2010.10.27

მშკ–მ ჰელოუინისთვის მზადება დაიწყო

რელიგია,

სხვასაც წააკითხეთ, ვრცელდება უფასოდ, - საინფორმაციო ბროშურებს, რომელსაც ეს წარწერა აქვს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თანამოაზრეები საჯარო სკოლებში ორშაბათიდან მოსწავლეებსა და მშობლებს ურიგებენ. სკოლების დირექტორებს კი სპეციალური განცხადებას უტოვებენ, სადაც მშკ სკოლის ადმინიტრაციას მოუწოდებს – არ დაუშვან საჯარო სკოლებში ჰელოუინის გამართვა.

სხვასაც წააკითხეთ, ვრცელდება უფასოდ, - საინფორმაციო ბროშურებს, რომელსაც ეს წარწერა აქვს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თანამოაზრეები საჯარო სკოლებში ორშაბათიდან მოსწავლეებსა და მშობლებს ურიგებენ. სკოლების დირექტორებს კი სპეციალური განცხადებას უტოვებენ, სადაც მშკ სკოლის ადმინიტრაციას მოუწოდებს – არ დაუშვან საჯარო სკოლებში ჰელოუინის გამართვა.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თანამოაზრეებმა სკოლებში მიმართვებისა და ბროშურების დარიგება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ რამდენიმე საჯარო სკოლაში ჰელოუინის გამართვას აპირებდნენ.

ერთ-ერთი თანამოაზრე, რომელმაც თავი სიონის ტაძრის მრევლად გაგვაცნო, 21 წლის გიორგი ამბობს, რომ საჯარო სკოლებში თავისი "მამაოს" (მამა დავით ლასურაშვილი) კურთხევით დადის და სკოლის დირექტორთან სპეციალური განცხადება მიაქვს. განცხადებას რეგისტაციაში ატარებინებს იმის დასტურად, რომ განცხადება სკოლამ მიიღო. შემდეგ სკოლის ეზოში მოსწავლეებსა და მშობლებს საინფორმაციო ბროშურებს – ჰელოუინი - წარმართულ-სატანური დღესასწაული ურიგებს.

გიორგი ამბობს, რომ ბროშურებისა და განცხადებების მიტანა სკოლებში ორშაბათიდან დაიწყეს. მისი თქმით, დირექტორებისაგან არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება.

განცხადებას, რომელიც დირექტორებთან მიაქვთ, ხელს მშობელთა კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე აწერს. განცხადებაში მშკ მოუწოდებს სკოლების ადმინისტრაციას, რომ არ დაუშვან სკოლაში ჰელოუინის ,,ზეიმის’’ გამართვა და ანგარიში გაუწიონ ჩვენი ეკლესიის მოწოდებას.

,,დაიცავით საკუთარი და ბავშვების სულები დემონური ზემოქმედებისგან, რომელიც კარნავალის კოსტიუმში გახვეული და ნიღაბაფარებული როკავს და დაღუპვით ემუქრება რიტუალში მონაწილე ყველა პიროვნების სულსა და გონებას, თქვენ ხომ პასუხისმგებლობა გეკისრებათ არა მხოლოდ საკუთარი სულის მიმართ, არამედ თქვენი აღსაზრდელების სულების მიმართაც’’ - წერია განცხადებაში.

,,ჩვენი ეკლესიის მოწოდებაში’’ მშობელთა კავშირი საპატრიარქოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განცხადებას გულისხმობს. ერთი წლის წინათ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰელოუინი წარმართული და სატანური უცხოური დღესასწაულია. საპატრიარქო მოუწოდებს საზოგადოებას, ახალგაზრდებს, რომ ,,არ გახდნენ უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები’’.

გიორგის ნეტგაზეთის ჟურნალისტი #112 საჯარო სკოლაში შეხვდა მაშინ, როცა ის ბროშურებს არიგებდა. მოგვიანებით ნეტგაზეთი 112-ე სკოლის დირექტორს ნინო თაბაგარს დაუკავშირდა. თაბაგარი ამბობს, რომ განცხადება ჩაიბარა, თუმცა მას არ გაცნობია. აღნიშნავენ თუ არა ჰელოუინის დღესასწაულს 112-ე სკოლაში, ამასთან დაკავშირებით, როგორც თავად ამბობს, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

#24-ე  საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია ამბობს, რომ მის სკოლაში მართმადიდებელ მშობელთა კავშირის განცხადება ჯერ არავის მიუტანია. თუმცა იხსენებს, რომ შარშან ამ დროს იყვნენ მისული სკოლაში მშკ-ს წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიისთვის. 24-ე სკოლის დირექტორი ჰელოუინის აღნიშვნაში დიდ ტრაგედიას ვერ ხედავს, მაგრამ ამბობს, რომ ქართველებს მშვენიერი დღესასწაულები გვაქვს და მიაჩნია, რომ მათი აღნიშვნა საკმარისია.

კითხვაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნდა აღნიშნონ თუ არა მხოლოდ ქართული დღესასწაულები, მურღულია აქცენტს ბავშვის უფლებებზე აკეთებს:

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. ადამიანები არ უნდა შეზღუდო, თუ მათი მოქმედება აშკარად გამოხატულ კანონსაწინააღმდეგო სახეს არ ატარებს. დანარჩენ შემთხვევაში ეს, ბუნებრივია, დასაშვებია’’.

უცნობია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხზე. ნეტგაზეთი პატრიარქის პრესმდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. ბოტკოველი ამბობს, რომ თბილისში არ იმყოფება და არანაირ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ფლობს. ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, ასევე, გაავრცელებს თუ არა საპატრიარქო რაიმე სახის განცხადებას ჰელოუინთან დაკავშირებით.

საინფორმაციო აქციაში, როგორც მშკ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მოსწავლეთა კავშირი ნათელი მომავლისათვის და სტუდენტური კავშირები ზნეობრივი არჩევანი, განათლება და ერთსულოვნება, მომავალი ჩვენია მონაწილეობენ. გიორგის თქმით, სტუდენტური კავშირები ცდილობენ, უმაღლეს სასწავლებლებში არ დაუშვან ჰელოუინის გამართვა.

 

მართმადიდებელ მშობელთა კავშირმა 2008 წლის 31 ოქტომბერს ერეკლე მეორის ქუჩაზე გამართული ჰელოინის დღესასწაული ჩაშალა. მომდევნო წელს კი ჰელოუინი ადამიანებმა დახურულ სივრცეში (ბარებში) იზეიმეს.