ექვსი თვე იმუშავა (ხელშეკრულების მიხედვით), ახლა კი იგი სხვა პროექტზე მუშაობს, თუმცა ორივე სამუშაოში 940 ათას ევროს მიიღებს.

რას ფიქრობენ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით “cmd domingo y lazaro ingeneros,sl”-ში? _ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე “ბათუმელებმა” წერილი გააგზავნა.

27 იანვარს კომპანიის ოფისიდან მმართველი დირექტორის, ალბერტო დომინგოს მდივანმა, დოლორეს ბიანო მარკომ შეგვატყობინა: “ბატონი ალბერტო  დიდი ხანია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, ამიტომ ვერ შეძლებს თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას”.

“ბათუმი მსოფლიო რუკაზე უნდა დამკვიდრდეს როგორც ფესტივალების ქალაქი, ჩვენი შვილები იამაყებენ იმით, რომ ბათუმში ახალი ბარსელონა ავაშენეთ”, _ თქვა 11 მაისს პრეზენტაციაზე მიხეილ სააკაშვილმა. მისი აზრით, საოპერო თეატრს ბათუმი მსოფლიო კულტურის ცენტრად უნდა ექცია. ახალი, ათასკაციანი ოპერის თეატრი გრანდიოზული უნდა ყოფილიყო, ფართობით 15 000 კვ/მ. მაშინ პრეზიდენტმაც თქვა, რომ ოპერის თეატრის მშენებლობაზე 25 მილიონი ევრო დაიხარჯებოდა.

პრეზიდენტის ამ იდეამ ბათუმში აზრთა სხვადასხვაობა მაშინაც გამოიწვია. არასამთავრობო სექტორი იმით იყო უკმაყოფილო, რომ პროექტის განხორციელება ერთპიროვნულად, თვითმმართველობისა, საზოგადოებრივი აზრისა თუ გარემოს კვლევის გარეშე გადაწყდა. “ამ პროექტის თაობაზე არც საკრებულო და არც დაინტერესებული საზოგადოება არ იყო ინფორმირებული”, _ აცხადებდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მირანდა ჩარკვიანი.

არასამთავრობოების განცხადებების შემდეგ ბათუმში აქცია ხელოვანებმა გამართეს. ისინი მიესალმებოდნენ პრეზიდენტის ინიციატივას და ამბობდნენ, რომ არასამთავრობოები უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ პრეზიდენტის იდეას.

მერიის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესახებ _ საოპერო თეატრის საგამოფენო დარბაზით ჩანაცვლებაზე, ბათუმის საკრებულოში არც უმრავლესობამ იცის, არც ოპოზიციამ და მით უფრო არც საზოგადოებამ. საკრებულოს უმრავლესობის წევრი, თემურ კახიძე: “ჩემთვის პროექტის ცვლილებებთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი”.

თემურ ყურაშვილი, საკრებულოს “რესპუბლიკელი” წევრი:  “საკრებულოში ეს საკითხი არ განხილულა. პროგრამები როცა დავამტკიცეთ, მაშინ ბიუჯეტში საოპერო თეატრის მშენებლობა იყო გათვალისწინებული”.  

დავით მუქერია, დირიჟორი: “ოპერის თეატრი აუცილებლად რომ იქნება, ეს ვიცი. ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. მთავარია, აშენდეს, რადგან ეს შენობა ძალიან სჭირდება და შეეფერება ამ ქალაქს”.  

ჯაბა ხაბაზი, მუსიკალური ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი: “ვერ გეტყვით, რა ხდება. არც ცვლილებებზე ვიცი რამე. იმედი მაქვს, ოპერის თეატრი აშენდება”.

საგამოფენო დარბაზი
ბათუმში, ზღვისპირა პარკის ცენტრალურ შესასვლელში, ერთი საგამოფენო დარბაზი უკვე არსებობს (საოპერო თეატრი სადაც უნდა აშენებულიყო, იმის მოპირდაპირე მხარეს) ამ საგამოფენო დარბაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. “ეს იქნება ნიჟარას ფორმის ნაგებობა”, _ აცხადებდნენ მაშინ მშენებლები, თუმცა მოგვიანებით “ნიჟარა” ზვიგენის ფორმის გამოსახულებამ შეცვალა.

მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო თანხა _ 300 000 ლარი, საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო. ხელშეკრულება მერიამ შპს “სახელმწიფო უზრუნველყოფასთან” გააფორმა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, საგამოფენო დარბაზის მშენებლობა 2008 წლის ივნისში უნდა დამთავრებულიყო, საგამოფენო დარბაზი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში აღარ გახსნილა.

პრეზიდენტის იმავე წლის 1 დეკემბრის განკარგულებით (¹799) მშენებლობის დასრულებისთვის დამატებით 1 996,2 ლარი გამოიყო, თუმცა საგამოფენო დარბაზი არც ამის შემდეგ გახსნილა. პასუხისმგებელი პირები ვადების გადაცილების მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებდნენ. “დარბაზის განათებისთვის საჭირო აღჭურვილობა გერმანიიდან უნდა ჩამოიტანონ, დროა საჭირო”, _ ამბობდნენ ისინი.

მოგვიანებით კი თქვეს, რომ ხელი აგვისტოს ომმა შეუშალა.

საზაფხულო თეატრი
“მე თქვენ არასოდეს მომიტყუებიხართ და ამას თქვენთან ერთად გავაკეთებთ” _ განაცხადა 11 მაისს, პრეზენტაციის დღეს, ქვეყნის პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილის ამ დანაპირებამდე ბათუმელებს ადგილობრივმა ხელისუფლებამაც არაერთხელ მისცა იმის პირობა, რომ აბაშიძის ხელისუფლების დროს დამწვარ საზაფხულო თეატრს აღადგენდა (ეს თეატრი იმ ადგილზე იდგა, სადაც 2010 წელს ოპერის თეატრის აგებას აპირებდნენ).

მერიამ ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორია, თეატრის აშენების პირობით, კომპანია “ბაგები სითის” 40-წლიანი იჯარით გადასცა. თუმცა ინვესტორმა პირობა დაარღვია და მერიამ უკან დაიბრუნა ტერიტორია.

საზაფხულო თეატრი უნდა აღედგინათ მერიის მიზნობრივი პროგრამის _ “ძველი ბათუმის რეაბილიტაციის” ფარგლებშიც. მოდერნიზებული მაკეტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა შეიმუშავა, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან 270 ათასი ლარი დაიხარჯა. მერიამ ეს პროექტიც გვერდზე გადადო.

აჭარის და ბათუმის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ საზაფხულო თეატრის აშენების ახალ ვერსიაზე მუშაობდნენ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა საზოგადოებისთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე ოპერის თეატრის მშენებლობა იგეგმებოდა.

სხვადასხვა
იმ  მიზნით, რომ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რაიმე კულტურული ნაგებობა აშენებულიყო, მერიის ბიუჯეტიდან მარტო პროექტებისთვის, 1 275 000 ლარია დახარჯული. თუმცა, რეალური დღემდე არაფერი აშენებულა. ამ პროექტების ღირებულება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიხედვით, საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას ითვალისწინებს, მაგრამ მერია კომპანიებს, მათ შორის ესპანურ ჯგუფსაც, დაკვეთებს ექსკლუზიურად აძლევს. ხელისუფლება ამის მიზეზად მშენებლობის დაჩქარებულ ვადებს ასახელებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ოთხი დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, რომ ბათუმის ახალი საგამოფენო დარბაზი ზაფხულში უნდა გაიხსნას. თუ პროექტის საბოლოო ვერსიას არქიტექტორები 1 მარტს წარმოადგენენ, გრანდიოზული მშენებლობა ხუთ თვეში კიდეც უნდა დაიწყოს და კიდეც დამთავრდეს.

“cmd domingo y lazaro ingeneros,sl” -ს ჯგუფი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოწვევით პირველად 2008 წელს გამოჩნდა. ვებ-გვერდის მონაცემებით მათ ყველაზე მეტი გამოცდილება ხიდების მშენებლობაში აქვთ. მათი პირველი პროექტი საქართველოში ბათუმის ახალი ბულვარია. 2008 წლის შემდეგ კი არაერთი დაკვეთა აქვთ მიღებული:

86 11.03 _ ახალი ბულვარის პროექტი (150 000 ევრო);
137 11.05 _ ახალი ოპერის  თეატრის მშენებლობის საპროექტო მომსახურება (940 000 ევრო).  
243 14.08 _ შადრევნების ბულვარის საპროექტო მომსახურების უზრუნველყოფა 150000 ევრო;
საჰაერო მოძრაობის მაღლივი თაური, რომელიც ახალ ბულვარში უნდა აიგოს (მშენებლობა _ 30 მილიონი ევრო).

ჯგუფი თბილისში რამდენიმე ხიდის აგებას გეგმავს. მას მასშტაბური პროექტი აქვს დაკვეთილი ანაკლიაშიც, სადაც პრეზიდენტის განცხადებით, ხიდები, სასტუმროები და სხვა ტიპის ახალი ნაგებობები უნდა გაკეთდეს. მათი პროექტით კეთდება ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობაც. პრეზიდენტის რეზიდენციაში მათ გააკეთეს მინის სკულპტურა, რომელიც ავტორების განცხადებით, მრავალეთნიკურობის სიმბოლოა.

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის~ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების “ნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის“(NED)  და ,,B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს „გაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისას „გაზეთ ბათუმელების“ მითითება აუცილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი