ხელოვნება

დიპკორპუსის წარმომადგენლებს საყდრისის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

11 მარტი, 2014 • • 1034
დიპკორპუსის წარმომადგენლებს საყდრისის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

ლალი პერტენავამ, შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელიც “საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმას” წარმოადგენს, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ შეხვედრის მიზანია, რომ საქართველოში მოქმედი საელჩოების კულტურის ატაშეებს მიაწოდონ ინფორმაცია საყდრისში და საერთოდ ბოლნისის რაიონში შექმნილი კრიზისული სიტუაციის შესახებ. 

 

შეხვედრის დამსწრეებს, რომელთა შორის საელჩოების წარმომადგნელების გარდა, საკითხით დაინეტერსებული პირები იყვნენ, საყდრისის არქეოლოგუური ობიექტის შესახებ ინფორმაცია არქეოლოგმა გიორგი მინდიაშვილმა მიაწოდა. 

 

“ძეგლი, რომელსაც ვიცავდით, დანგრევის საფრთხის წინაშე დადგა. უფრო მეტიც, მისი ნაწილი სერიოზულად დაზიანდა ამ ბოლო პერიოდში”,- ასე დაიწყო გიორგი მინდიაშვილმა თავისი გამოსვლა.

 

მან სტუმრებს პრეზენტაციის საშუალებით მიაწოდა ინფორმაცია საყდრისის მნიშვნელობის შესახებ. ასევე, იქ აღმოჩენილი არქეოლოგური მასალის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერტორიაზე აღმოაჩინეს 9 ჩასასვლელი, რომლის მხოლოდ ნაწილია შესწავლილი. 

 

მან ისაუბრა იმ ექსპერიმენტებზეც, რომელიც საყდრისის მკვლევარებმა არქეოლოგიური ობიექტის მიდამოებში და მიწისქვეშ ჩაატარეს, რომლითაც, მისი თქმით, დადასტურდა, რომ ამ ადგილებში ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულში ოქროს მოპოვება შესაძლებელი იყო. 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა სულხან სალაძემ იმ სამართლებრივ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც საყდრისის ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს გამოიკვეთა.

 

სულხან სალაძემ აღნიშნა, რომ ქართულ-გერმანული ექსპედიციის 9-წლიანი მუშაობის საპირწონედ კულტურის სამინისტრომ იმ კომისიის დასკვნა წარადგინა, რომელიც მხოლოდ 35 დღე მუშაობდა. თუმცა 2013 წლის ოქტომბერში კულტურის სამინისტრომ დადო წერილობითი პირობა, რომ საყდრისს საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი შეისწავლიდა. 

 

სულხან სალაძის განმარტებით, მინისტრს აქვს უფლებამოსილება, რომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გაუგრძელოს, თუმცა მინისტრი თავს იკავებს.

 

ნატო ცინცაბაძემ, “იკომოს საქართველოს” ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საყდრისი არის მაგალითი სახელმწიფოს პოლტიკისა კულტურული მემკვიდრების დაცვის სფეროში. მან თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღბა დაუთმო “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კულტურული მეკვიდრეობის ძეგლს სტატუსი მოეხსნება, თუ ამას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოითხოვს. 

 

ცინცაბაძის თქმით, ამჟამად საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტს ჯერ არ მიუღია, თუმცა არავინ იცის მომავალში რა იქნება. მან ისაუბრა ბუნდოვანებაზე და იმაზე, რომ ეს საკითხი არაა საჯარო განხილვის საგანი. 

 

ცინცაბაძის თქმით, კულტურლი მეკვიდრეობა თავად არის ეკონომიკური განვითარების წყარო და ამგვარი დამოკიდებულება მის მიმართ ცხადჰყოფს, რომ სახელწმიფო არ აფასებს კულტურულ მემკვიდრეობას ჯეროვნად. ასევე, კულტურის სამინისტრომ არ იცის, რა ხდება ამჟამად საყდრისში. 

 

“მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა თქვა, რომ კომანია RMG, რომელიც საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მოიპოვებს წიაღისეულს, გარემოს ზიანს აყენებს. საწარმოდან წამოსული მძიმე მეტალებით დაბინძურებული წყალი მდინარე კაზრეთულას გავლით მდინარე მაშავერას აბინძურებს. მაჭარაშვილის თქმით, მაშავერა კაზრეთულას შესართავამდე დაუბინძურებელი მდინარეა, ხოლო მაშავერას შემდეგ- “მკვდარი მდინარე”. 

 

პერტენავას თქმით, მათ არა მხოლოდ საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი აინტერესებდათ, არამედ ბოლნისის რაიონის მცხოვრებთა პრობლემები. 

 

“საყდრისის შემთხვევა იყო კატალიზატორი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში. როდესაც დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, ისეთი ფონი გამოჩნდა… ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები პირდაპირ უკავშირდება საყდრისი-ყაჩაღიანს. ამ საყდრისი-ყაჩაღიანით ვაჭრობს კომპანია, რომელიც ანადგურებს ეკოლოგიასა და ადამიანების სიცოცხლეს. ამიტომ გავაერთიანეთ კულტურის ეკოლოგიისა და სოციალური საკითხი,”- ამბობს, ლალი პერტენავა. 

 

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, რომელმაც ისაუბრა კომპანია RMG-ის მიერ დასაქმებული მუშების შესახებ. მუშები 2014 წლის 14 თებერვლიდან იფიცებიან. ისინი სამუშაო პირობებისა და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, ხელფასების ზრდასა და გათავისუფლებული თანაშრომლების აღდგენას ითხოვენ. 

 

ლინა ღვინიანიძემ თქვა, რომ შრომითი კანონმდებლობა დასაქმებულებს აზარალებს: სახელმწიფომ თავისი შრომითი პოლიტიკიდან გამორიცხა საკუთარი თავი, რომ მშრომელთა უფლებები დაეცვა. 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, ევროკავშირის საელჩოების წარმომადგენლები, რომლებსაც ამ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებიათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი