2011.06.24

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

დღეს საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობა მკაცრდება უკანონო ფორმირების შექმნის, პოლიციელსა და სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმის, ასევე გადასახადების არიდების მიზნით ქონების გადამალვის გამო. პავლე კუბლაშვილის აზრით,  ”თუ ვინმეს ამ ქვეყანაში გაუჩნდება სურვილი, თავს დაესხას პოლიციას, პოლიციის შენობას - ეს არის გაცილებით უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე თუნდაც პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებული დანაშაული.”

დღეს საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობა მკაცრდება უკანონო ფორმირების შექმნის, პოლიციელსა და სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმის, ასევე გადასახადების არიდების მიზნით ქონების გადამალვის გამო. პავლე კუბლაშვილის აზრით,  ”თუ ვინმეს ამ ქვეყანაში გაუჩნდება სურვილი, თავს დაესხას პოლიციას, პოლიციის შენობას - ეს არის გაცილებით უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე თუნდაც პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებული დანაშაული.”

ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე 21 ივნისს პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, როცა პირველი მოსმენით ცვლილებები უკვე მიიღეს.

21 ივნისს კანონპროექტის ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტში კოლეგებს პარლამენტარმა გიორგი ჩივიაშვილმა  წარუდგინა. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში სულ ოთხ მუხლს შეეხება, აქედან ორში ტექნიკური სახის ცვლილება და დაზუსტება შედის, ხოლო კოდექსს ემატება ორი ახალი ნორმა.

სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლი– მოქმედ რედაქციაში იყო სიტყვა ”შეიარაღებული”, კანონპროექტში კი  ეს ტერმინი ამოღებულია და მის ნაცვლად ჩაიწერა ”უკანონო ფორმირების შექმნა, მასში გაწევრიანება და მისი დაფინასება.”

ამავე მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ  ”შეიარაღებაში” იგულისხმება ”ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად, ანდა გასანადგურებლად.”

რაც შეეხება 225-ე მუხლს, მოქმედ რედაქციაში წერია, რომ ისჯება ”მასობრივი ძალადობის ორგანიზება, ან მასში აქტიური მონაწილეობა.” დეპუტატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ეს ძალიან ფართო ცნებაა და კანონპროეტში ჩაიწერა უფრო კონკრეტულად, თუ რას გულისხმობს ”ჯგუფური მოქმედების ორგანიზება”, ან ”ხელმძღვანელობა.”

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 353-ე პრიმა მუხლი. ეს გულისხმობსა ”პოლიციელზე, ან სახელმწიფოს სხვა წარმომაგდენელზე და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას”. მუხლი შედგება 2 ნაწილისგან. პირველ ნაწილში არის ხელისუფლების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე, ხოლო თავდასხმისას თუ მოხდა სიცოცხლის ხელყოფა, სასჯელად განისაზღვრება 7-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა.

სისხლის სამართლის კოდექსში კიდევ ერთი ახალი ნორმა ჩნდება - 205-ე პრიმა მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელს შემდეგი დანაშაულისთვის: ”ქონების გადამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით.”  თუ საწარმოში ან ორგანიზაციაში ხელმძღვანელი პირი ქონებას გადამალავს ”მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გზით” მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების მიზნით, მაშინ ის დაისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კანონპროექტის წარდგენას პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ჯონდი ბაღათურიამ  ხელისუფლების განცხადებები ”სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციაზე”  ”ყალბ საუბრად” შეაფასა.

დეპუტატის აზრით,  ”ყველა საპროტესტო აქცის მოგვიანებით პარლამენტში ხდება საკანონმდებლო ინიციატივების შედეგი.

ჯგუფური მოქმედებაც არის საშიში დეფინიცია, რადგან შეიძლება, შეიკრიბოს 4-5 ადამიანი, რომელიც არის ჯგუფი და მერე მათ ამ ძალიან მძიმე მუხლით მოუწიოთ პასუხისგება. ეს არის არაადეკვატური და პირდაპირ მიმართულია ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაკავებისკენ, რადგან ხულიგნობა ისედაც ისჯებოდა ჩვენი კანონმდებლობით,”- თქვა ჯონდი ბაღათურიამ.

ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ კი კანონპროექტის წარმდგენს ჰკითხა, თუ ”ვინ იგულისხმება ხელისუფლების სხვა წარმომადგენელში” - ყველა, 80 ათას საჯარო მოხელე თავიანთი ოჯახებით, თუ მხოლოდ ის მოხელეები, რომლებიც ახორციელებენ იძულებით საქმეს(შემოწმება, ჩხრეკა და ა.შ).

მის საპასუხოდ დეპუტატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ კანონი მართლაც ყველა საჯარო მოხელესა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება, თუმცა ამ შემთხევვაში ბრალდების მხარეს მოუწევს მტკიცება, რომ თავდასხმა სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა.

ლაშქრისა და რაზმის ნაცვლად ხომ არ ჯობდა, პირდაპირ შეფიცულები ჩაგვეწერა? დარწმუნებული ვარ, ეს მუხლი გაჩნდა 26 მაისის მერე და ბარემ ჩაწერეთ, რისი თქმაც გინდათ. ჩაწერეთ შეფიუცულები და გვეცოდინება, რისთვის აკეთებთ ამას, ”- თქვა ლევან ვეფხვაძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ასევე გაუჩნდათ კითხვა, თუ რატომ ამკაცრებს ხელისუფლება პოლიციელზე თავდასხმისთვის სასჯელს და ამისთვის სისსხლის სამართლის კოდექსში რატომ შეაქვს ახალი ნორმა, როცა ეს დანაშაული ისედაც ისჯება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: ”თუ ვინმეს ამ ქვეყანაში გაუჩნდება სურვილი, თავს დაესხას პოლიციას, პოლიციის შენობას - ეს არის გაცილებით უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე თუნდაც პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებული დანაშაული.”

უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შეაფასა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

როცა კანონი საუბრობს უკანონო ფორმირებაზე, ჩვენი აზრით, აქ აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, თუ რა საფრთხეს შეიცავს ეს უკანონო ფორმირება. ჩვენი აზრით, ამას ერთი წინადადებაც უნდა მიემატოს : ”უკანონო ფორმირება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.” ეს ნიშნავს, რომ როცა პროკურატურა სამართლებრივ დევნას ამ მუხლით დაიწყებს, მას მოუწევს იმის მტკიცებაც, რომ ამ დაჯგუფებას მიზნად აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფა. ასეთი მიზნის არარსებობის შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს მსგავსი დევნა- ” უთხრა თამარ ჩუგოშვილმა ნეტგაზეთს.

ჩუგოშვილმა ასევე შეაფასა ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც მკაცრდება სასჯელი პოლიციელზე თავდასხმისათვის. თამარ ჩუგოშვილი თქმით, ”ეს არის ახალი მუხლი, რომელიც ემატება სისხლის სამართლის კოდექსს და ყველა ის გარემოება, რაც კანონშია ჩამოთვლილი, ის დანაშაული ისედაც ისჯება სისხლის სამართლის კანონდმებლობით. ერთ-ერთი მიზანიც, რაც ამ კანონპროექტს აქვს, ეს არის, რომ ძალიან გამკაცრდეს პასუხიმგებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში პროპორციულობის პრინციპი არის მნიშვნელოვანი. პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში, მოსამართლეს სასჯელის დადება მოუწევს ძალიან მაღალი ქვედა ზღვრიდან - 7 წლიდან უვადო პატიმრობამდე, არადა, პოლიციელს შეიძლება მსუბუქი ფიზიკური დაზიანება ჰქონდეს მიღებული.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს შემოთავეზებული კანონპროექტის მთავარ პრობლემად პროპორციულობის პრინციპის დარღვევა მიაჩნია.