2011.05.17

რას ვფიქრობ იერუსალიმის ცეცხლზე

მოსაზრება, რელიგია,

,სამი რამის ცქერა სიამოვნებს ადამიანს ყველაზე მეტად: წყლის, ცეცხლის და თუ როგორ შრომობენ სხვები“

- მოარული სიბრძნე

 

პოზიცია, თითქოს მეცნიერული მეთოდებით შეიძლება დადგინდეს რწმენითი კატეგორიების ჭეშმარიტება ან მცდარობა, საკამათოდ მიმაჩნია. საბოლოო ჯამში, ადამიანი რაიმეს მაინც პირადი სინდისიდან გამომდინარე იჯერებს ან არ იჯერებს. ანუ, რწმენა წმინდად პიროვნული აქტია. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მაინტერებს საკითხის სამეცნიერო მხარე იმ მოვლენისა, რასაც  ბოლო დროს ,,იერუსალიმის ცეცხლს“ უწოდებენ. უბრალოდ მოკლედ გადმოვცემ, რას ვფიქრობ მასთან დაკავშირებით და სიამოვნებით დაველოდები საწინააღმდეგო მოსაზრებებს.

დავიწყოთ იქიდან, რომ  ოდითგანვე სტიქიებს  ადამიანისათვის   ფიზიკურთან ერთად  საკრალური მნიშვნელობაც ჰქონდათ. ამის გამო ნებისმიერ კულტურაში არსებობდა სტიქიებისადმი მიძღვნილი რელიგიური თუ სხვა ტიპის საკრალური რიტუალები. მეტნაკლებად ყველგან ვხვდებით წმინდა მიწის, ნაკურთხი წყლის, მეტეოროლოგიური მოვლენებისა თუ ცეცხლისადმი მაგიურ დამოკიდებულებას. ამ უკანასკნელს აღმოსავლეთში იმდენად გამორჩეული ადგილი ეჭირა, რომ მისგან შთაგონების შედეგად მაზდეიანობაც (ცეცხლთაყვანისმცემლობა) კი წარმოიქმნა. ზოგიერთი საისტორიო გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ რელიგიის ფარული მიმდევარი ყოფილა სიცოცხლის ბოლომდე ქართლის კათოლიკოსი მობიდანი და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამორკვეულა ეს ამბავი (კარიჭაშვილი, დავით - ვინ იყო მობიდან ეპიზკოპოზი? // მოამბე. - 1901. - N3, განყ.II. - გვ.1-15).

მართლმადიდებელ ეკლესიაშიც ჰპოვა ამგვარმა დამოკიდებულებამ ასახვა. ჩვენც ვლოცულობთ ჰაერთა კეთილშეზავებისათვის, ვაკურთხებთ წყალსა და მიწას, ტაძრებში ვანთებთ სანთლებს, კანდლებს და აღდგომის ღამეს ზოგიერთი ეკლესიის წინ საკრალური სიმბოლოკის მქონე კოცონებსაც. აქ ცეცხლმა უფრო დეკორატიული და ემოციურ-რიტუალური მნიშვნელობა შეიძინა. გაცილებით უფრო შორს წავიდა დასავლური ქრისტიანობა, რომლის სივრცეშიც ცეცხლს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სამყაროს ბოროტი ძალებისაგან განწმენდის ფუნქცია დაეკისრა...

საზოგადოების განვითარებასთან ერთად, ადამიანების მოთხოვნები რელიგიისადმი თანდათან იცვლებოდა. ჩვენს ეპოქაში ჰოლივუდის ფილმები, კომპიუტერული თამაშები, ციფრული სახის საინფორმაციო საშუალებები, პრეზენტაციები სულ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს თითოეული ადამიანისათვის. აქედან გამომდინარე, მრევლის მოთხოვნათა შორის თითქოს ბუნებრივად დაიკავა  ადგილი ეკლესიაში შოუს, სპეც-ეფექტების, ექშენის (action) არსებობის სურვილმა. თავად ეკლესია კი არჩევანის წინაშე დადგა: თუ შოუს არ შექმნის, მრევლს დაკარგავს...

არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, „იერუსალიმის ცეცხლი“ განსაკუთრებით პოპულარულია ძირითადად რუსულ კულტურულ სივრცესთან ახლო მდგომ, ჰომოგენური საზოგადოების შექმნის მსურველ ქვეყნებში: უკრაინაში, საქართველოში, სერბეთსა, და ნაწილობრივ რუმინეთში. ამავე ქვეყნებში ცეცხლის გარდამოსვლის პროცესი უკვე პოლიტიკურ მოვლენად ჩამოყალიბდა. მთავრობების და საპატრიარქოების წარმომადგნლები ყოველწლიურად ერთობლივად უკეთებენ ორგანიზებას ღვთიური ცეცხლის ჩამომტანი დელეგაციების ისრაელში გაგზავნას. ამ პროცესში, როგორც წესი, ადგილობრივი ბომონდის წარმოამდგენლებიც აქტიურად არიან ხოლმე ჩართულნი. დელეგაციის აუცილებელი ატრიბუტია სახელისუფლებო წრეებიდან შერჩეული პიროვნება– ,,პრომეთე“, რომელიც აეროპორტშივე პოლიტიკური სპიჩის (speech) წარმოთქმის შემდეგ საკუთარ თანამოქალაქეებს ღვთიური ცეცხლის ჩამოტანას  ახარებს, ქვეყანას ნათელს მოჰფენს და წინსვლას მიულოცავს. შემდეგ უშუალოდ ცეცხლმოკიდებულ ჩირაღდანს კი, ოლიმპიური პრინციპიდან გამომდინარე,  მის დასახვედრად მოსულ საეკლესიო პირს გადასცემს, კიდევ ერთხელ მოგვილოცავს აღდგომას და ცოტა ხნით უჩინარდება თავის სადაგ საქმიანობში...

ჩვენი გულები სიხარულით, (მოგვიანებით) საარჩევნო ყუთები ხმებით, (მეორე დღიდან) საეკლესიო მაღაზიები კი იურუსალიმის ცეცხლით თავმომწვარი, გასაყიდად გამზადებული სანთლების შეკვრებით აივსება. მოსახდენი - მოხდა, ცეცხლი გა(რ)დ(ა)მოვიდა,  „გარდმოფრინდა წიაღ მთათა“ (ანუ, „ცოტა იარა თუ ბევრი იარა, ცხრა მთა გადმოიარა“) და ჩვენც მომავალი „გაბრწყინების“ რწმენამ დაგვავიწყა დღეინდელობის ჯაფა...

დარწმუნებული ვარ, ეიფორიის მიუხედავად, ბევრს, ისევე როგორც მე, კითხვები გაუჩნდება:

-         თუ ღმერთი ადამიანების რწმენისაკენ მოსაბრუნებლად ცეცხლს ავლენს, მაშ რატომ  მოუვლინა საკუთარი ძე  ქვეყნიერებას და სახარებაში თავის გზავნილი განგვიცხადა? კიდევ რა მისია აკისრია ეკლესიას ამ სოფლად?

-         განა უფალს არ ძალუძს, ისურვოს და სასწაულებრივად მთელი სამყარო უცებ ქრისტიანი გახადოს, მათი მხრიდან საამისო  სურვილის, დაფიქრების, დაეჭვების, გააზრების არარსებობის მიუხედავდაც კი?

-         თუ ცეცხლი მართლაც ღვთისაგან გვევლინება, როგორ შეიძლება მავანს ამ ყველაფრის სწამდეს და აგრძელებდეს ჩვეულ საქმიანობას,  უსამართლობას და ტყუილში ცხოვრებას?

-         თუ ღმერთი ამ სასწაულით გვაჩვენებს, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტება, მაშინ სადაა რწმენის ადგილი? რად უნდა რწმენა საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას, იგი ხომ უკვე ცოდნის სფეროა?

იერუსალიმის ტაძრის შესასვლელი; ფოტო: მირიან  გამრეკელაშვილი

იერუსალიმის ტაძრის შესასვლელი; ფოტო: მირიან გამრეკელაშვილი

ამ მოვლენის წარმოშობის საკითხზე სრულიად სხვაგვარად დაგვაფიქრებს ერთი საინტერესო ფაქტი. იურუსალიმში, აღდგომის ტაძრის შესასვლელთან, ცოტა ზემოთ მდებარე სარკმლის თავზე დაინახავთ კიბეს. კარგა ხანია, ეს ნივთი ამ ადგილას იმყოფება. იგი უკვე თითქმის ერთგვარ საკრალურ, ხელშეუხებელ ნივთად იქცა. საქმის არსი კი, აი, რაშია: როდესაც ტაძრის მფლობელი კონფესიები რომაული წესის კათოლიკეები, ბერძენი მართლმადიდებლები, ეგვიპტელი კოპტები, სომხეთის სამოციქულო  და ეთიოპალური ეკლესიის წარმომადგენლები ტაძარსა და მის ტერიტორიას ინაწილებდნენ, ყველას გამორჩა შემთხვევით კედელზე დატოვებული კიბე. ამიტომაც საბოლოო შეთანხმებაში მისი მფლობელობის საკითხი ღია დარჩა. აქედან გამომდინარე, მას ვერც ერთი კონფესიის წარმომადგენელი ვერ შეეხება, რადგან ამ შემთხვევაში ასე რთულად მიღწეული შეთანხმება დაირღვევა. ამგვარად, ეს უბრალო კიბე თითქმის რელიგიურ სიმბოლოდ იქცა. წარმოიდგინეთ, ვინმე რომ ავიდეს, სარკმელი გააღოს, კიბე აიღოს და კუთვნლი ადგილი მიუჩინოს ტაძრის საწყობში, რა მოხდება ამ შემთხვევაში? მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ამის ჩამდენს ანტიქრისტედ თუ არა, მინიმუმ ეკლესის მდევნელად გამოაცხადებენ, ხოლო კიბის ფოტოებს გაამრავლებენ და საეკლესიო მაღაზიებში, როგორც დიდი სიწმინდის გამოსახულებას, ისე გაყიდიან. ჩემი აზრით, იერუსალიმის ცეცხლის ამბავიც მსგავსი რამაა. ყველამ იცის, რომ მას პატრიარქი ანთებს, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერავინ იტყვის, რადგან ამ საკითხის ტაბუირების შესახებ მართლმადიდებელ ქრისტიანთა თითქმის ნახევარი  შეთანხმდა. არავინ  დაუპირისპირდება ხალხს, რომელთათვის ცეცხლი უკვე აღდგომაზე მნიშვნელოვან რამედ იქცა...

მეორე ასეთ მაგალითად გამოგვადგება, მუსლიმი ჯარისკაცების რიტუალური მონაწილეობა იერუსალიმში მყოფი ქრისტიანული კონფესიების მიერ აღსრულებულ მსახურებებში. თავის დროზე ფიზიკური წესრიგის დასაცავდ საეკლესიო პირებისათვის მიჩენილი  ჯარისკაცები დღეს მწუხრის ჟამნისა და ეპისკოპოსთა პროცესიის უცვლელი მონაწილენი არიან. წარსულში სრულიად პრაქტიკული მიზნებისათვის შექმნილი რამ, დღვენდელობაში რიტუალურ ფენომენად იქცა...

ფოტო:მირიან გამრეკელაშვილი

ფოტო:მირიან გამრეკელაშვილი

მე პირადად არასოდეს მჯეროდა ამ „სასწაულის“ და ჩემი რწმენის საყრდენად არ ვთვლიდი. მაგრამ, ამავე დროს, მესმის ადამიანების, ვისაც ეს მოვლენა ღვთიურ სასწაულად მიაჩნია, რადგან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანდ თვლის, ისწრაფვის, რაიმე სახით მნიშვნელობდეს აღდგომა მის ცხოვრებაში. ამისათვის კი ორი რაიმ შეიძლება მოიმოქმედო - ან გწამს ქრისტეს განკაცება, ჯვარცმა და აღდგომა. ამ შემთხვევაში საჭიროა დაფიქრება და ცხოვრების წესის შეცვლა. ან დაიჯერო ცეცხლის გარდამოსვლა, როგორც გამართლება უკვე შენი ჩვეული ცხოვრების ყაიდის და, ამასთან, „გაოცდე“ და „აღფრთოვანდე“ საკუთარი მნიშვნელოვანებით დანარჩენი მსოფლიოს წინაშე.

ქრისტე ჩვენგან მოითხოვს მივყვეთ მას. ამის საპირისპიროდ კი ცეცხლი, მომენტალური ემოციების გარდა, ჩვენგან არაფერსაც არ მოითხოვს. ასე რომ, ამ მოვლენის სასწაულად მიჩნევა, ალბათ, გაუცნობიერებელი, მაგრამ მაინც პრაქტიკული ნაბიჯია თანამედროვე დროის კრიზისის მქონე ადამიანისა. ანუ, ადამიანისა, რომელიც ვერ მოერგო თანამედროვებას და კომპლექსური, არასრულფასოვნების გრძნობით არის მისდამი განმსჭვალული...

თავში ვთქვი, რომ მეცნიერულ ახსნებს რწმენის საკითხებში არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაგრამ მაინც, უბრალო მაგალითისათვის, ქვემოთ მომყავს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბატონი მიხეილ კალოპულოსი სხვადასხვა მეცნიერული არგუმენტების მოშველიებით ამტკიცებს, რომ იერუსალიმის ცეცხლი სულ მარტივად შეიძლება იყოს ფოსფორისა და ერთ-ერთი ქიმიური ნივთიერების ნარევის ურთიერთქმედების შედეგი. ამ ორ ნივთიერებაში რიგითობის დაცვით ამოვლებული სანთლის ფითილების ზედაპირიდან  ნივთიერების აორთქლების შემდეგ ცეცხლი თავისით ჩნდება ჟანგბადთან ურთიერთობისას. ბატონი კალოპულოსი ასევე იძლევა ახსნას იმის შესახებ, თითქოსდა სასწაულებრივი ცეცხლი გადმოსვლიდან მცირე ხნის განმავლობაში არ წვავდეს. მისი აზრით, 33 სანთლისაგან წარმოშობილი  ალი შეიძლება ისე დაიკუმშოს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში არ წვავდეს სწრაფად გადატარებულ ხელს. მისივე თქმით, არ არსებობს ვიდეო,  ვინმე წვერზე იჩერებდეს ცეცხლს თუნდაც ორი წუთით...

 

 

მირიან გამრეკელაშვილი

მირიან გამრეკელაშვილი

ავტორის შესახებ

მირიან გამრეკელაშვილი 2008 წლიდან იმყოფება გერმანიაში, სადაც ქალაქ აიხშტეტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე წერს სადოქტორო ნაშრომს თემაზე ,,ცნებების - ძალისა და მადლის გაგება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დღეს“.  200-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა განაგრძო ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში.