ახალი ამბები

ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა საქართველოზე

1 თებერვალი, 2012 • 1336
ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა საქართველოზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც საქართველოს ეხება, ყურადღება გამახვილებულია სამ ძირითად საკითხზე, ესენია: საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების (სასამართლოს) მდგომარეობა და ციხეებში არსებული პირობები.

დასკვნა ასევე ეხება საქართველოში მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხსა და პარლამენტის მიერ საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ მიღებულ კანონს, რომელსაც მიესალმებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო მონიტორინგის წარმომადგენლები.

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დასკვნაში მიმოხილულია 2010–2011 წლების პერიპეტიები, როდესაც 8 ოპოზიციური პარტიის მიერ გამოითქვა სურვილი და ერთობლივი წინადადება შემუშავდა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს მმართველ პარტიას აღნიშნულ მოლაპარაკებებში ჩართვისა და თანამშრომლობისკენ.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ შეთავაზებული წინადადება შეეხებოდა შერეული სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბას. ამ სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ორი სხვა­დას­ხვა წე­სით უნდა არ­ჩეულიყვნენ: პრო­პორ­ცი­უ­ლი სი­ე­ბით და რეგიონული პროპორციული სის­ტე­მით. ასევე, პარტიები მოითხოვდნენ ბიომეტრული პასპორტებით მომხდარიყო ხმის მიცემა, რათა გამორიცხულიყო არჩევნებზე გაყალბება და სხვადასხვა მანიპულაციები.

დასკვნაში ასევე აღნიშნული, რომ მმართველი პარტია არ დათანხმდა ამ შემოთავაზებას და წამოაყენა საკუთარი წინადადება, რომლის მიხედვითაც უნდა გაზრდილიყო მაჟორიტართა რაოდენობა პარლამენტში, ნაცვლად ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი რეგიონული პროპორციული საარჩევნო სისტემისა.

აღნისნულ საკითხზე ოპოზიცია კომპრომისზე წავიდა და იმისათვის, რომ განეახლებინა მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან, გადაწყვიტა მიეღო შემდეგნაირი შეთავაზება. ეს შეეხებოდა შერეული საარჩევნო სისტემის შექმნას, მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩევას. ასევე, ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარებისთვის 30– პროცენტიანი ბარიერის 50 პროცენტამდე გაზრდის საკითხს.

საპასუხოდ მმართველმა პარტიამ ახალი წინადადებები შეთავაზა ოპოზიციურ სპექტრს, ეს შეეხებოდა პარლამენტში 75 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის 107–მდე გაზრდას, ხოლო 75 მაჟორიტარის 83–მდე გაზრდას. აღნიშნული შეთავაზება “ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ” და “ახალმა მემარჯვენეებმა” მიიღეს, ხოლო დანარჩენმა 6–მა პარტიამ უარი განაცხადა მსგავს შეთავაზებაზე. დაირღვა ოპოზიციური პარტიების ერთიანობა, ხოლო “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტს განსახილველად ოფიციალურად წარუდგინა შეთავაზებები და გაუგზავნა ვენეციის კომისიას. ექვსი ოპოზიციური პარტიის კოალიცია განსხვავებული სტრატეგიების გამო 2011 წლის 5 ოქტომბერს დაიშალა.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ასამბლეის რჩევები ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ ვენეციის კომისიის ძველი რეკომენდაციები ნათლად აისახება ახალ საარჩევნო კოდექსში.

საარჩევნო კოდექსის დაწერა უნდა ეფუძნებოდეს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსს არჩევნებში დაინტერესებულ პირთა შორის. ეს აუცილებელია საარჩევნო სისტემაში საჯარო ნდობის უზრუნველყოფისთვის და არჩევნების ჩატარებისთვის.

თუმცა დასკვნის მე–14 პუნქტში გამოთქმულია ის შენიშვნები, რაც ასამბლეას პრობლემურად მიაჩნია არსებულ საარჩევნო სისტემაში.

„ვენეციის კომისიამ, ისევე როგორც ასამბლეამ, მკაცრად გააკრიტიკა ამჟამინდელ საარჩევნო სისტემაში არსებული განსხვავება მაჟორიტართა ამომრჩევლების რაოდენობაში. ეს განსხვავება ძლიერ აღემატება მაქსიმალურ დასაშვებ სხვაობას(10%–დან 15%–მდე) და ეწინააღმდეგება ყოველი ხმის თანაწონადობის პრინციპს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებებზე დაყრდნობით მიღებული საარჩევნო სისტემა ამ ნაკლოვანების აღმოფხვრისკენ საკმარისად მიმართული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ხელისუფლების არგუმენტი, რომ ამჟამინდელი რაიონული საზღვრები საჭიროა იმისათვის, რომ რეგიონალური უმცირესობები წარმოდგენილი იყვნენ პარლამენტში, ჩვენი აზრით, სუსტია. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოკლე ვადაში მოაგვაროს ეს საკითხი,” – ნათქვამია დასკვნაში.

თუმცა დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ პრობლემური საკითხის გარდა, ამჟამად შემოთავაზებული საარჩევნო კოდექსის პროექტი ადეკვატურია ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

დასკვნის მეორე ნაწილი ეხება საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობას. რომელთან დაკავშირებითაც ასამბლეას შენიშვნები აქვს.

„ასამბლეამ 1801 რეზოლუციაში შეშფოთება გამოთქვა მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, აგრეთვე, სანდო გამოძიებების ნაკლებობის გამო (ადამიანის უფლებათა მიხედვით) პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში. როგორც ანგარიშში აღვნიშნეთ, ეს კრიტიკული საკითხებია, რომლებიც პირდაპირ ეხება შესაძლებელ შერჩევით მართლმსაჯულებას, დაპატიმრებების განცხადებებს, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და მოსამართლეთა მიუკერძოებლობას.“ – ნათქვამია დასკვნაში.

თუმცა ასამბლეა ასევე აღნიშნავს, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება სასამართლოს რეფორმის კუთხით. მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები ძალიან ხშირად გვხვდება სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალში, სადაც სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს პირადი ინტერესი, თუმცა პრობლემები არ დაფიქსირებულა სამოქალაქო რეესტრთან დაკავშირებით.

დასკვნაში შეეშფოთებაა გამოხატული მსჯავრდებულთა არაბუნებრივად მაღალ პროცენტულ მაჩვენებელზეც.

„ჩვენი ბოლო რეზოლუციის შემდეგ მსჯავრდებულთა ისედაც არაბუნებრივად მაღალი პროცენტი 99.8%–დან 99.9%–მდე გაიზარდა. ის მოსაზრება, რომ ყოველივე ეს განპირობებულია მაღალი პოლიციური და საგამოძიებო სტანდარტებით, არცთუ სანდოდ გამოიყურება და სტრასბურგში, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ECtH მცდარ წარმოდგენადაა მიჩნეული. მარტივად რომ ვთქვათ, პიროვნება, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული, პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ დამნაშავედ იქნება ცნობილი. ეს ფაქტი განსაკუთრებით პრობლემურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოგვარებულ საქმეთა დიდი ნაწილი (გავრცელებული ინფორმაციით – 90%) სრულდება
საპროცესო გარიგებით,“ – აღნიშნულია დასკვნაში.

დასკვნაში დარღვევების კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი.

„ჩვენი ვიზიტის განმავლობაში მივიღეთ რამდენიმე ცნობა იმის შესახებ, რომ მოსამართლეები აკმაყოფილებენ ბრალდების შუამდგომლობას და არ ასაბუთებენ თავიანთ გადაწყვეტილებას და რომ ისინი ითვალისწინებენ და ეფუძნებიან პოლიციის ან პროკურორის მიერ წარმოდგენილ არასარწმუნო სამხილებს. მეტიც, მსგავსი სისტემა მიკერძოებულია ბრალდების სასარგებლოდ. მაგალითად, ჩვენ შევიტყვეთ, რომ გამოძიებისას შემოსავლების სამსახურს შეუძლია შეაჩეროს ნებისმიერი კომპანიის აქტივები ერთი თვის განმავლობაში, სასამართლო დადგენილების გარეშე. აგრეთვე, გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ახლახან დამტკიცებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სასამართლოს მცირედი მეთვალყურეობის ქვეშ უსასრულო დროის განმავლობაში აწარმოოს მსჯავრდებულთა საბანკო ანგარიშების მონიტორინგი.

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გადადგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი, რათა აღმოფხვრას ეს პრობლემები, მოსამართლეთა დამატებითი ტრენინგების და საქართველოში არსებული ადვოკატურის გაძლიერების ჩათვლით. ამასთან ერთად, იმისათვის, რომ გაგრძელდეს საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლება, მნიშვნელოვანია ხელისუფლების სრული გამჭვირვალობა საზოგადოებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით,” – წერია დასკვნში.

დასკვნა ასევე ეხება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის, თომას ჰამარბერგის საქართველოში 2011 წლის აპრილში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს, სადაც კომისარმა წუხილი გამოთქვა მართლმსაჯულების, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გამოწვევების და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებასთან დაკავშირებით.

“ბრალდებას კვლავ დომინანტური პოზიცია უკავია სასამართლო სისტემაში. მეტიც, მიუხედავად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებისა, მისი აზრით, სასამართლო სისტემა მაინც ავლენს გაუწონასწორებლობას ბრალდების სასარგებლოდ. ამ მხრივ, კომისარმა წუხილი გამოთქვა სანდო წყაროებზე დაყრდნობით მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ ხდებოდა ხალხის სასამართლო დევნა და მათთვის განაჩენის გამოტანა, მიუხედავად გამოძიებაში არსებული პროცედურული დარღვევებისა, ან საეჭვო სამხილებზე დაყრდნობით. ამასთან ერთად, მან შეშფოთება გამოთქვა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებთან დაკავშირებით იურისტებზე განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის ფაქტების გამო. ჩვენი დასკვნების მსგავსად, მან, აგრეთვე, აღნიშნა ეფექტიანი გამოძიების არარსებობის პრობლემა სამართალდამცველ მაღალჩინოსანთა საქმეებში ან სხვა (პოლიტიკურად) მგრძნობიარე საქმეებში, და წუხილი გამოთქვა ამის შედეგად მიღებული დაუსჯელობის სინდრომის გამო,“ – აღნიშნულია დასკვნაში.

ამასთან ერთად, დასკვნაში კიდევ ერთხელ არის მოხსენიებული გირგვლიანის საქმე, 26 მაისის მიტინგის დაშლა და ციხეებში არსებული მდგომარეობა.

გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით კომისია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, თუ როგორ მოქმედებს ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, შიდა სასამართლოები, საქართველოს პრეზიდენტი, რომ მოხდეს მართლმსაჯლების თავიდან აცილება ამ საზარელი მკვლელობის გამო.

როგორც დასკვნიდან ხდება ცნობილი, მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნენ და ბათუმის ციხის მაგალითზე აღნიშნავენ, რომ გადატვირთულობა სერიოზული პრობლემაა.

“ხელისუფლება კარგად აცნობიერებს ბათუმის ციხეში არსებულ მძიმე მდგომარეობას. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოსა და ევროსაბჭოს განვითარების ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ახალი ციხის მშენებლობა  2013/2014 წლებში დასრულდება,” – ნათქვამია დასკვნაში.

სრულიად საპირისპირო ვითარებაზე საუბრობენ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორის შესახებ კომიტეტის წევრები. მათი შეფასებით, აღნიშნულ დაწესებულებაში მდგომაეობა ბრწყინვალეა და თან ხელისუფლების დაპირებაც მოჰყავთ, რომ მსგავსი პირობები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. ისინი ამ საკითხზე შეხვდნენ საქართველოს ომბუდსმენსაც, რომლის განცხადებითაც, პენიტენციალურ დაწესებულებებში კვლავ რჩება სერიოზულ პრობლემად პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და არაადეკვატური ჯანდაცვის ობიექტები.

დასკვნის ბოლო თავები ეხება საქართველოში მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხს.

“რეინტეგრციის სამინისტროში გვაცნობეს, რომ შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელსაც მესხეთის წარმომადგენლები უდგანან სათავეში. ისინი განიხილავენ იმ პირთა  მოთხოვნებს რეპატრიაციის  შესახებ, რომელთაც დოკუმენტური მტკიცებულებებით შეუძლიათ დაადასტურონ მათი ოჯახის დეპორტაციის შესახებ. 2011 წლის პირველი დეკემბრისთვის რეპატრიაციის მსურველთა განცხადებები 199–ით განისაზღვრა. თუმცა ჯერ არ განხორცილებულა ვინმეს რეპატრიაცია,” – აღნიშნულია დასკვნაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში [თბილისი-ბათუმი] მდგომარეობას 2011 წლის 11-14 ოქტომბერს სწავლობდნენ, ხოლო ანგარიში 2012 წლის 26 იანვარს გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი