სამართალი

პროკურატურის შერჩევითი სამართალი

18 დეკემბერი, 2008 • 3275
პროკურატურის შერჩევითი სამართალი
ნათია როყვა/ბათუმელები

თვითმხილველების
თქმით, ბადრი ქაჯაიასა და პაატა კაიკაციშვილის დაკავების ოპერაცია
რამდენიმე ერთმანეთის იდენტური იყო. ორივე თანამდებობის პირი დღის
საათებში, ხალხმრავალ ადგილას დააკავეს და ორივე ყველას დასანახად,
სასტიკად სცემეს; ორივეს ბრალი 260-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს ანუ
ორივესგან დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.

მოსამართლე
იუზა ბუცხრიკიძემ კაიკაციშვილს განაჩენი საქმის წარმოებაში მიღებიდან ერთ
დღეში გამოუტანა. ამ სასამართლო პროცესს ბევრი ადვოკატი სწორედ ამიტომ
უწოდებს უპრეცედენტოს. იურისტები ვერ იხსენებენ ისეთ პროცესს, როცა
ეჭვმიტანილი ასე მოკლე დროში გაასამართლეს. როგორც წესი, სასამართლო
პროცესები წლობით გრძელდება.
რატომ იყო ეს სასამართლო პროცესი უკანონო თუ უპრეცედენტო?
ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის იურისტის, გენო ქარცივაძის განმარტებით, ადვოკატს
წინასწარი გამოძიების პერიოდში უფლება არ აქვს საქმის მასალები გადაიღოს.
შესაბამისად, მას საქმის გასაცნობად, გამოძიების დასრულებიდან მინიმუმ
ხუთი დღე მაინც უნდა მიეცეს: "როცა დამცველი გამოძიების დასრულებიდან ხუთ
დღეში საქმეს გაეცნობა, უფლება აქვს შუამდგომლობა დააყენოს. ამ
შემთხვევაში, ადვოკატს საბრალდებო დასკვნის გასაცნობად და მოწმეების
მოსაყვანად მხოლოდ ნახევარი საათი მისცეს".
გენო
ქარცივაძისთვის კონკრეტული შემთხვევა იმის მანიშნებელია, რომ "სასამართლო
მიკერძოებულია, სასამართლომ რაღაცაზე თვალი დახუჭა ან რაიმეს ანგარიში
გაუწია, რაღაცა დამალა".
კაიკაციშვილი ოთხი პოლიციელის _
მამუკა ზოიძის, მურად ანთაძის, ოთარ კერესელიძისა და დავით ბიაძის
ჩვენების საფუძველზე გაასამართლეს. ადვოკატის თქმით, პოლიციელების
ჩვენებები განსხვავებული იყო: "ერთმა თქვა, დაკავებული თავისი ფეხით
გადმოვიდა მანქანიდან; მეორემ _ გადმოვიყვანეთო; ერთი პოლიციელის თქმით,
კაიკაციშვილს ნარკოტიკი დაკავების დროს ამოუღეს, მეორის განცხადებით _
ძებნისას აღმოაჩინეს, მესამემ თქვა – ფეხის ცერა თითიდან ამოვარდაო".
იუზა
ბუცხრიკიძემ, ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, კაიკაციშვილის
პროცესი 3 დეკემბერს ბათუმში ჩაატარა. ცნობილია, რომ კაიკაციშვილი 2
დეკემბერს უნდა გაესამართლებინათ, მაგრამ ნათესავებმა ქობულეთის
სასამართლო შენობის პიკეტირება მოახდინეს. ვარდების რევოლუციის შემდეგ
ესეც უპრეცედენტო შემთხვევაა. თუმცა, ოფიციალური ვერსიით, ქობულეთის
სასამართლო შენობას არემონტებენ.
ადვოკატის ინფორმაციით,
კა¬იკა¬ციშვილს პროკურატურამ გირაოდ ორასი ათასი ლარი მოსთხოვა. ოჯახმა
თანხის სანაცვლოდ უძრავი ქონება შესთავაზა, მაგრამ იმ დღესვე გამოძიება
დასრულებულად გამოაცხადეს და საქმე სასამართლოს გადასცეს.
ადვოკატის
განმარტებით, ეს კიდევ ერთი უკანონობა იყო და მოსამართლე იუზა ბუცხრიკიძემ
საკუთარი ბრძანება დაარღვია. `მოსამართლემ განსასჯელის გირაოს
უზრუნველყოფისთვის თხუ¬თმეტი დღე მოგვცა. თუმცა, წინასწარი გამოძიება
ეჭვმიტანილის დაკავებიდან ხუთ დღეში დასრულდა. საქმე სასამართლოში 2
დეკემბერს შევიდა, მოსამართლემ კი პროცესი 3 დეკემბერს ჩაატარა და
განაჩენიც გამოიტანა. მე მოწმეების დაკითხვის უფლება არ მომეცა ანუ
თანასწორობის უფლება დაირღვა~, _ ამბობს ადვოკატი.
დავით
საფარიძე პაატა კაიკაციშვილის დაკავების მიზეზად, ყოფილ
პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ნათესაობას ასახელებს. ადვოკატის
განმარტებით, არსებობენ მოწმეები, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ ჩაუდეს
მსჯავრდებულს ნარკოტიკი: `მერე მოიყვანეს ოპერატორი და ჩხრეკის მომენტი
ვიდეოკამერით დააფიქსირეს. ამასთან, ფიზიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
ეჭვმიტანილს არც ადვოკატთან დაკავშირების საშუალება მისცეს".
კაიკაციშვილის
დაკავებამდე ზუსტად შვიდი დღის წინ, სოდ-მა ბათუმის საკრებულოს ყოფილი
თავმჯდომარე, ბადრი ქაჯაია დააკავა. გამოძიების ვერსიით, ქაჯაიას 0,108
გრამი ჰეროინი ამოუღეს. დეპუტატი დაკავებიდან სამ დღეში გაათავისუფლეს ორი
ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ. საქმის გამოძიება და ქაჯაიას დეპუტატობა
გრძელდება.
იმ შემთხვევაში, თუკი ბადრი ქაჯაიას ან ორთვიან წინასწარ
პატიმრობას შეუფარდებდნენ, ან სულაც გაასამართლებდნენ, კანონით მის ადგილს
ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელი დაიკავებდა.

უპრეცედენტო სასამართლო პროცესი

რამინ პაპიძე, იურისტი:
ქართულ მართლმსაჯულებაში მსგავსი ფაქტი არ მახსოვს. ვფიქრობ,
კაიკაციშვილის სისხლის სამართლის საქმეში გადაწყვეტილება კანონის უხეში
დარღვევით მიიღეს. არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა კაიკაციშვილის მოწმეების
დაკითხვას, რისი საშუალებაც დაცვის მხარეს არ მიეცა. ამ შეთხვევაში,
მოსამართლემ და პროკურორმა თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს. ესაა
პოლიტიკური დაკვეთა, ისევე, როგორც ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარის
გათავისუფლება.

პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს
გირაოს თანხის ოდენობაც, არადა ბადრი ქაჯაიას უფრო მეტი პასუხისმგებლობა
ეკისრებოდა, მისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოსამართლის
გადაწყვეტილება არასამართლიანია.
მერაბ პაქსაძე, იურისტი: საქმეში არ
ჩამიხედავს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ, მსგავსი შემთხვევა, რომ
საქმის არსებით განხილვისთვის ნახევარი საათი მოეცათ, პირადად მე
პრაქტიკაში არ მქონია. არც განაჩენი გამოუტანიათ ერთ კვირაში.
რამინ გვარიშვილი, "დემოკრატიის ინსტიტუტის" იურისტი:
ერთ დღეში სასამართლო პროცესის დასრულება და განაჩენის გამოტანა, რა თქმა
უნდა, არაობიექტურია. ჭეშმარიტების დასადგენად მოწმეთა დაკითხვა
აუცილებელია, ამიტომ სასამართლოს უარი მოწმეების დაკითხვაზე არაკანონიერად
მიმაჩნია. არაობიექტურია პროკურატურის მიერ გამოძიების ხუთ დღეში
დასრულება. ადვოკატისთვისაც საქმის გასაცნობად კანონმდებლობით გონივრული
ვადაა გათვალისწინებული და ნახევარი საათი მიუღებელია. რაც შეეხება
გირაოს, ერთსა და იმავე დანაშაულზე ერთი განსასჯელისთვის ორი ათასის, ხოლო
მეორისთვის ორასი ათასი ლარის დაკისრება კანონის დარღვევა არაა, მაგრამ
პრაქტიკის თვალსაზრისით, ძალიან ცუდია.

ვაჟა მელაძე, იურისტი:
"პრაქტიკაში არ მახსოვს, როცა სასამართლომ მიიღო საქმე, მეორე დღესვე
პროცესი ჩაატარა და განაჩენი გამოიტანა. კანონის უხეში დარღვევაა, როცა
ადვოკატს საქმის გასაცნობად ნახევარ საათს აძლევენ. უნდა გადადებულიყო
სასამართლო პროცესი და ადვოკატს შუამდგომლობა უნდა დაეყენებინა მოწმეების
დასაკითხად. კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატს დაცვის უფლება არ მიეცა.
ლადო
მგალობლიშვილი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში: "სხდომას,
რომელზეც პაატა კაიკაციშვილს მიუსაჯეს, ძნელია უწოდო სასამართლო, რადგან
ის არ აკმაყოფილებდა ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა შესახებ მე-6
მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამ მუხლის მიხედვით, როცა ადამიანს
ბრალად სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ედება, უფლება აქვს ჰქონდეს
საკმარისი დრო და შესაძლებლობები თავის დასაცავად. ამ პროცესზე მხოლოდ
ბრალდების მოწმეები, პოლიციელები დაკითხეს. განსასჯელის მხარეს საქმის
გასაცნობად და მოწმეების წარმოსადგენად ნახევარი საათი მიეცა".

მასალების გადაბეჭდვის წესი