ახალი ამბები

გამოგონების მითვისება ივანიშვილის კომპანიის სახელით

25 მარტი, 2014 • 3332
გამოგონების მითვისება ივანიშვილის კომპანიის სახელით

„ივანიშვილმა ეს რომ გაიგოს, მაგათ კარგი დღე არ დაადგებათ“, – ასე ფიქრობს პროფესორ ლამარა სახვაძის შვილი, როცა „აფერასთან“ დაკავშირებით ივანიშვილის როლზე დასმულ კითხვას პასუხობს.

ბიძინა ივანიშვილისთვის გასაგზავნ წერილში ტექნიკური უნივერსიტეტის სამრეწველო ბიოეკოტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის უფროსი, ლამარა სახვაძე წერს, რომ შპს „ელიტა ბურჯში” 18-თვიანი მუშაობის შემდეგ, პროექტის ორი მილიონი დოლარით დაფინანსება მას ჯერ მიულოცა “ელიტა ბურჯის” გენერალურმა დირექტორმა თენგიზ გვაზავამ, ხოლო მოგვიანებით იგი ყველაფერს ჩამოაშორა, რითაც, ფაქტობრივად, მისი ინტელექტუალური საკუთრება მიიტაცა.

„თენგიზ გვაზავამ მოგვილოცა ჩვენი პროექტის თქვენ მიერ ორი მილიონი დოლარით დაფინანსება”, – წერს ლამარა გვაზავა ბიძინა ივანიშვილს იმ წერილში, რომლის გაგზავნასაც პროფესორი ბიძინა ივანიშვილთან აპირებს. მეცნიერი ამბობს, რომ მისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება სწორედ თანხის გამოყოფის შესახებ ინფორმაციის გაჩენის შემდეგ დაიწყო.

„ელიტა ბურჯში” ლამარა სახვაძე და მისი პარტნიორები ბიოლოგიურ სასუქს – „ბომსის” აწარმოებდნენ.

„ჩვენ ბიძინა ივანიშვილს არასდროს შევხვედრივართ; გვპირდებოდნენ, რომ შეგვახვედრებდნენ, მაგრამ ისე გამოგვიშვეს, არ გვინახავს. წესით, პროექტის შესახებ ინფორმირებული უნდა ყოფილიყო, რადგან მისი ფული იხარჯებოდა”, – ამბობს ლამარა სახვაძის შვილი და საქმიანი პარტნიორი ვასილ სახვაძე.

პატენტი #3464 ბაქტერიულ-მინერალურ-ორგანულ სასუქზე და დამზადების სერვისზე 2003 წლის 8 აგვისტოს არის გაცემული – პატენტის მფლობელი ოთხი ადამიანია: ლამარა სახვაძე, თამაზ ღლონტი, რამაზ სახვაძე, გიორგი ღლონტი. მაგრამ ბაქტერიები, რომლითაც სასუქი მზადდება, მხოლოდ პროფესორ ლამარა სახვაძის საკუთრებაა: მოსკოვში დეპონირებული ბაქტერიების გამოყენების უფლება მარტო მას აქვს. ლამარა სახვაძემ, როგორც თვითონ ამბობს, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ბაქტერიული შტამებისა და ადგილობრივი ნედლეულის (ტორფი, მდინარის ლამი, მურანახშირი) უნიკალური სინთეზით შექმნა ბაქტერიულ-ორგანულ-მინერალური სასუქი „ბომს”-ი და მისი წარმოების ტექნოლოგია.

პროფესორი ფინანსების არქონის გამო დიდხანს ვერ ახერხებდა სასუქის წარმოებას. სიტუაცია შეიცვალა 2012 წლის თებერვლიდან, როდესაც ორგანული სასუქის წარმოების მიზნით თამაზ ღლონტმა (პატენტის კიდევ ერთი მფლობელი, რომელსაც ბაქტერიების გამოყენების უფლება არ აქვს) ის დააკავშირა შპს „ელიტა ბურჯის” გენერალურ დირექტორს თენგიზ გვაზავას.

„შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა „ელიტა ბურჯის” ბაზაზე ჩემი მიკრობიოლოგიური სასუქის მცირე მასშტაბით წარმოება, მომავალში წარმოების გაფართოების მიზნით”, – წერს ლამარა სახვაძე ბიძინა ივანიშვილს. ის ყოფილ პრემიერს უხსნის, როგორ ცდილობს „ელიტა ბურჯის” გენერალური დირექტორი ივანიშვილის სახელის გამოყენებით მისი ბიზნესის მითვისებას.

თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, იმის გამო, რომ პროექტს „ელიტა ბურჯი” აფინანსებდა, ლამარა სახვაძემ ნაწილობრივ და ნებაყოფლობით ისედაც გადასცა თენგიზ გვაზავას სასუქ “ბომსის” წარმოების საავტორო უფლება. შესაბამისი განცხადებით ლამარა სახვაძემ „საქპატენტს” მიმართა განაცხადით #12955/01.

პატენტის გადაცემის პროცედურა „საქპატენტის” ბიუროში დაიწყო კიდეც, მაგრამ თანხის გადაუხდელობის გამო 2013 წლის 28 მარტს პროცედურა შეჩერდა. თანხის გადახდა, როგორც ვასილ სახვაძე ამბობს, მას შემდეგ არ მოისურვა თენგიზ გვაზავამ, რაც გაიაზრა, რომ პატენტში მისი გვარის დაფიქსირება „ბომსით” მისი მხრიდან დაინტერესების დოკუმენტური დასტური იქნებოდა.

ვასილ სახვაძე „ელიტა ბურჯსა” და მათ შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზად მეცნიერის გამოგონებიდან ჩამოშორების მცდელობას ასახელებს: „კომპანიაში სხვა მიკრობიოლოგი მოიწვიეს. ამის გამო დედაჩემი, 78 წლის პროფესორი, გულის მძიმე შეტევით საავადმყოფოში მოხვდა”.

ვასილ სახვაძის ინფორმაციით, 18- თვიანი საქმიანობის შედეგად მათ შპს „ელიტა ბურჯში” შექმნეს კუსტარული საწარმო, რომელსაც კვირაში 10 ტონა სასუქის წარმოება შეუძლია:

„თავდაპირველად ამ საწარმოში ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ტონა სასუქი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დავაყენეთ ცდები – ჩაიზე, პომიდორზე, ხორბალზე. პროექტს „ელიტა ბურჯი” აფინანსებდა.

ვასილ სახვაძის თქმით, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სასუქი არის სრულიად უნიკალური და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობას ერთ-ორად ზრდის, თენგიზ გვაზავამ და თამაზ ღლონტმა, მათი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება განიზრახეს – თვითონ დაიწყეს სასუქის წარმოება, სახვაძეები კი დაითხოვეს.

ვასილ სახვაძემ ზუსტად არ იცის 18 თვის განმავლობაში მათ პროექტზე რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა: „ჩვენ სამი ადამიანი ვმუშაობდით, დედა, მე და ლაბორანტი. ლამარას 1000 ლარს უხდიდნენ, მე – 600-ს, ლაბორანტს – 500 ლარს. ანუ ჯამში 38 ათასი ლარი გადაგვიხადეს. არაფერი დახარჯულა საწარმოზე, რომელიც კუსტარულად შევქმენით და რომელსაც თვეში 50-100 ტონა სასუქის შექმნა შეუძლია. მთლიანობაში კი ძვირადღირებული პროცესი იყო და დიდი თანხაც იხარჯებოდა. ფული წელიწადნახევრის განმავლობაში გვქონდა, მაგრამ მერე გაქრა”.

ვასილ სახვაძის თქმით, „ჩვენი გამოგდების შემდეგ სურსათის უვნებლობის სამინისტროში აიღეს შესაბამისი სერტიფიკატი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყიდვაზე მოიპოვეს უფლება. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ გასაყიდი სასუქის წარმოებას ჩვენ გარეშე აგრძელებენ”.

ვასილ სახვაძე ამბობს, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად,შესაძლებელია დაამტკიცონ თენგიზ გვაზავას მხრიდან მათი ინტელექტუალური საკუთრების მითვისების ფაქტი: „ერთი გზა გვაქვს – ბაზარს ვაკვირდებით. თუ აღმოჩნდება, რომ მსგავსი პროდუქცია იყიდება, ეს იქნება მტკიცებულება. თამაზ ღლონტი კი ამბობს, რომ თითქოს ბაქტერიები ევროპიდან ჩამოიტანა და იმაზე მუშაობენ, მაგრამ მათ აუცილებლად მოუწევთ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა”.

ასილ სახვაძის აზრით, „ბომსის” იმდენად ეფექტური სასუქია, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში „საქართველოში საჭმელი გაიაფდება”: „მსგავსი სასუქები ახლა შემოაქვთ უცხოეთიდან – ერთ ჰექტარზე შესატანი დოზა, 1000 დოლარზე მეტი ღირს. ჩვენი გათვლებით ერთი ტონა „ბომსის” ფასი ბაზარზე იქნება 250-300 დოლარი. ამას დაუმატეთ ისიც, რომ პროდუქცია იქნება სრულიად უნიტრატო და რაოდენობრივად გაორმაგებული. დამერწმუნეთ, მიკრობიოლოგიური სასუქი, რაც ლამარა სახვაძემ შექმნა, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე აქამდე არსებული ნებისმიერ სხვა ქიმიური სასუქი. ეს პროექტი რომ გაკეთდეს, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მარაგი ძალიან მოიმატებს”.

ვასილ სახვაძე ამბობს, რომ გულხელდაკრეფილად არც თვითონ არიან. მას იმედი აქვს, რომ მოჯადოებული წრის გარღვევას შეძლებენ:

„ახლა სასუქს ვაკეთებთ საპატრიარქოს მიწებისთვის. მალე საპატრიარქოსგან გრანტს ველოდებით, უნდა დაგვაფინანსოს”.

ვასილ სახვაძე ამბობს, რომ აქამდე პოტენციური კლიენტი „როგორც კი იგებდა „ელიტა ბურჯის” ინტერესს, ყველა უკან იხევდა, რადგან არავის უნდა კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილის კომპანიასთან”.

„ელიტა ბურჯის” გენერალურმა დირექტორმა „ბათუმელებს” უთხრა, ამ საკითხზე კომენტარისთვის ნუ დავუკავშირდებით: „მაგათ ძალიან ბევრი სიკეთე გავუკეთეთ. არ მაინტერესებს, ეგენი რას ამბობენ”.

სახვაძეებს კი „ელიტა ბურჯის” ტიტულიანი ფურცლით შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: „შპს ელიტა ბურჯი”, მისი გენერალური დირექტორის თენგიზ გვაზავას სახით და პირადად მე გაცნობებთ, რომ… ამჟამად სასუქ „ბომსზე” ცდები არ ტარდება, არ წარმოებს მისი დამზადება და არც ვაპირებთ მის წარმოებას მომავალში, რადგანაც ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში”.

პატენტის კიდევ ერთი მფლობელი თამაზ ღლონტი, რომელიც სახვაძეების თქმით, მათი გვერდის ავლით მაინც აგრძელებს „ელიტა ბურჯში” მუშაობას, ლამარა სახვაძეს წერს: „თქვენს ბაქტერიულ შტამებს მე არ გამოვიყენებ არასოდეს, გარდა ფოსფატის დამშლელისა, რომელიც ხელმეორედ ჩამოვიტანე დასავლეთიდან (ამის გადამოწმება თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ)… თქვენ განთავისუფლებთ ვალდებულებისგან, ამ პროგრამაში ჩემი და „ელიტა ბურჯის” მიერ დახარჯული ფინანსური სახსრების ნახევარის დაფარვისგან, რასაც მთლიანად ვიღებ ჩემს თავზე და დავფარავ ჩემი პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში”.

„ბათუმელების” სატელეფონო ზარებს თამაზ ღლონტმა არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი