ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

11 მარტი, 2016 • 1495
ომბუდსმენის განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

მედიით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფარულად გადაღებული მასალების გამოქვეყნების საკითხი გააქტიურდა. ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა საქმეს გამოიძიებს.

სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“როგორც მედიით გახდა ცნობილი, 2016 წლის 11 მარტს ინტერნეტში საჯაროდ გავრცელდა ერთ–ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. საგანგაშოა პირადი ცხოვრების უფლების ისეთი მაღალი ინტენსივობის დარღვევა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.

შემაშფოთებელია ისიც, რომ არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე კვლავ გააქტიურდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ფარულად გადაღებული მასალების გამოქვეყნების საკითხი. სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი არაერთ მსგავს საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგები. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პროკურატურა უსწრაფესად გამოიძიებს აღნიშნულ დანაშაულს, ყველა დამნაშავე პირი გამოვლინდება და სათანადო სიმკაცრით დაისჯება.

ყველასათვის ცხადი უნდა გახდეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა, მისი ჩამდენი პირები კი დაუსჯელნი არ დარჩებიან, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ასეთი ტიპის დანაშაულების გამეორებას მომავალში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებები განსაკუთრებული სიფრთხილითა და პირადი ცხოვრების პატივისცემით მიუდგნენ აღნიშნული დანაშაულის გაშუქებას და უფრო მეტი მასშტაბი არ შესძინონ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი