2012.09.24

კურთხევით შეწყვეტილი პროტესტი

ვასო კუჭუხიძის სვეტი,

პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტების გახმაურების გამო საქართველოში აგორებული მასშტაბური საპროტესტო ტალღა სამოქალაქო საზოგადოების პირველი სერიოზული პასუხია წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ ჩადენილ უსამართლობებზე. საპროტესტო გამოსვლები არ იმართება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ორგანიზებით, მიმდინარეობს სერიოზული ექსცესების გარეშე და მიზნად არ ისახავს დესტაბილიზაციის გამოწვევას. შესაბამისად, ყველა სრულფასოვანი მოქალაქე, რომელსაც პროტესტი გაუჩნდა გავრცელებული ვიდეომასალის ხილვისას, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში, ან მინიმუმ სოლიდარობა გამოუცხადოს მას. ამ ყველაფრის ფონზე კი სასულიერო პირთა განცხადებებსა თუ ქმედებებს დესტრუქციული ელემენტები შეაქვს ჯანსაღ საპროტესტო მუხტში.

 

გასაგებია, რომ ეკლესია არ მიესალმება საპროტესტო აქციებს, მაგრამ აქტიურად მოწოდება მისი შეწყვეტის შესახებ საზოგადოების ერთ ნაწილს მართლა უბიძგებს გამოსვლების შეწყვეტისაკენ, მეორე ნაწილს კი საპატრიარქოს წინააღმდეგ განაწყობს. სიტუაციის ამგვარად განვითარება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში შედის. კრიზისის დროს მმართველი ელიტის არსენალში ყოველთვის წამყვანი ადგილი ეჭირა ყურადღების გადატანის მიზნით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირების გაღვივებას. საპატრიარქო კი ხელისუფლების ამ თამაშებში, ნებსით თუ უნებლიედ, თითქმის ყოველთვის გახვეული გამოდის. 

 

ტენდენცია არც ამჯერად დარღვეულა. საზარელი კადრების ხილვით აღშფოთებული და ქუჩაში გამოსული ხალხი იმდენად ძლიერ საპროტესტო ტალღად იქცა, რომ  რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე აპელირება ხელისუფლებას ამჯერად ფონს ვერ გაიყვანდა. რთულია, ვინმე შეაშინო რუსი სამხედროების მიერ გაუპატიურებული ბებოებით, როდესაც თავად აუპატიურებ ციხეებში საკუთარ მოქალაქეებს. შესაბამისად, არნახული მასშტაბის საზოგადოებრივ პროტესტში განხეთქილების შესატანად კვლავ ნაცნობი მეთოდი გამოიყენეს და ამით ცდილობენ ყურადღების გადატანას. შედეგად, სამოქალაქო საზოგადოება და ეკლესია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ერთმანეთის პირისპირ. ხელისუფლება და მისგან მართული სტუდენტური თვითმმართველობა კი სხვადასხვა პროვოკაციებით ცდილობენ მათ შორის ვითარების გამწვავებას. სწორედ ამ მიზნით იქმნება სოციალურ ქსელებში ჯგუფები - „არა პატრიარქის მოძულე ახალგაზრდებს“, „კიდე გიყვართ თქვენი პატრიარქი?“ და ა.შ.

 

საზოგადოების ნაწილი დააბნია პატრიარქის ქადაგებამაც, განსაკუთრებით კი მასში გამოყენებულმა ერთმა ფრაზამ: „მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება საქვეყნოდ არ გამოაქვთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ განმეორდეს“. პირველ რიგში, თუ მსგავსი ტიპის ქმედებები სხვა ქვეყნებშიც ხდება, ეს არანაირად არ ამართლებს ქართულ ციხეებში არსებულ წამება-გაუპატიურების შემთხვევებს. თუმცა საინტერესოა, რომელი ქვეყნები ჰქონდა პატრიარქს მხედველობაში. თუკი ის აბუ გრეიბს ან გუანტანამოს (აშშ) გულისხმობდა, მაშინ მას უნდა მოეხსენებოდეს, რომ ხალხს მისი დაფარვა არ უცდია. პატრიარქი კი სწორედ სამარცხვინო ფაქტების დაფარვისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. რაც შეეხება ხელისუფლებას, იგი საშინელი ქმედებების გასაიდუმლოებას პატრიარქის მოწოდების გარეშეც ახერხებდა 18 სექტემბრამდე.

 

მიუხედევად ზემოთ ხსენებულისა, ყველაფრის ხელისუფლების ბინძურ თამაშებსა და საპატრიარქოს შეცდომებზე გადაბრალება არ შეიძლება. სამოქალაქო საზოგადოება უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და არ უნდა ხდებოდეს სასულიერო პირების განცხადებებისათვის პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭება. აუცილებელია ეკლესიის დეპოლიტიზება. ეკლესია ის ინსტიტუტია, რომელიც პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, თუკი საქმე თეოკრატიულ სახელმწიფოსთან არ გვაქვს, მაგრამ საქართველოში ეკლესიისადმი ნდობა იმდენად მაღალია, რომ ყველა ძალა ცდილობს მის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას. ამის საშუალებას კი თავად იძლევა სახელმწიფოზე მიბმული ეკლესია და ნაკლებად სეკულარიზებული საზოგადოება.

 

პირველ რიგში, სასულიერო პირები თავად უნდა არიდებდნენ თავს პოლიტიკურ განცხადებებს. საპატრიარქოს საკმაოდ მაღალი ეშელონების წარმომადგენლები კი დაუფარავად მოუწოდებენ მრევლს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას. პატრიარქის სიმბოლური კაპიტალიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებიც ხშირად ცდილობენ ქულების დაწერას მის გვერდით გამოჩენით. ეს კი თავად ეკლესიის დისკრედიტაციას იწვევს და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის არაჯანსაღ გარემოს ქმნის. როგორ შეიძლება ყველა საპროტესტო გამოსვლის წინ ერი ელოდოს, თუ რას იტყვის პატრიარქი და ვის გვერდით გამოჩნდება იგი?! ან სადამდე შეიძლება გაგრძელდეს მისი კურთხევით გამართული  და დაშლილი აქციები?! სანამ ეკლესია იქნება პოლიტიზებული, მანამ ვერ შედგება ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება და გვეყოლება კურთხევით ლეგიტიმირებული პოლიტიკური რეჟიმები.

 

სახელმწიფო ბერკეტებიდან თავის დასაღწევად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ეკლესიის ფინანსური დამოუკიდებლობა. როდესაც ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხით ფინანსდება, ბუნებრივია, რომ მასზე დამოკიდებული ხდება და სახელმწიფოს „მითითებებისგან“ თავის არიდების ნაკლები საშუალება გააჩნია. თუმცა იმის მაგივრად, რომ წინ წავიდეთ და ეკლესიის ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ვიზრუნოთ, რაც მის დეპოლიტიზებას დიდწილად შეუწყობს ხელს, წინასაარჩევნოდ ქდმ პოპულისტური გათვლებით, თითქოსდა ეკლესიის სასარგებლოდ,  ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გაოთხმაგების მოთხოვნით გამოდის. რეალურად კი გაზრდილი დაფინანსება ეკლესიის სახელმწიფო მარწუხებში მოქცევას კიდევ უფრო მეტად  გამოიწვევს.

 

რაც შეეხება ეკლესიის ფინანსურ დამოუკიდებლობას, ამ მხრივ სამაგალითოა სკანდინავიური მოდელი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს საგადასახადო ანკეტაში შეუძლია, მიუთითოს - თანახმა არის თუ არა, ეკლესიის სასარგებლოდ გადაიხადოს გარკვეული რაოდენობის დამატებითი გადასახადი. ეს მეთოდი სასიკეთოა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, სახელმწიფოს როლი ეკლესიის დაფინანსებაში მხოლოდ მისთვის განკუთვნილი გადასახადის მოკრებით შემოიფარგლება. გარდა ამისა, ეს სისტემა საშუალებას აძლევს არამორწმუნე მოქალაქეს, არ გადაიხადოს მისთვის არასასურველი გადასახადი.

 

ამავდროულად, ეკლესიის დეპოლიტიზების მოთხოვნა არ ნიშნავს ფრანგული, ე.წ. იაკობინული ლაიციზმის დამკვიდრებას ქვეყანაში, რომელიც რელიგიის არა მარტო სახელმწიფოებრივი საქმიანობიდან, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნასაც გულისხმობს. საქართველოს შემთხვევაში ეს მოდელი არ იქნება მიზანშეწონილი, რადგანაც ისტორიულად ეკლესიას  ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის და დღესაც მიბმულია ქართულ ცნობიერებაზე. ჩვენთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ამერიკული ლაიციზმი, რომელიც შედარებით ლიბერალური მოდელია. ის მიზნად ისახავს რელიგიების სახელმწიფო ჩარევისგან დაცვას და სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირებისთვის ხელს უწყობს რწმენაზე დაფუძნებულ სოციალურ ინტერაქციას.