2012.09.03

მოქალაქე კაენი და მოქალაქე აბელი

ალექს ჩიღვინაძის სვეტი,

„მაგალითად, როცა გეხები ნეიროტრანსმიტერული აგენტები შეხების ადგილიდან იწყებენ მომენტალურად მესიჯის გადაცემას და მიაქვთ ბოლოს ტვინამდე.“

"მოქალაქე კაენმა სიცოცხლეს გამოასალმა მოქალაქე აბელი. მოქალაქე კაენი ამტკიცებს, რომ მოქალაქე აბელმა უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი.
 
 
ამხანაგმა აბელმა სიტყვით მიმართა ამხანაგ კაენს, რის შემდეგაც ამხანაგმა კაენმა ვეღარ მოთოკა ემოციები და ძლიერ შეეჭმუხნა სახე.
 
 
დახურული წყაროს ცნობით აბელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იყო და მისი საფლავი პატიოსანი მოქალაქეების ჯიბესავით ცარიელია. 
მოქალაქე კაენმა არ აღიარა თავისი დანაშაული: არ ვიცი. განა, ჩემი ძმის მცველი ვარ მე? - განაცხადა მან.
 
 
მოქალაქე კაენმა უთხრა აბელს, გავიდეთ ხეობაში. ხეობაში ყოფნისას აღდგა კაენი აბელის, თავისი ძმის წინააღმდეგ და მოკლა იგი.
უფალი მოძრაობდა თავის კვადრატში, როცა შეამჩნია მოქალაქე კაენი და ჰკითხა: რა ქენი? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მე მიწიდან.
 
მოქალაქე კაენმა უპასუხა უფალს: უფრო დიდია ჩემი დანაშაული, ვიდრე მომეტევება მე."
 

ალექს ჩიღვინაძე

ალექს ჩიღვინაძე

არჩევნები შემოსულა, ლენ. რია-რია აუტეხავთ პარტიულ ჩიტებს. თან ისეთი რია-რია აუტეხავთ, რომ სხვა ყველაფერი გადაუფარავთ. ჩამომსხდარან თავიანთი ტოტემებზე და ჟივჟივებენ.

 

საკმარისია, 2 წუთით შეხედო ტელევიზორს და ტვინში იმდენი ნაგავი ასწრებს დაგროვებას, რომ თბილისის ქუჩები მონაგონია. საკმარისია 2 წუთი დაელაპარაკო ნაცნობს, რომ თქვენ უკვე პოლიტიკაზე იწყებთ კამათს, ვარაუდების გამოთქმას. როგორც არ უნდა ეცადო, რომ დაბლოკო ინფორმაცია, ის მაინც აღწევს, მართალია შეიძლება ტყუილ-მართალში ვერ გაერკვე, მაგრამ ეგ არაფერი. მაგალითად, არარსებული ქალაქის, ლაზიკას მერიის გახსნის შესახებ განცხადება, რითი ჩამოუვარდება ორსონ უელსის დეზინფორმაციას უცხოპლანეტელების შემოჭრის შესახებ. მე თუ მკითხავთ გაცილებით დიდი აბსურდია.

 

ან თუნდაც ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია. ერთადერთი ის ვიცით, რომ რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა და რომ სადღაც მოთქვამენ, რომ სადღაც მომლოდინე, ცარიელი საფლავებია, იმ შემთხვევაში თუ ისინი საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდებიან.

 

საითკენაც არ უნდა გაიხედო, სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩარგვა რომც მოგინდეს, შენთან აუცილებლად ჩამოვა თხუნელას ფორმაში გამოწყობილი პოლიტ-აქტივისტი ან რეალ-თივის ჟურნალისტი ხელს შეგიშლის. ყველაფერი აზრისგან დაცლილი, სასტიკი, სისხლიანი, მერკანტილური, პრიმიტიული ამბებით არის გაჯერებული.

 

“აფეთქება წარსულიდან” - გემახსოვრებათ ეს ფილმი. ქრისტოფერ უოქენის გმირი რომ თავშესაფარს აშენებს ატომური ომის საფრთხის გამო და ოჯახთან ერთად “დაიკონსერვებს” თავს. წლების მერე მთავარი გმირი ზედაპირზე ამოვა და ქუჩაში გაისერინებს: ტრანსექსუალი პრასტიტუტკა ტყავის ფლეიტაზე ვალსის დაკვრას სთავაზობს, გეტოს შვილები მოხტუნავე მანქანებიდან იარაღს უმიზნებენ, პორნო კინოთეატრის სააქტო დარბაზს ხმაურიანი კვნესა აყრუებს და ჰგონია რომ ატომური ომი მაინც მოხდა და ადამიანები მუტანტებად გადაიქცნენ, ამიტომ თავშესაფარში ბრუნდება და კარს ისევ საიმედოდ ჩარაზავს.

 

რაღაც ასეთი თავშესაფარია საჭირო საქართველოში თუ ცხოვრობ. რადგან რადიაციის საფრთხეს არაფრით ჩამოუვარდება ის, რაც ხდება. ისე საინტერესოა, რა დავგხვდება ასეთი თავშესაფრიდან ამოსულებს? მგონი არაფერი შეიცვლება. ეს ადამიანები ახლა წინასაარჩევნოდ ქვებით რომ უჩეჩქვავენ ერთმანეთს თავებს, უყადაღებენ, სიბინძურეს იგონებენ, ქექავენ და ჩხრეკენ. ცოტა ხანში ისევ ერთ სუფრას  მიუსხდებიან და დალევენ ღვინით სავსე ზორბა ფიალებს. ვეჭვობ, რომ კომფორტულადაც კი გრძნობენ თავს, ამ კალაპოტშეცვლილ და ბინძურ მდინარე-ქვეყანაში, თავისუფალი, „მშვიდი ცურვისთვის“ ადგილი არ რჩება. 

 

რა უნდა ვქნათ, როცა ასეთი თავშესაფარიც არ გვაქვს და არსებული გარემოც ბოლომდე „გვერჩის“... აზრის გამოთქმას, გადათამაშებას აპირებ, ჩერდები, ეჭვობ, რომ იქნებ არ არის მართალი, რასაც ამბობ, იქნებ სულ ტყუილად იბრძვი, ერთ ადგილს ათამაშებ... რომ არსებოს ბევრად უფრო ნატიფი დეტალები, რომელიც სულ სხვა სურათს ხატავს, იმ სურათს რისთვისაც არსებობ, რომელიც დაგავიწყდა. და ეს მაშინ როცა გარშემო ყველა რაღაცას ამტკიცებს, ყველამ ზუსტად იცის ვინ არის ღმერთი, რა სჭირდება, ვინ გადაარჩენს ქვეყანას, ყველა დარწმუნებულია რაღაცაში და ცდილობენ შენც დაგარწმუნონ. მაგრამ პარტიულო-ჩიტუნებო, მონსტრო-მინისტრებო, გულანთებულო პატრიოტებო, გულმხურვალე მრევლო, მე ერთი ეჭვიანი ვირი ვარ, პასუხისმგებლობის გრძობით.

 

და მაწუხებს ის რომ არსებობისთვის - ნორმალური კი არა, ელემენტარული პირობებიც არ გვაქვს. არადა, განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ გჭირდება დააგემოვნო დრო, იმოგზაურო, ისწავლო, იკვლიო, გემრიელი საჭმელი მიირთვა, საინტერესო ადამიანები მიირთვა, თანაუგრძნო, დავალებულად იგრძნო თავი და მადლობის ღირსეულად გადახდა შეგეძლოს. ეს არის და ეს.