ახალი ამბები

უსუფაშვილი: ნასამართლობის გამო ფარცხალაძეს მთავარი პროკურორად არ დავნიშნავდი

30 დეკემბერი, 2013 • • 1025
უსუფაშვილი: ნასამართლობის გამო ფარცხალაძეს მთავარი პროკურორად არ დავნიშნავდი

“რაც შეეხება ბატონი ფარცხალაძის სხვა ასპექტებს, მე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გერმანიაში ნასამართლობის გამო მას ამ თანამდებობაზე დავნიშნავდი თუ არ დავნიშნავდი, ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ალბათ, არა, ვინაიდან ვიცი, ეს მერე იქნებოდა გამოყენებული ასეთი მიზნებისთვის. ამასობაში თანამდებობაზე უკვე დანიშნულ ფარცხალაძეს ამ ფაქტის გამო გავათავისუფლებდი თუ არა – არა, არ გავათავისუფლებდი. იმიტომ, რომ თუ დავნიშნეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის იმ დონის, ამ შემთხვევაში, უფრო მორალური პრობლემა, სამართლებრივი პრობლემა რომ არ არის, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაშინ მისი ამ მიზეზით თანამდებობიდან გადაყენება იქნება არასწორი ნაბიჯი”. – განაცხადა დავით უსუფაშვილმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგისას. 

 

მისივე თქმით, სრულიად აშკარაა ფარცხალაძის წინააღმდეგ ორგანიზებული ქმედებების კვალი, მაგრამ ხელისუფლება ამისთვის მზად უნდა იყოს:

 

“მერაბიშვილს, უგულავას, ახალაიას იმხელა რამეებს ვედავებით, იმხელა ბრალდებებია წარდგენილი, რომ იმის მეათედის ჩამდენებიც რომ იყვნენ ისინი, მათგან მოსალოდნელია ათჯერ მეტი ასეთი პროპაგანდისტული შეტევები, მათ შორის ფარცხალაძეზეც და სხვაზეც. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ვამბობთ, ეს ხალხი ეჭვმიტანილია, აი, ამ ტიპის შემთხვევებში და იმედი მაქვს, რომ სასამართლო იმ საქმეებზეც დროზე იტყვის სიმართლეს, თუ ჩვენ ვიცით, რა ხდებოდა”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ეპოქაში, რატომ უნდა ველოდოთ იმას, რომ იგივე “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ოპოზიციაშია, სხვა უფრო ღირსეული მეთოდებით მოიქცევა, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და პასუხები უნდა გვქონდეს მზად”.- აღნიშნა უსუფაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარ პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ჩადენილი დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. “ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ ფარცხალაძე ძალადობრივი ძარცვის გამო გასამართლდა, თავად პროკურორის განცხადებით, მას პოლიციელთან მოუვიდა კონფლიქტი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი