ახალი ამბები

რის ხარჯზე გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა

8 აგვისტო, 2012 • 1444
რის ხარჯზე გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით იმ სიის შესაბამისად, რაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ გადასცა მათ.

ახალი სიის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 3.621.256 ამომრჩეველი. წინა, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3.544.770 შეადგინა.

“სახელმწიფო კომისიამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ რა არის იმის მიზეზი, რომ ბოლო ორ წელიწადში რამდენიმე ათეული ათასით არის გაზრდილი ამომრჩეველთა სია”, – აცხადებს კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მამუკა კაციტაძე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე, რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მაგალითად, კაციტაძე ამბობს, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობდნენ უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირები და ამის გამო დაახლოებით 32 ათასი ადამიანი არ იყო შეყვანილი სიაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ეკა აზარაშვილიც იმავე პრობლემაზე საუბრობს:

“ამომრჩეველთა იმ რიცხვში, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა შედიან რეგისტრაციიდან მოხსნილი ადამიანებიც. ადამიანი ხმას აძლევდნენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, 2010 წელს იყვნენ მოქალაქეები, ვინც ამოწერილი იყო რეგისტრაციის ადგილიდან და ვერ აძლევდა ხმას, ახლა ეს ადამიანები შევლენ სიაში, დაუფიქსირდებათ, რომ რეგისტრაციიდან არიან მოხსნილი, მაგრამ ხმას მაინც მისცემენ ჩვეულებრივად”.

ამომრჩეველთა რაოდენობაში, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა შედიან რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები, კერძოდ, ფიზიკური პირისა და საცხოვრისის მესაკუთრის განცხადებებით რეგისტრაციიდან მოხსნილი – 77232 ამომჩეველი და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ ჩატარებული “კარდაკარის” შედეგად გამოვლენილი რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილი – 111763 ამომრჩეველი, ჯამში, 188 995 ამომრჩეველი.

ამ კატეგორიის ამომრჩევლები მონაწილეობდნენ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა მაშინ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3.465.736, რაც 155 520 ამომრჩევლით ნაკლებია დღევანდელ მონაცემებთან შედარებით.

მამუკა კაციტაძე სხვა მიზეზებითაც ხსნის ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდას:

“ცესკომ დაახლოებით 79 000 მოქალაქე, რომლებსაც ბინის დაკარგვის გამო მეპატრონეებმა რეგისტრაცია მოუხსნეს, საერთოდ ამოიღო ამომრჩეველთა სიიდან. ამას გარდა, დაახლოებით 43 000 ამომრჩეველს, რომელსაც პირადობის მოწმობაც აქვს, პირადი ნომერიც აქვს, მაგრამ მისამართი არ აქვს გარკვეული, ასევე ჩამორთმეული ჰქონდა საარჩევნო ხმის უფლება. ჩვენ მათ ხმის უფლება დავუბრუნეთ.”

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ ინარჩუნებენ ამომრჩეველთა სიაში ადგილს რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები მაშინ, როდესაც მესაკუთრეების თანხმობა არ არსებობს:

“ეჭვი ჩნდება, რომ საქმე გვაქვს მიწერილ და ფიქტიურ ამომრჩეველთან. ჩვენ მიერ ჩატარებული “კარდაკარის” შედეგების შეჯამების შემდეგ უნდა მოხდეს შედარება სახელმწიფო კომისიასთან. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არის განსხვავება, თუმცა დეტალებზე საუბარი შეგვეძლება მას შემდეგ, რაც გვექნება მათი სიები და მოხდება გადამოწმება”.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების გადამოწმების კუთხით რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობდა (მათ შორის, “ამომრჩეველთა ლიგა”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, კოალიცია “ქართული ოცნება”), თუმცა სიების გადამოწმებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხრიდან სპეციალურ კომისიას დაეკისრა, რომელიც  პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, 2011 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა და მას სათავეში ჩაუდგა ოპოზიციური პარტიის – “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე. კომისიის “კარდაკარის” პროექტში, რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა,  11 100 რეგისტრატორი მონაწილეობდა. კომისიის საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან  4 მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო.

 

“კარდაკარის” შედეგად დაზუსტებული სია კომისიამ ცესკოს უკვე გადასცა, თუმცა სიაში კორექტირების შეტანა 15 სექტემბრამდე ისევ გაგრძელდება.

მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ სია კონკრეტული მოქალაქეების, ამომრჩევლების განცხადებების საფუძველზე შესწორდება:

“ტყუილად ნურავის ექნება ილუზია, რომ “ქართული ოცნების” და “ამომრჩეველთა ლიგის” მოწერილობაზე ვინმე აღშფოთდება და სასწრაფოდ დაიწყებს სიაში კორექტირების შეტანას. თუკი მათ მოგვაწოდეს რეალური ფაქტები, კონკრეტული საქართველოს მოქალაქის განცხადება, რომელიც ოცნების ან ლიგის ორგანიზებით მოხვდება ჩვენთან, მე ვიძლევი პირობას, რომ გასწორდება, მაგრამ დოკუმენტი უნდა იყოს შექმნილი მოქალაქის და არა პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ,” – აცხადებს კაციტაძე.

ამომრჩეველთა ერთიანი სია საბოლოო სახით საუბნო საარჩევნო კომისიებს 29 სექტემბრისთვის გადაეცემა და, იმავდროულად, ეს სიები გამოიკვრება საუბნო კომისიების შენობებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი