ახალი ამბები

საქართველომ 17 მილიონი წააგო

რამდენიმე მილიონ დოლარად ღირებული სახელმწიფო ქონება ლევან ვარშალომიძემ თურქულ კომპანიას 1,45 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული. როგორც ”ბათუმელებმა” გაარკვია, თურქულ კომპანიასთან დავაში სახელმწიფომ სულ ცოტა 17  მილიონი ლარი იზარალა.

წაგებული საქმე და წამგებიანი ხელშეკრულება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლომ თურქული კომპანია tustas industrial plants co. incorporation -ის (”თუსთაში”) სასარგებლოდ 4 782 671 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

”თუსთაშისთვის” მისაცემი 9 778 400 ლარი გასული წლის ბიუჯეტში ჩაიდო, თუმცა  სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა და დავალიანების დაფარვის ნაცვლად, აჭარის მთავრობამ კომპანიასთან მოლაპარაკება დაიწყო.

შეთანხმება, რომელიც ”ბათუმელების”  მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, ქართული მხარისთვის მომგებიანი ვერ აღმოჩნდა, ”თუსთაშთან”  გასული წლის სექტემბერში გაფორმდა. ამ დროისთვის გადასახდელ თანხაზე დარიცხული პროცენტი 2 071 889 დოლარია.  აქედან 600 ათას დოლარზე მეტი ძირითად თანხას სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ დაერიცხა. მთლიანობაში კომპანიისთვის მისაცემი თანხა კი 6 053 087 დოლარით განისაზღვრა.

შეთანხმების აქტით დადგინდა დავალიანების დაფარვის ფორმა და გრაფიკი: აჭარის მთავრობამ აქტის ხელმოწერიდან ერთ თვეში 1,9 მილიონი, ხოლო 2010 წლის 30 ივნისამდე 2,7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა იკისრა. დარჩენილი 1 443 915 აშშ დოლარის სანაცვლოდ კი კომპანიისთვის სოფელ გონიოში მიწა უნდა გადაეცათ.

გონიოს მიწები ვალის დასაფარად

”თუსთაშს”  1 კვ/მ მიწის ნაკვეთი 41 დოლარში ჩაუთვალეს, მაშინ, როცა გონიოში, ზღვისპირა ზოლში, 1 კვ/მ მიწის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 150-200, მაქსიმუმ 300 აშშ დოლარია. ანუ ყოველგვარი პირობის გარეშე გასხვისებული 35 ათასი კვ/მ ფართობი, რომელიც ზღვისპირა ზოლში მდებარეობს, სულ ცოტა 5 მილიონი აშშ დოლარი ღირს.

მიწის ნაკვეთები, რომლებიც ”თუსთაშს”  გადაეცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად გასული წლის გაზაფხულზე, ანუ ფირმასთან მოლაპარაკების პროცესში  დარეგისტრირდა. შემდეგ ეს ნაკვეთები გადარეგისტრირდა როგორც აჭარის ქონება, საჯარო რეესტრის იმავე წლის 4 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით კი, რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი უკვე `თუსთაშის~ საკუთრებაშია.

ეს პროცედურა ისე ჩატარდა, რომ ოჯახებმა, რომლებიც ამ ნაკვეთების ნაწილს მართლზომიერად სარგებლობდნენ, არაფერი იცოდნენ.

`20 წელია ამ მიწას ვსარგებლობთ. ხელვაჩაურის მიწის კომისიამ რეესტრში გადამამისამართა. რეესტრში კი მითხრეს, რომ ნაკვეთი, რომელსაც მე ვამუშავებდი, თურქული კომპანიის საკუთრებაა~, _ აცხადებს `ბათუმელებთან~ მალხაზ ბარამიძე. მას ამ ეტაპზე პრეტენზია 2 700 კვ/მ ფართობზე აქვს. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

”თუსთაშისთვის” გადაცემული მიწის ნაკვეთები ისტორიული გონიოს ციხის მოპირდაპირედ, საავტომობილო ტრასიდან ზღვის ნაპირამდე მონაკვეთში მდებარეობს. ამ ნაკვეთებს ათობით ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და პირუტყვების საძოვრად 20 წელია იყენებს.

კანონის მიზანი დაირღვა

35 000 კვ/მეტრი მიწა გონიოში ”თუსთაშს” აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის #156 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა. კანონის მიხედვით, `ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის დადგენილ პირობებს”.

ამ შემთხვევაში პრივატიზებისთვის რაიმე პირობა არ დაუდგენიათ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ ”მყიდველი”  ანუ ”თუსთაში” ვალდებულია `განახორციელოს ყველა სახის ქმედება ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით~. ხელშეკრულებით ფირმას ერთადერთი ”ვალდებულება” აქვს - მიიღოს მიწის ნაკვეთი ვალის სანაცვლოდ.

გამყიდველი სდუმს

რატომ გახდა აუცილებელი მოლაპარაკების დაწყება მაშინ, როცა ”თუსთაშის” ვალის დასაფარად ბიუჯეტში თანხა იყო გათვალისწინებული? რატომ არ გადაუხადეს ფირმას ვალი და რას მოხმარდა ეს თანხა? რამდენად გამართლებულია მიწის გასხვისება ყოველგვარი პირობის გარეშე, მიზერული თანხის სანაცვლოდ? როგორ აღმოჩნდა ეს მიწები აჭარის საკუთრებაში და ხომ არ არღვევს ვარშალომიძე ამ კონკრეტული ბრძანებით პრივატიზების შესახებ კანონს? - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში თავს ვალდებულად არ თვლიან, ამ კითხვებს უპასუხონ.

მოპასუხე მხოლოდ აჭარაა

”ბათუმელების” ინფორმაციით, ”თუსთაშისთვის” მისაცემი 9 778 400 ლარი, საქართველოს მთავრობას აჭარისთვის გრანტის სახით უნდა გადმოერიცხა, რაც ასე არ მოხდა.

საარბიტრაჟო სასამართლოშიც პირველი მოპასუხე თავიდანვე აჭარის მინისტრთა საბჭო, ხოლო მეორე მოპასუხე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო იყო. სასამართლომ კი ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ აჭარას დააკისრა.

`რადგანაც საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გააჩნია იურისდიქცია მეორე მოპასუხის მიმართ და არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის დასახელებებზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება და განაჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მიმართულია მხოლოდ პირველი მოპასუხისკენ~, _ აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

როცა უმაღლესმა საბჭომ 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ”თუსთაშისთვის” 31 830 კვ/მ მიწა უნდა გადაეცათა, ანუ 3170 კვ/მ-ით ნაკლები. ამ ფართობის მიწა გონიოში ნახევარ მილიონ დოლარამდე ღირს.

აჭარის 2010 წლის ბიუჯეტში `თუსთაშისთვის~ მისაცემად 4 725 000 ლარი ჩაიდო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი ”თუსთაშისთვის” 4 760 852 ლარი მიუციათ. ბოლო გადარიცხვა 8 ივლისს განხორციელდა.

ესე იგი, სასამართლოს მიერ დაკისრებული 5,5 მილიონი აშშ დოლარის (პროცენტის ჩათვლით) სანაცვლოდ `თუსთაშს~ 8 მილიონამდე ლარი და 9 მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები გადაეცა.

გარდა ამისა, `თუსთაშთან~ წაგებული საქმის საერთაშორისო სასამართლოში განხილვის პროცესში ბიუჯეტიდან 801 472 აშშ დოლარი დაიხარჯა.

”თუსთაში” აჭარიდან სასამართლოში

`თუსთაში~ აჭარაში 1997 წელს შემოვიდა. კომპანიას ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი უნდა აეშენებინა. `თუსთაში~ მშენებლობის ვადების დარღვევის გამო გააძევეს. კომპანიამ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.

2006 წელს ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ კომპანიის ტექნიკა თანდათანობით ტოვებდა საქართველოს და ის ”თუსთაშის” კონტრაქტორ კომპანიებს გაჰყავდათ. `თუსთაში~ კი ამტკიცებდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები მას სასამართლოში უჩივიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ, რაც საერთო ჯამში 27 მილიონ დოლარს უტოლდება. სასამართლოში ”თუსთაში” საქართველოს 34 855 865 აშშ დოლარს სთხოვდა.

”უმნიშვნელო” დავა

საქართველოს მთავრობა ამ საქმეს სერიოზულობით იმთავითვე არ მიუდგა. საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე აცხადებდა, რომ `თუსთაშმა~ ტექნიკა ყველა წესის დარღვევით შემოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე და საამშენებლო სამუშაოებსაც წესების დაღვევით აწარმოებდა: ”ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ, ამიტომ ამ პროცესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ”(რადიო `თავისუფლება~, 12.01.2006წ.). თუმცა, საქართველოს მთავრობამ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის მოსაგებად იმ დროს 230 ათასი აშშ დოლარი გამოყო და საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული კომპანიაც დაიქირავა.

დავა საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება

`ბათუმელებმა~ საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია (სტატისტიკა და ფინანსები) საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებიდან მიმდინარე წლის 29 ივნისს გამოითხოვა. ერთი თვის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული პასუხი: `საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში დღეისათვის მიმდინარეობს ექვსი საარბიტრაჟო დავა. 2004 წლიდან დღემდე მხარეთა შორის მორიგებით დასრულდა ხუთი საარბიტრაჟო დავა, ხოლო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ორ დავაზე~. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ამ უწყებიდან მხოლოდ ის გვაცნობეს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს მივმართოთ.

უცხოელი ინვესტორებისთვის საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვის საშუალება აღარ არსებობს. ზუსტად ერთი წლის წინ „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით ინვესტორს სახელმწიფო ორგანოსთან უთანხმოების შემთხვევაში დავა მხოლოდ ქართულ სასამართლოში შეუძლია.

გასხვისებული მიწები გონიოში

გასხვისებული მიწები გონიოში

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

მინისტრი და მისი ნათესავები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ვაჟა ბოლქვაძე 2008 წელს დაინიშნა. მანამდე იგი ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მისი მინისტრობის პერიოდში, ანუ ამ დროისთვის ვაჟა ბოლქვაძის ნათესავებს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა აქვთ ჩაბარებული. ისინი, ძირითადად, საფინანსო სამსახურებს ხელმძღვანელობენ.


კიდევ ერთი საიდუმლო ინვესტორი

ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნაწილი 15 მილიონ დოლარად აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე დაარსებულმა ფირმამ შეიძინა. მისი მფლობელი ოფ-შორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა. ქარხნის ქონების 27 მილიონ დოლარად გაყიდვის ხელშეკრულება კი ბათუმის ნავთობტერმინალის მფლობელებთან 2007 წელს მოიშალა.

საქართველო საერთაშორისო სკანდალში დელფინების გამო

  ვიდეომასალით, რომელიც გაზეთ  ”ბათუმელების” ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფმა მოიპოვა, დასტურდება, რომ ბათუმის დელფინარიუმში დელფინები ყავთ,  რასაც ხელისუფლება უარყოფს.  როგორ მოხვდნენ ბათუმში დელფინები, რომელთა დაჭერა შავ ზღვაში აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით და დააკისრებენ თუ არა ამის გამო საქართველოს სანქციებს? –იკითხეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტური გამოძიება 28 ივლისის ნომერში.

წინა | შემდეგი
2012-05-18

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

2012-05-18

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

2012-05-18

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

წინა | შემდეგი