ახალი ამბები

ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი სარფში ჩამოვიდა

6 მარტი, 2014 • 1771
ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი სარფში ჩამოვიდა

 

 

საქმის მასალების მიხედვით, დავით ხალვაშს ბრალად ედება 2004 წელს აქციების დარბევის ორგანიზება-მონაწილეობა (მათ შორის იმ აქციის დარბევა, რასაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის – ვალტერ შვიმერის ბათუმში ვიზიტი დაემთხვა).

დავით ხალვაში ასლან აბაშიძის ხელისუფლების კიდევ ერთ ჩინოვნიკთან – დავით ბაკურიძესთან ერთად ბრალადებულია ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებაში, მისთვის 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებისა და ასევე ფულის გამოძალვაში. მას სახელმწიფო ასევე ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას. დავით ხალვაში ფიგურირებს იმ სისხლის სამართლის საქმეშიც, რომელიც ასლან აბაშიძის წინააღმდეგ არის აღძრული.

 

„ბათუმელების“ ჟურნალუსტის ინფორმაციით, რომელიც ამჟამად სარფის საბაჟო გამსვლელ პუნქტთან იმყოფება, ტერიტორიაზე სამართალდამცავებისა და ავტოტრანსპორტის მობილიზება შეინიშნება. დავით ხალვაშს, სავარაუდოდ, საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ. 

დავით ხალვაშზე ძებნა 2004 წელს გამოცხადდა. დავით ხალვაში „აჭარის ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ასლან აბაშიძესთან ერთად წავიდა მოსკოვში.

გასულ კვირას ბათუმში დაბრუნდა ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძეც. გიორგი აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი