ახალი ამბები

თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს

29 იანვარი, 2014 • • 958
თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს

თბილისის მერიის წარმომადგენლებს კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დაუპირისპირდა. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთობა” თბილისის ბიუჯეტში კოოპერატიული ბინათმშენებლობის მოსაგვარებლად თანხების გამოყოფას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის ბიუჯეტში უნდა გაჩნდეს სპეციალური მუხლი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს და მუხლის დასაფინანსებლად 10 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს.

 

“ერთობის” წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული თანხა 5 კორპუსის დასრულებას ეყოფა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს მხარს უჭერს საკრებულოს დეპუტატი გულიკო ზუმბაძე. მისი განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხს 2005 წლამდე დედაქალაქის მერია აგვარებდა და თანხები ამ პროგრამაზე ყოველთვის იყო გათვალისწინებული:

“სასურველია დავილაპარაკოთ ამ საკითხზე და მოინახოს თანხა, ან ცენტრალური ბიუჯეტიდან, ან თბილისის ბიუჯეტიდან, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მაინც დარეგულირდეს”, – განაცხადა ზუმბაძემ.

გულიკო ზუმბაძე
გულიკო ზუმბაძე

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება თბილისის მერის მოადგილზე ირაკლი აბესაძე. მისი განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაგროვილი დავალიანება სახელმწიფომ შიდა ვალში აიღო და ეს საკითხი ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა დაარეგულიროს.

ამ წუთებში სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა და შესვენებაა გამოცხადებული, თუმცა დებატების გაგრძელება შესვენების შემდეგაც იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი