ახალი ამბები

სახალხო დამცველის ოფისი პატიმრის მკვლელობის ფაქტს სწავლობს

5 მარტი, 2014 • • 1038
სახალხო დამცველის ოფისი პატიმრის მკვლელობის ფაქტს სწავლობს

ნანუაშვილი ამბობს, რომ მისი წარმომადგენლები ესაუბრნენ მსჯავრდებულებსა და ციხის ადმინისტრაციას, რათა შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიპოვონ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა გამოიძონ ის ვერსიაც, რომ მსჯავრდებულებს შორის იყო დაპირისპირება.

 

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა 4 მარტს დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვლა. სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ პატიმრებს შორის კონფლიქტი მოხდა და გარდაცვლილს თავისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

 

სახალხო დამცველი შეფასებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც მისი მონიტორები საკითხის შესახებ სრულ ინფორმაციას მოიპოვებენ. 

 

“მაგრამ ერთი რამ, რაც ჩემთვის ცხადია, არის ის, რომ უფრო მეტი რამ არის გასაკეთებელი პრევენციის მიმართულებით, რათა აღიკვეთოს მსგავისი ინციდენტები. უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება  და დაისაჯონ ის პირები, რომლებიც არიან ამ ინციდენტის უკან”,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

 

უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გეგუთის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების არაერთი შემთხვევა მოხდა, რის წინააღმდეგ სამინისტრომ ეფექტური მექანიზმი უნდა შექმნას. 

 

გეგუთის კოლონიაში 2013 წლის 23 მაისს ასევე გარდაიცვალა ლევან კორტავაც, რომლის მკვლელობის საქმე პროკურატურამ 2 აგვისტოს გახსნილად გამოაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, ლევან კორტავასა და სხვა მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ კოლონიის უსაფრთხოების ინსპექტორმა სხვა მსჯავდებულს კორტავასთან საქმის გარკვევა დაავალა. 

 

კორტავას გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პირი, მათ შორის მსჯავდებულები და გეგუთის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები, დააკავეს. 

 

გეგუთის ციხის პატიმარმა 2013 წლის 10 დეკემბერს თავი მოიკლა. სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტებით, მსჯავრდებული ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა

 

2014 წლის 4 მარტს პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე, ასევე, მიმდინარეობს პროკურატურის გამოძიება. სახალხო დამცველი ყურადღბას ამახვილებს იმაზე, რომ ციხის ადმინისტრაციამაც უნდა მოახდინოს რეაგირება და მან განახორციელოს დროული გამოძიება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი