საზოგადოება

ჩაცმის წესი ეკლესიაში

20 მარტი, 2014 • • 5118
ჩაცმის წესი ეკლესიაში

საბურთალოს პანთეონის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან მათეშვილი, ერთ-ერთი ქადაგებისას ამბობს, რომ “საკითხის ამგვარად დაყენება – ან ეკლესია, ან შარვალი – უკვე მარაზმული, არაადეკვატური და არასწორია”:

 

“სამწუხაროდ უმეტეს ეკლესიაში დგანან იქაური ჟანდარმები და მათ პირდაპირ დავალებული აქვთ, რომ თუ ვინმეს შარვალს შენიშნავენ (თუნდაც შარვალზე ზემოდან გრძელი პალტო ეცვას), მათ კურთხევა აქვთ, რომ მოსული ადამიანი ტაძრიდან გააგდონ და მათ ჰგონიათ, რომ ეს “სამსახური” არის ღვთის სათნო და ასეთი ქმედება არის მართლმადიდებლობა”.

 

“ყინწვისის მონასტრის შესასვლელთან შარვალზე შემოსაფარებელი ბევრი ნაჭერია, ერთი ავიღე, შემოვიფარე და მონასტერში შევედი. არ ვიცი მღვდელმა რა თვალით შემომხედა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საკმაოდ უხეშად მითხრა – ნუ მეპასუხები, მოსაფარებლითაც არ შეიძლება და გადიო”, – იხსენებს მაია შალოშვილი.

 

ნინო კვერნაძე ამბობს, რომ ქვედაბოლოს მხოლოდ ეკლესიაში იცვამს, სხვა დროს კი შარვალი აცვია. როცა ამის შესახებ მოძღვარს მოუყვა, მან ზიარების მიცემაზე უარი უთხრა და ან შარვლის დათმობა, ან სხვა, ნაკლებად მკაცრ მოძღვართან გადასვლა ურჩია. ნინო შარვლის დათმობას ვერ ახერხებს, არც ახალი მოძღვარი აუყვანია და ამის გამო ერთი წელია ვერ ეზიარება – “ყოველთვის შარვალი მაცვია, მარტო ეკლესიაში ვიცვამ ქვედაბოლოს. რადგანაც ბავშვობიდან ვიცოდი, რომ შარვლის ჩაცმა ქალისთვის არ იყო სასურველი, ეს მგონი ბიბლიაშიც წერია, მე თვითონ ვუთხარი ამის შესახებ მოძღვარს – მამაო, რომ იცოდეთ მე შარვალს ვიცვამ, მან კი მითხრა, რომ არ შეიძლება შარვალი ქალისთვის, რომ ღმერთი ეკლესიის გარეთაც გვიყურებს, ამიტომ არც გარეთაა სასუველი შარვლის ჩაცმაო, მაგრამ თუ ასე ძალიან გინდა, მოგცემ, შვილო, კურთხევას და გადადი სხვა, ისეთ მოძღვართან, ვის სულიერ შვილებსაც აქვთ კურთხევა, იარონ შარვლითო; მაგრამ მე თვითონ არ ვქენი, სხვა მოძღვარი არ ამიყვანია, ამ მოძღვართან კი იმიტომ ვერ ვეზიარები, რომ ადამიანმა მშვიდად და გასაგებად ამიხსნა ყველაფერი და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მას”, – ამბობს ის.

 

ქალისთვის შარვლის აკრძალვის ყველაზე პოპულარული არგუმენტი, ძველი აღთქმის მეორე სჯულის წიგნის, 22-ე თავის მე-5 მუხლია:

 

„ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის”.

 

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი კონკრეტული კულტურული კონტექსტით იყო განსაზღვრული და ამ შემთხვევაში შარვლის, როგორც მამაკაცის სამოსად მოხსენიება, სრული აბსურდია – “მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარია დღეს რას ნიშნავს მამაკაცისა და ქალის სამოსელი. თუ მაინცადამაინც შარვალზეა საუბარი, უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ისტორიულად სკვითების, სარმატების, დაკების, მონღოლებისა და ჩინელებისთვის თუ ჩაითვლება ისტორიულად მამაკაცის სამოსად. წარმოიდგინეთ მართლმადიდებლური ტაძარი შოტლანდიაში, სადაც მამაკაცები ტრადიციულად მინიკაბას ე.წ. კილტს ატარებენ. რა უნდა აუკრძალონ მრევლ ქალებს?”

 

ამავე საკითხზე ქადაგებაში დეკანოზი ლევან მათეშვილი ამბობს, რომ იმ პერიოდში ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და აქ არა კონკრეტულად შარვალი, არამედ ზოგადად საპირისპირო სქესისადმი მიმბაძველობაზეა საუბარი – “საქმე დიზაინსა და ფასონში კი არ იყო, არამედ მოტივაციასა და მიზანში, თუ რა მიზნით იცვამდა დედაკაცი მამაკაცის სამოსს და პირიქით, აქ იგულისხმებოდა ტრანსვესტიზმი”, – ამბობს ის.

საინფორმაციო ფურცელი ბათუმის საკათედრო ტაძრის შესასვლელში
საინფორმაციო ფურცელი ბათუმის საკათედრო ტაძრის შესასვლელში

 

თეოლოგი მიიჩნევს, რომ ეკლესიის მხრიდან ქალისთვის მსგავსი “დრესკოდის” დაწესება სულ სხვა მიზანს ემსახურება: “ბუნებრივია, რომ ადამიანთა შეკრების ადგილები: ტაძარი, თეატრი, სტადიონი, პარლამენტი, ჯარი თუ დისკოთეკა ჩაცმულობის მანერის გარკვეულ სტანდარტებს ადგენს, მაგრამ ტაძარში შარვლით შესვლის აკრძალვა არსობრივად სრულიად სხვა რამის – ქალთა დაჩაგვრისა და წნეხის მექანიზმია”, – ამბობს ის.

 

იმის პარალელურად, რომ დღევანდელი სასულიერო პირები ქალის მიერ შარვლის, როგორც მამაკაცის სამოსის ჩაცმას ეწინააღმდეგებიან, მართლმადიდებელ ეკლესიას ბევრი ისეთი ქალი წმინდანი ჰყავს, რომელიც მამაკაცის სამოსელში გადაცმული მოსაგრეობდა (ღირსი ანასტასია, ღირსი აპოლონია, ანა ბითვინიელი, ღირსმოწამე ევგენია და სხვები).

 

თეოლოგის განმარტებით, ბიბლიის მორალური ქცევის წესების ამსახველ ბევრ ტექსტში ასახული პატრიარქალური აზროვნება იუდაიზმისთვის დამახასიათებელი კულტურული საფანელის ზეგავლენაა, რომელიც ისტორიულად მკაცრად პატრიარქალური ხაზით წავიდა და რომელიც კონფლიქტში ვითარდებოდა ისეთ რელიგიურ კულტებთან, რომელთა მღვდელმსახურები უმეტესად ქალი ქურუმები იყვნენ.

 

“მაგრამ ქრისტემ – ქრისტიანული რელიგიის უმთავრესმა წყარომ, დაარღვია ამგვარი, ისტორიულ-კულტურული მიზეზებით განპირობებული ჩარჩოები, დაიმოწაფა რა ქალები და დიალოგში შედიოდა რა მათთან სჯულის საკითხებზე. თუმცა ახალი აღთქმის ტექსტებში, რომელთა შემადგენლობაც (კოდექსი) ისევ მამაკაცთა წრეებმა განსაზღვრეს, ეს სათანადოდ არ აისახა.

 

მაგალითად, პავლეს წერილებში იხსენიება უამრავი ქალი, რომლებიც მახარობლურ საქმიანობაში იყვენენ ჩართულნი, მათ შორის იულია (რომ. 16,14) რომლის სქესის დამალვასაც საუკუნეების განმავალობაში არასწორი თარგმანით ცდილობდა ტრადიციული ეკლესია”.

 

თეოლოგის თქმით, კიდევ უფრო შორს წავიდა მოციქულებრივი ეპოქის შემდგომდროინდელი ქრისტიანობა, რომელმაც სრულიად ჩაკლა თავის თავში სქესობრივი თანასწორობის ხაზი.

 

“შესაბამისად, რამდენიმე ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ, იხელმძღვანელა რა იმდროინდელი თვალთახედვით, მიიღო კანონები ქალთათვის მამაკაცის შესამოსელის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ კანონების გასამართლებლად არანაირი საღვთისმეტყველო არგუმენტი არ არსებობს. მათი ახსნა ისევ ისტორიულ-კულტურული ანალიზის და ტექსტების ახსნის ჰერმენევტიკული (მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოების განმარტების) მეთოდის საფუძველზე უნდა მოხდეს”, – ამბობს ის.

 

დრესკოდის გასამართლებელ ძირითად არგუმენტად სასულიერო პირებს, ღანგრისა და ტრულის საეკლესიო კრებების მიერ მიღებული კანონები მოჰყავთ. მაგალითად, ღანგრის კრების მე-13 კანონი – „თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეიცვალოს სამოსელი და ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსელის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს“.

 

როგორც დეკანოზი ლევან მათეშვილი ქადაგებისას განმარტავს, ღანგრის კრება ევსტათიანელობას გმობდა. ევსტათე და მისი მიმდევრები ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ მკაცრი ასკეტიზმით შეიძლება ცხონება, ამიტომ ცოლები ტოვებდნენ ქმრებს, ქმრები – ცოლებს. ევსტათეს ყველა მიმდევარს – ქალს თუ კაცს – ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდა და ერთნაირი სამოსი ეცვა. ამ კრების მე-13 კანონიც სწორედ ევსტათეანელებს ეხებოდა და არა ზოგადად შარვლის ჩაცმას ქალებისთვის.

 

ტრულის კრების 62-ე კანონი კი სხვადასხვა წარმართული რიტუალის საწინააღმდეგოდ მიიღეს და აკრძალვებიც ამ რიტუალებში მონაწილე ადამიანების საკარნავალო ჩაცმულობას ეხებოდა: „კალანდის, ვოტას, ვრუმალის და მარტის პირველ დღეს აღსრულებული დღესასწაულის მორწმუნეთა ცხოვრებიდან სრულიად ამოღება გვნებავს. ამასთანავე, დედაკაცთა სახალხო ცეკვას, რომელსაც დიდი ზიანის მოტანა და ზნეობის შერყვნა შეუძლია, აგრეთვე დედაკაცთა და მამაკაცთა მიერ ელინური ცრუ ღმერთებისადმი საწარმართო ჩვეულების მიხედვით შესრულებულ ცეკვას უკუვაგდებთ, როგორც საქრისტიანო ცხოვრებისათვის უცხოს, და ვადგენთ, რომ არც ერთმა მამაკაცმა სადედაკაცო სამოსელი არ შეიმოსოს, არც დედაკაცმა – სამამაკაცო”.

 

თეოლოგი ამბობს, რომ სასულიერო პირების ქადაგებებს, შეხედულებებსა და მოსაზრებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – “აზროვნების ეს მანერა, რომელსაც შეგვიძლია ტრადიციული ვუწოდოთ, დიდად არის დამოკიდებული იმ აქტიურ საინფორმაციო ველზე, რომლითაც ეკლესია საკუთარ მრევლს ეურთიერთობება. ამ მხრივ კი საქმე ძალიან ცუდადაა”.

 

მირიან გამრეკელაშვილის თქმით, დღევანდელი სასულიერო პირები ბიბლიის, საეკლესიო კანონებისა და ისტორიის ინტერპრეტაციას თავიანთი პატრიარქალური ხედვის გასამართლებლად იყენებენ და ტაძრის კარიბჭეზე არსებული ისეთი წარწერები, როგორიცაა – “დედაკაცი შარვალში სძაგს უფალს”, თეოლოგიური თვალსაზრისით ანტიქრისტიანული და ანტიადამიანურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი