ახალი ამბები

საქართველოს პრემიერი ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება

22 მარტი, 2014 • • 1007
საქართველოს პრემიერი ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება

სამიტზე 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები არიან მიწვეული, ასევე, ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 5 ათასზე მეტი დელეგატი ჰყავს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და ევროკომისიის პრეზიდენტი მანუელ ბაროზო. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვა და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში. 


სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, ევროპის პარლამენტის წევრებთან,  «Liberal international”-ის პრეზიდენტ ჰანს ვან ბაალენთან, ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტ მიშელ ტემერთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რასოისთან, შვეიცარიის პრეზიდენტ დიდიერ ბულხალტერთან, დანიის პრემიერ-მინისტრ ჰელე ტორნინგ-შმიდტთან, კანადის პრემიერ-მინისტრ შტეფან ჰარპერთან, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან. 


საქართველოს მთავრობის მეთაური ნიდერლანდების მეფის, უილემ ალექსანდერის მიერ გამართულ მიღებასა და სამუშაო სადილსაც დაესწრება. 


ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს 6-კაციანი დელეგაცია მიემგზავრება, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. 


ბირთვული უსაფრთხოების გლობალური ფორუმის იდეა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკუთვნის. პირველი სამიტი 2010 წლის 12–13 აპრილს – ვაშინგტონში, მეორე კი 2012 წელს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი