2010.12.30

მაია მანია: „ჯერ კიდევ შეიძლება მისი გადარჩენა“

კომენტარი, არქიტექტურა,
ყოფილი „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის შენობის ნგრევა რამდენიმე კვირაა დაიწყო. დღეისათვის არსებობს უკვე სავარაუდო პროექტი, რომელიც „ზარია ვოსტოკას“ ყოფილ შენობას შეცვლის.

„ახლაც რომ შეწყვიტონ მისი ნგრევა, გადარჩენა მოხერხდება. ამას აღარ ჰქვია უგუნურობა ან დაუდევრობა, ეს დანაშაულია, თბილისს არ აქვს ამდენი შენობის კარგვის რესურსი,–ამბობს არქიტექტურის ისტორიკოსი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი მაია მაინია, თბილისში, რუსთაველის 42 ნომერში, არსებულ შენობაზე,  რომელიც ამ წუთებშიც ინგრევა.

ყოფილი „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის შენობის ნგრევა რამდენიმე კვირაა დაიწყო. როგორც შენობაში მომუშავენი ამბობენ, ძირითადი სამუშაო მაქსიმუმ ორ თვეში უნდა დამთავრდეს, შესაბამისად, დღესდღეობით შენობაში განთავსებული არც ერთი დაწესებულება თუ მაღაზია იქ აღარ იქნება.

„ეს შენობა დიდი ფასეულობაა. ის თბილისში მოღვაწე სომეხი არქიტექტორის, დავით ჩისლიაევის მიერ არის აშენებული. შენობის მშენებლობა 1930 წელს დასრულდა.

უკიდურესი სისადავე, არქიტექტურული მორთულობის ელემენტების უარყოფა, ჰორიზონტალური ზოლები, უკუგდებული კლასიკური ელემენტები–ეს კონსტრუქტივიზმის სტილია,  რომელიც საბჭოთა ეპოქის მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგადად ამ სტილს ებრძოდნენ, რადგან „იმელის“ შენობის უკანა ფასადიც კონსტრუქტივიზმის სტილით იყო ნაგები.

მე დიდი იმედი არ მაქვს, რომ „ზარია ვოსტოკას“ ყოფილის შენობის ნგრევის გაპროტესტებას რეალური შედეგი მოყვება, რადგან  გვაქვს მსგავსი გამოცდილება „იმელის“ შენობასთან დაკავშირებითაც. პირველი გრანდიოზული ნგრევის შემთხვევა სწორედ ამ შენობასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ, არქიტექტორები მის ნგრევასაც ვაპროტესტებდით.  

თუ ამბობენ, რომ შენობა დაზიანებული იყო და  მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა, არასწორია. ამ წამსაც კი ექსპერტიზა  დადებით დასკვნას მოგვცემდა მის ფიზიკურ მდგომარეობაზე. შეუიარაღებლი თვალითაც ჩანს, რომ სართულს შუა გადახურვები ჯანსაღია, კედლები კი მყარი. ასე რომ, რესტავრირება ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელი იყო.

თუ ზოგჯერ გვიხდება ამა თუ იმ შენობის ღირებულების მტკიცება, აქ, ამ შენობაზე არაფერი იყო დასამტკიცებელი, ფაქტი სახეზეა.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი ნგრევა შევნიშნე, მერიის რამდენიმე წარმომადგენელს შევხვდი არაოფიციალურად. პასუხი იყო, რომ ჩვენ ავთენტურს ხელს არაფერს ვახლებთო. სამხუხაროდ, ფაქტი სახეზეა –მისი ავთენტური ნაწილები უკვე დაშლილია, შენობის კონტური უკვე განადგურებული.  ერთი თვის წინ ლიფტიც უკვე ჩამოხსნილი იყო.

შენობის ნგრევის ნებართვა მერიამ გასცა. ყოველივე ამას კი  ამ შენობისთვის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მოხსნა უსწრებდა წინ, როგორც ვიცი, ეს 2006 წელს იყო. მაშინვე გამიჩნდა იმის შიში, რომ ამ შენობასაც რამე დაემართებოდა. თბილისში ისედაც პანტაპუნტით ინგრევა შენობები, თავისი ხანდაზმულობის გამო. შემაშფოთებელი ისაა, რომ საღ– სალამათ შენობებს ანგრევენ.

ძეგლის სტატუსის მოხსნა მაღალ ინსტანციაზე წყდება. აქ ჩვეულებრივი ექსპერტი უკვე აღარ ერევა. ასე რომ, არ არსებობს ძალა, რომელიც ამ ყველაფერს შეაფერხებს.

მე არ მესმის, როდესაც ქალაქის შუალგულში მდებარე შენობასთან გვაქვს საქმე, რატომ არ არიან ჩართულნი ექსპერტები. ფასეულობის დანახვა ჩინოვნიკსაც შეუძლია, თუმცა მაინც ექსპერტმა უნდა მოხსნას სტატუსი. 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სულ ახლახანს შეიტანეს ძეგლთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილები, რომლის მიხედვით, საერთოდ უგულვებელყოფილია ძეგლი და მისი სტატუსი. ისეთი ფორმით არის შეტანილი, რომ სრულ თავისუფლებას აძლევს ადამიანს –შეუძლია ის გააკეთოს, რაც უნდა.

დღეისათვის არსებობს უკვე სავარაუდო პროექტი, რომელიც „ზარია ვოსტოკას“ ყოფილ შენობას შეცვლის. პროექტის მიხედვით, შენობის კოშკურა სიმაღლეს თითქმის ამდენივე ემატება, აბსულუტურად გაუგებარია ასეთი სახით ფასადის შენარჩუნება, რითიც თავს იმართლებენ“.

ასეთი იქნება ზარია ვოსტოკას ყოფილი შენობა პროექტის მიხედვით

ასეთი იქნება