ახალი ამბები

ფრთები სიცოცხლისთვის – კახეთში მსოფლიო რბენა მიმდინარეობს

3 მაისი, 2015 • 1568
ფრთები სიცოცხლისთვის – კახეთში მსოფლიო რბენა მიმდინარეობს

ორგანიზატორების თქმით,  მსოფლიო რბენაში 35 სხვადასხვა ქვეყნიდან 600-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ რეგისტრაცია 26 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა, მაგრამ ლიმიტის ამოწურვის გამო 12 დღით ადრე შეწყდა. რაც შეეხება Wings for Life World Run-ის შეჯიბრის წესებს, მათი თქმით, არ არსებობს განსაზღვრული ფინიშის ხაზი. რბენის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ, წინასწარ დადგენილი სიჩქარით იმოძრავებს ”ფინიშმანქანა”. მისი საწყისი სიჩქარე 15 კმ/სთ იქნება, რომელიც განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ ნელ-ნელა გაიზრდება. ორგანიზატორების თქმით, ვისაც გადაუსწრებს ”ფინიშმანქანა”, ის მონაწილეები რბენას გამოეთიშებიან.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საბოლოოდ გამოვლინდება 2 გამარჯვებული: ქალი და კაცი. გამარჯვებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. გამარჯვებულები თავად აირჩევენ, სად წავლენ. ორგანიზატორების თქმით, გლობალური ჩემპიონები საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life-ის და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი საქველმოქმედო აქციაში მოგროვებულ თანხას სწორედ აღნიშნულ ფონდში გადარიცხავს.

წლევანდელ საქველმოქმედო მსოფლიო რბენაში მონაწილეობის იღებენ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები, ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი.

”ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი მოქალაქეა აქ მოსული. ჩვენი ათასობით მოქალაქე მნიშვნელობას ანიჭებს ზურგის ტვინის დაზიანებების მკურნალობის საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა მოხმარდება ზურგის ტვინის დაზიანებების მკურნალობას. ასევე, მთავარი არის ის, რომ მონაწილეები ღებულებენ ამ შეჯიბრში და ამით ამკვიდრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესს,” – განაცხადა ალასანიამ.

 

ირაკლი ალასანია / ფოტო: ალასანიას ოფიციალური ფეისბუკის გვერდი.
ირაკლი ალასანია / ფოტო: ალასანიას ოფიციალური ფეისბუკის გვერდი.

ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მსოფლიო რბენაში გასულ წელსაც მიიღო მონაწილეობა. მან საქველმოქმედო რბენის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. გაფრინდაშვილის თქმით, მისთვის მთავარია მონაწილეობა და არა შედეგი:

”შარშანაც ვიყავი და 16 კილომეტრი ვირბინე. წელს პირადი რეკორდის გაუმჯობესებისთვის ვიბრძვი და რა გამოვა, ვნახოთ. ამ აქციაში მნიშვნელოვანია ის, რომ მოგროვილი თანხები იხარჯება ზურგის ტვინის დაზიანებების მქონე ადამიანებისთვის.”

საქველმოქმედო რბენაში მონაწილეობას იღებენ სურსათის ეროვნული სამსახურის თანამშრომელები. სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მზია გელბახიანი ამბობს, რომ პირველ რგიში მნიშვნელოვანია ქველმოქმედება და შემდეგ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რადგან ეს ხელს უწყობს ზურგის ტვინის დაზიანებების მკურნალობას.

Wings for Life World Run-ში, გარდა კონკრეტული პიროვნებებისა, მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციები და კომპანიები. აქციის ორგანიზატორების თქმით, სულ რეგისტრირებულია 100-მდე კომპანია, სპორტული კლუბი და სახელმწიფო დაწესებულება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ წარმომადგენლობით ყველაზე დიდი გუნდია საჯარო რეესტრიდან. მათ გუნდში 501 ადამიანი გაწევრიანებული, რაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი წარმომადგენლობაა ორგანიზაციების მხრიდან. ორგანიზატორების თქმით, წარმომადგენლობით მეორე ადგილზეა ქართული გუნდი ”კახელები”.

რბენის დასრულების შემდეგ გაიმართება კონცერტი, სადაც დაუკრავს სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფი: Zurkin, Mokü Mokü, The Jetbird, LOUDspeakers, ჯგუფი ყველა, Green Room feat. Dato Lomidze. ორგანიზატორების თქმით, კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

Wings for Life World Run პირველად ამავე ტერიტორიაზე საქართველოში გასული წლის 3 მაისს გაიმართა. მაშინ რბენაში 3000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ფონდში 100,000 ლარი ჩაირიცხა. აქედან 60,000 ლარი რეგისტრაციიდან შემოვიდა, ხოლო 40,000 – სპონსორებიდან. საქველმოქმედო რბენაში დარეგისტრირება 18+ ასაკის ადამიანებს შეეძლოთ, ხოლო მისი ღირებულება, როგორც წლევანდელ რბენაში, შარშანაც 20 ლარს შეადგენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი