საზოგადოება

გაურკვეველი მომავლის მოლოდინით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი სპორტის აკადემიის ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობა არ გაიყიდა.

სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, გუშინ გამართულ აუქციონზე ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში დარეგისტრირებული ობიექტით, რომლის საერთო ფართობი 42 667 კვადრატული მეტრია, არავინ დაინტერესებულა. ობიექტის საწყისი ფასი 14 მილიონი დოლარია.

ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში აფხაზეთიდან დევნილები არიან შესახლებულნი. ორ, ოთხ და ხუთსართულიან შენობაში, შესაბამისი თანმიმდევრობით, 18 და 35 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აცხადებენ ადგილობრივები.

 ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობები დევნილთა კოლექტიური ჩასახლებების ნუსხაში აქვს შეტანილი.  საერთო საცხოვრებლის შენობების აუქციონზე გაყიდვის შემდეგ, დევნილებს კოლექტიური ცენტრის დატოვება მოუწევთ.

11 წელია რაც, ლალი არსენიძის ოჯახი ჭავჭავაძის 49 ნომერში  ცხოვრობს. სოხუმში საკუთარი სახლის დატოვების შემდეგ, 5 წელიწადი თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ცხოვრობდა. 1997 წლიდან კი ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის შენობაში დასახლდა.

არსენიძეებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 1997 წლით დათარიღებული ბრძანება აქვთ, რომლის მიხედვითაც, ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში დასახლდნენ.

არსენიძეები ისხენებენ, რომ დანგრეული საერთო საცხოვრებლის შენობა მათ და მათთან ერთად შესახლებულმა კიდევ 16–მა დევნილმა ოჯახმა ერთად გაასუფთავეს და აღადგინეს.

”სახელმწიფოს არც კოვზი მოუცია და არც ჩანგალი. ჩვენი სახსრებით გავარემონტეთ ეს ოთახები... პირველად რომ ვნახე, ორი კვირა ვტიროდი, აქ უნდა ვიცხოვრო-თქო?”- ლალი არსენიძე.

დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან უყურადღებობას უჩივიან. ლალი არსენიძის თქმით,  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ  მათი საცხოვრებელი შენობის სახურავი მხოლოდ გასულ წელს გადახურა თუნუქით.

საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები ამბობენ, რომ მინისტრი კობა სუბელიანი საცხოვრებლის სიმბოლურ თანხად გადაფორმებას დაჰპირდა. ახლა კი გაიგეს, რომ საერთო საცხოვრებელი აუქციონზე გააქვთ, როგორც საპრივატიზაციო ობიექტი.

ვალენტინა გეგია ჭავჭავაძის 49ა-ში ცხოვრობს. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 15 წლის წინათ, თავის მეუღლესთან ერთად, ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებლის მეოთხე სართულზე ერთ ოთახში დაბინავდა.

რვა წლის წინათ მას მეუღლე გარდაეცვალა. ვალენტინას საცხოვრებელი ფართი არ ჰყოფნის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილიშვილი მასთან გადმოვიდა საცხოვრებლად.

”საპირფარეშოში მაქვს ონკანი, სადაც ვრეცხავ ყველაფერს, მათ შორის ჭურჭელს და ესაა ჰიგიენა?”

ვალენტინა დევნილთა შემწეობას-22 ლარსა და 5 ლარის ოდენობის ელექტროენერგიის საფასურს– ყოველთვე იღებს. თუმცა, ელექტროენერგიის საერთო გადასახადზე, რომელსაც კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები 35 ოჯახი ოთახების მიხედვით ინაწილებს, თანხის დამატება საკუთარი შემოსავლიდანაც უწევს.

ჭავჭავაძის 49ა-ში მცხოვრებლებს, ჭავჭავაძის 49 ნომერში მცხოვრებლებისგან განსხვავებით, ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების დადგმის საშუალება არ მიეცათ.

”ლტოლვილთა ადა განსახლების სამინისტრომ გვითხრა, გადაფორმებული არ გაქვთ ეს შენობები და იმიტომ ვერ დაიდგამთ ინდივიდუალურ მრიცხველებსო,”- ამბობენ ჭავჭავაძის 49ა-ში მცხოვრები დევნილები.

არც ჭავჭავაძის 49 ნომერში დარეგისტრირებული შენობა არ აქვთ გადაფორმებული დევნილებს.

ნეტგაზეთთან საუბრისას ვიოლეტა ამბობს, რომ ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის აუქციონზე გატანის შესახებ ტელევიზიის საშუალებით გაიგო:

”ეს შემთხვევით გავიგე ტელევიზიით, ჩვენი საცხოვრებელი რომ აუქციონზე გააქვთ. თვითონ სამინისტროს წარმომადგენელი აქ მოსული არ მინახავს,  ჩვენთვის აზრი რომ ეკითხოთ.”

მოხუცი აუქციონითაც დაინტერესდა და გვთხოვა, გაგვეგო, გაიყიდებოდა თუ არა მათი საცხოვრებელი.

ვიცით,  საცხოვრებელი უნდა გასხვისდეს, მაგრამ უცნობია, რა გველის შენობის გასხვისების შემდეგ, ამბობენ დევნილები. ისინი ვარაუდობენ, რომ ინვესტორი კომპენსაციას ან ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს მისცემს.

კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილთა უმეტესობას ფულადი კომპენსაცია სურს.

”არც გვაწყობს ამ ზაფხულს ვინმე მოვიდეს, იმიტომ, რომ კორპუსი უნდა იყოს შევსებული, რათა ერთიანად გადავწყვიტოთ ჩვენთვის მისაღები წინადადება... უფრო მეტად თანხა იქნება მისაღები, არავითარი ლილო, ზაჰესი და სხვა დასახლებები,”- მეგი ბერიშვილი.

არიან ისეთებიც, ვინც ალტერნატიულ ფართზე თანახმაა, მხოლოდ ინვესტორმა იქვე უნდა დაასახლოს.

ერთ-ერთი დევნილი, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა, თანახმაა, რომ საერთო საცხოვრებლის შენობის ადგილას ახალაშენებულ სახლში იცხოვროს. მას თავის საცხოვრებელ ოთახში რემონტი აქვს.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არემონტებდა აუქციონზე გასაყიდად გატანილი შენობის ერთ-ერთ ოთახს, გვიპასუხა, რა ვქნათ, რაც არის ეს არისო.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის მესამე პუნქტი მიუთითებს, რომ დევნილთა გამოსახლება კოლექტიური ცენტრებიდან იკრძალება, თუ დევნილებთან არ დადებულა შეთანხმება ან დევნილებს არ გამოეყოთ შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები.

ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მათ კანონით გათვალისწინებული შეთანხმება არ დაუდიათ და არც ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართზე ჰქონიათ სამინისტროს წარმომადგენელთან საუბარი.

სახელმწიფოს საკუთარი პოლიტიკაც კი აქვს შემუშავებული კომპაქტური ჩასახლების ცენტრებიდან დევნილთა გამოსახლების შესახებ.

”საცხოვრებლად უვარგისი კოლექტიური ცენტრის არსებობა არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და კეთილდღეობას, არამედ აფერხებს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ წინსვლას. კოლექტიური ცენტრების საკითხის გადაჭრა ხელს შეუწყობს დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესებას,”- ნათქვამია ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის” დოკუმენტში.

დევნილთა საბინაო პრობლემების გადაჭრისას, სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ დევნილთა გამოსახლება კანონის დაცვით უნდა მოხდეს და კომპაქტურად ჩასახლებული ცენტრებიდან გამოსახლებული არც ერთი დევნილი უბინაოდ არ უნდა დარჩეს:

”ა) კომერციული დატვირთვის მქონე კოლექტიური ცენტრები გამოთავისუფლდება კერძო ინვესტიციებისათვის. საცხოვრებლების სანაცვლოდ, დევნილთათვის გასაცემი ფულადი დახმარება უნდა იყოს საბაზრო ფასების შესაბამისი და ადეკვატური; ბ) საცხოვრებლად ვარგისი, განსაკუთრებული დატვირთვის არმქონე კოლექტიური ცენტრები სურვილისამებრ გადაეცემათ დევნილებს პრივატიზაციის ფორმით (საპრივატიზაციო თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული დევნილის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით),”- ”იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია”

უფრო მეტი ინფრომაციის მიღება დევნილთა და განსახლების სამინისტროდან ნეტაგზეთმა ვერ შეძლო, რადგან სამინისტროს პრესსამსახური ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრმა ჯერ არ იცის, როდის გაიტანენ ხელმეორედ ჭავჭავძის 49-49ა-ში რეგისტრირებულ შენობებს.

დევნილები იმედს არ კარგავენ, რომ ინვესტორის გარკვევის შემდეგ, მათი მომავალიც გაირკვევა.

BANNER RIGHT COL

დევნილების ახალი საცხოვრებელი პირობები

საწოლი, მაგიდა და უნიტაზი ერთ ოთახში

დევნილთა ახალი საცხოვრებელი პირობები ძველთან შედარებით მოუწესრიგებელი და არაკომფორტულია. თვალჭრელიძის ქუჩიდან საყვირის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩასახლებულ დევნილებს უნიტაზები ოთახებში დახვდათ დამონტაჟებული. სოფელ ფოცხო-ეწერში აგვისტოში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში კი ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციისგან განსხვავებულია.

2010-08-19 | ჯანდაცვა 

საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი

JSI-ის (ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი) კვლევის თანახმად, საქართველოში 15-49 წლის ასაკის ქალების სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოა. კვლევის თანახმად, გარდაცვლილი ქალბატონების 45% ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული, მათ შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოზე მოდის. სტატისტიკა JSI-ის წელიწადნახევრიანი პროექტის ,,გადარჩენა” ფარგლებში მომზადდა.

2010-08-13 | ეკოლოგია 

ტყეები უმეთვალყუროდ

90-იანი წლების ბოლოდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტყეებში ხანძრის პრევენციის ღონისძიებები არ ჩაუტარებია. მიზეზად ბიუჯეტის სიმცირე სახელდება.  დაფინანსების საკუთარი წყაროების მოპოვების შესაძლებლობის მისაცემად, სამინისტრომ სატყეო დეპარტმანეტი სატყეო სააგენტოდ გადააქცია.

წინა | შემდეგი
2010-08-28 | აქცია 

აქცია ჩაქოლვის წინააღმდეგ

დღეს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ ჩაქოლვით სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საქართველოს ოცდახუთმა მოქალაქემ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. აქცია მოეწყო საერთაშორისო  კამპანიის ფარგლებში, რომელიც საქინე მოჰამადი აშთიანის გადასარჩენად მიმდინარეობს. 28 აგვისტოს 42 წლის აშთიანის დასჯის და, ზოგადად, ჩაქოლვის პრაქტიკის წინააღმდეგ პროტესტი მსოფლიოს ასზე მეტ ქალაქში გამოხატეს.

2010-08-26

მრევლი ჰომოსექსუალებს ეძებს

 მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე „ბამბა რუმთან” დასრულდა.  მრევლი სამღვდელოებასთან ერთად, რომელიც მეორე დღეა ბათუმში ჰომოსექსუალებს ეძებს, დაიშალა.  „ბამბა რუმის”-ის დირექტორს კი იმის გაგება უნდა,  რატომ შეარჩიეს აქციის მონაწილეებმა მაინცდამაინც ეს კლუბი და არა სხვა.  

2010-08-20

ნეტგაზეთის განმარტება ”რელიგიურ პატიმრებზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას - "საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს" სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოყვა. გამოხმაურების ავტორები გვადანაშაულებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ, განმარტება გაგვეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. Mikael botkoveli by netgazeti.ge-1

წინა | შემდეგი